Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

00:09 17.04.2018
„ნუ დაატარებთ მკვლელების ოჯახის წევრებს, მითუმეტეს, შვილებს სხვადასხვა გადაცემაში - რა უნდა თქვან, რომ სადისტი გარეწარია მათი მამა?!“

სამართლის სპეციალისტი გვანცა ყუფარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ბარნობის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის ასპექტებს განიხილავს:

 

„ნუ დაატარებთ მკვლელების (მკვლელობაში ბრალდებულის) ოჯახის წევრებს და მითუმეტეს შვილებს სხვადასხვა გადაცემებში. რას ელით მათგან? რა უნდა თქვან, რომ სადისტი გარეწარია მათი მამა?! ძალიან პატიოსანი უნდა იყოს ადამიანი, გამორჩეულად გაბძაფრებული სინდისის გრძნობით და არაადამიანური სიძლიერით, რომ ეს შეძლოს. ყველა თვისების არსებობა ერდროულად არის საჭირო, თანაბარი ხარისხით. სამწუხაროდ, ზოგადად ადამიანები წმინდანები არ ვართ. ტრაგიკულად დაღუპული პიროვნება ჯერ დაკრძალული არ არის. არავინ არ უარყოფს იმას, რომ კონკრეტულ ვითარებაში ეს მკვლელობა ჩადენილია კონკრეტული პირის მიერ და თქვენ ამ ადამიანის შვილებს გადაცემიდან-გადაცემაში დაატარებთ. ეცით პატივი მსხვერპლის ფენომენს. პარალელურად ნურც იმ ადამიანებს გაანადგურებთ მორალურად, რომლებსაც არ ჩაუდენიათ ეს დანაშაული. შვილობა არ არის დანაშაული! ისევე, როგორც ინდულგენცია.

მკვლელობის ჩამდენი პირის - მკვლელობაში ბრალდებულის შვილები ბრალს სდებენ მოკლულის დედას, რომელიც მათი მამის მხრიდან არა ერთხელ ყოფილა ძალადობის მსხვერპლი. ეს არის მარაზმი! ამ მარაზმის ტრანსლირებაში დამნაშავეები არიან ის ადამიანები, ვინც ამ ხალხს გადაცემებში იწვევს. გარდაცვლილი ჯერ დაკრძალული არ არის და საპასუხო ბრალდებების გამჟღერებლებზე ნადირობა არის ძალიან გამაღიზიანებელი და არასწორი საქციელი! შვილს ვერ მოთხოვ, რომ მამას უწოდოს გარეწარი. მედიას მოეთხოვება იმდენი პასუხისმგებლობა, რომ კონკრეტული ტრაგედიის ავტორის შვილებს არ ალანძღინოს გარდაცვლილის დედა.

არ იფიქროთ, რომ მხოლოდ მედიის პასუხისმგებლობას ვხედავ ამ საქმეში. მეცნიერულად დასამუშავებელია ვადამდელი გათავისუფლების მექანიზმების ხარვეზები, ისევე როგორც არა ერთი სხვა საკითხი ამ ჭრილში, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ეს ტრაგედია კონკრეტული კომისიის შეცდომის შედეგიც არის, რაც მათ წინასწარ ვერ განსაზღვრეს. ამ ვითარებაში კი ყველასთვის აღქმადი და ნათელია, რომ ,,მკვლელის შვილებზე" საინფორმაციო ნადირობა არის მიუღებელი.

იმედია, ეს ტრაგედია ყველას რაღაცას გვასწავლის და დაგვანახებს, კიდევ ერთხელ. მათ შორის იმასაც, რომ ფარატინა ფურცლით ვერ დაიცავ უმწეო ადამიანს. გაითვალისწინეთ, რომ უმწეოა ყველა ადამიანი, რომელიც კანონმორჩილია და პირისპირ რჩება იმ ადამიანთან, რომელსაც შეუძლია კანონის დარღვევა, სამართალდამცავები კი რატომღაც ყოველთვის იგვიანებენ. არა იმიტომ რომ ეს ვინმეს უნდა, უბრალოდ იმიტომ რომ ცვლილებებია საჭირო ამ ტიპის დანაშაულობების საგამოძიებო ტაქტიკასთან და პროცესუალური რეაგირების გაწერის მექანიზმთან დაკავშირებით. ეს უკანასკნელი კი არასდროს ყოფილა იმაზე კარგ მდგომარეობაში, ვიდრე დღეს არის და არც არასდროს შეუწუხებია თავი ვინმეს იმაზე ფიქრით, რომ მიდგომები დამუშავებულიყო.

რაც ყველაზე ნიშანდობლივია, პოლიტკოსების და სხვადასხვა თემით ანგაჟირებული პირების სპეკულაციის საგანი რომ ხდება ეს საკითხი, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ჩვენ ყველას, მხოლოდ ჩვენი თავი გვადარდებს და არა ადამიანის ტრაგედია,რომელიც უკვე იქცა ადამიანობის ტრაგედიად“, წერს გვანცა ყუფარაძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge