Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

20:50 16.04.2018
„კრიტიკული პოზიციის გამო, ზოგიერთი გავლენიანი ბანკირი ხელისუფლებისგან მოითხოვდა, ჩემთვის არ მოეცათ საქართველოში დაბრუნების უფლება“

„ეჭვიც არ მეპარება, რომ მთავრობის და ფინანსთა სამინისტროს ამ ინიციატივას ბევრი მოწინააღმდეგე გაუჩნდება და მოიძებნება როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი ქმედებები, რომ ხელი შეუშალონ ამ კარგ წამოწყებას „-ასე ეხმაურება ფინანსისტი თემურ ბასილია გუშინ ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებული ბანკები ეკონომიკის მამოძრავებელი ძალის ფუნქციას არ ასრულებენ.

 

მისი განცხადებით, ზოგადად, ფინანსთა მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას მიესალმება და მასში პოზიტიური იდეების და ნაბიჯების გადადგმის მცდელობას ხედავს. ბასილიას განცხადებით, ყველა კარგ იდეას, ყველა კარგ ბიზნეს იდეას მხარდაჭერა და დახმარება სჭირდება და თუ მთავრობა ამ მიმართულებით გადადგამს ნაბიჯებს, ეს მხოლოდ და მხოლოდ კარგად შეიძლება შეფასდეს.

 

„ამასთან, ბუნებრივია, პრესაში გამოქვეყნებული მასალა არ არის სრული, იმისათვის რომ ამ იდეის და წინადადებების დეტალებში კარგად გავერკვეთ. იმედია, მალე გამოქვეყნდება დეტალური სამოქმედო გეგმა და უფრო მეტის თქმა შეგვეძლება. რა თქმა უნდა, საბანკო სისტემაში არსებული ფულადი რესურსი საკმაოდ ძვირია და აქედან გამომდინარე, მხოლოდ ბანკის კრედიტით ბიზნესის, განსაკუთრებით სამეწარმეო სფეროში ბიზნესის დაწყება ძალიან რთულია. ამ მიმართულებით თუ გადაიდგმება ნაბიჯები, ნამდვილად კარგი იქნება“-აცხადებს ბასილია.

 

კითხვაზე,რატომ დუმდა მთავრობა და რატომ მისცა ბანკებს ეკონომიკის დამუხრუჭების საშუალება, ბასილია განმარტავს, რომ  მთავრობა ვერ ჩაერევა ეროვნული ბანკის საქმიანობაში. ამიტომ, როდესაც საბანკო სექტორში მიმდინარე პროცესები არ მოგვწონს, სწორ ადრესატს უნდა მივმართოთ - ეს კი  საქართველოს ეროვნული ბანკია.

 

„ერთ-ერთი იმ მცრე გამონაკლისთაგანი ვარ, ვინც საბანკო სექტორის მიმართ საკმაოდ კრიტიკულ დამოკიდებულებას გამოვხატავდი 4-5 წელიწადია, თუ მეტი არა. ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საბანკო სექტორის მარეგულირებელი ორგანო არის ეროვნული ბანკი, რომელიც სამწუხაროდ, ვერ დგას მოწოდების სიმაღლეზე და სრულფასოვნად და სრულყოფილად ვერ ასრულებს საბანკო ზედამხედველობისა და საბანკო სექტორის მარეგულირებელ ფუნქციას. ყველაზე სწორი იქნება, ამ კითხვებზე ეროვნულმა ბანკმა გასცეს პასუხი.

 

მალე 14 წელი გახდება რაც საქართველოში არ ვყოფილვარ და ამიტომაც, არ ვიცი კულუარებში რა ხდებოდა: შესაძლოა იყო კიდეც ასეთ მწვავე თემებზე საუბრები დახურულ კარს მიღმა ... თუმცა, ჩემთვის ცნობილია, რომ საბანკო სფეროს მიმართ ჩემი კრიტიკული დამოკიდებულების გამო, ამ სექტორის ზოგიერთი გავლენიანი წარმომადგენელი ხელისუფლებისგან მოითხოვდა, რომ ჩემთვის არ მოეცათ საქართველოში დაბრუნების უფლება . და, ეს სულ რამდენიმე თვის წინ ხდებოდა .

 

პირდაპირ მოითხოვდნენ, რომ სასამართლოს შეეწყვიტა სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩემზე შეკერილი საქმის გადახედვა ... ამით იმის თქმა მინდა, რომ საბანკო სექტორი და პირველი რიგში, ორი ბანკი საკმაოდ სერიოზულ დაჯგუფებად ჩამოყალიბდა, რომელსაც შეუძლია გავლენის მოხდენა, არა მხოლოდ ეკონომიკაზე, არამედ, პოლიტიკაზეც .  მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ფინანსთა მინისტრმა, რომელმაც გამოხატა მთავრობის პოზიცია საკმაოდ გაბედული ნაბიჯი გადადგა, რაც დასაფასებელია“-აცხადებს ბასილია.

 

 „კომერსანტის“ კითხვაზე,  ხომ არ არის ეს   პოლიტიკური ქულების ჩასაწერად გაკეთებული განცხადება, ბასილია აღნიშნავს, რომ  აქვს ეჭვი, რომ  მთავრობის და ფინანსთა სამინისტროს ამ ინიციატივას ბევრი მოწინააღმდეგე გაუჩნდება და მოიძებნება როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი ქმედებები, რომ ხელი შეუშალონ ამ კარგ წამოწყებას.

 

„ორი წლის წინ  ვამბობდი, რომ ორი ბანკის აქტივები აღემატება ბიძინა ივანიშვილის აქტივებს ... მე მგონი, გასაგებია, ეს  რასაც ნიშნავს. არ არის ყველაფერი ისე მარტივად, როგორც ეს შესაძლოა, ერთი შეხედვით ჩანდეს“- აცხადებს ბასილია.

 

 

„კომერსანტი“

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge