Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

17:28 16.04.2018
პრეზიდენტმა ძალადობის ფაქტებზე მსჯავრდებული პირების შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება შეაჩერა

გიორგი მარგველაშვილმა ძალადობის ფაქტებზე მსჯავრდებული პირების შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება შეაჩერა.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა, რამდენიმე დღის წინ, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამო მიიღო, რომელშიც ეჭვმიტანილი სასჯელაღსრულების სამინისტროს დოკუმენტაციის საფუძველზე შეწყალებული პირია.

 

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა, ძალიან მძიმე გადასატანია ყოველი ასეთი შემაძრწუნებელი ძალადობის ფაქტი. კიდევ უფრო მეტად მძიმეა ეს მოვლენა, იქედან გამომდინარე, რომ ამ დანაშაულში ეჭვმიტანილი შეწყალებულია.

 

"უაღრესად მძიმედ აღვიქვამთ როგორც ამ მოვლენას, ასევე იმ ფაქტს, რომ ასეთ დანაშაულში ბრალდებული ადამიანის მიმართ, ჩვენ შეწყალების მოტივაცია გაგვიჩნდა. ეს ნათლად ასახავს იმ საჭიროებას, რომ ჩვენ კიდევ უფრო ღრმად ჩავუღრმავდეთ ყველა პროცედურულ დეტალს, რის საფუძველზე ვიღებთ გადაწყვეტილებას.


დროებით ვწყვეტთ ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებაში შეწყალების აქტების გამოცემას, მანამ სანამ არ გავივლით კონსულტაციას შეწყალების პროცესის ყველა აქტორთან, რომელიც მოიცავს არამარტო სახელმწიფო უწყებებს, ვინც ჩვენ გვაძლევს დახასიათებებს, არამედ მოიცავს იმ ჯგუფებს, რომლებიც სპეციფიურად ძალადობაზე და ქალთა მიმართ ძალადობაზე მუშაობენ. შესაძლოა, მათ მოგვცენ უფრო მეტი დაკონკრეტებული რჩევა ამ თემების გააზრებასთან დაკავშირებით. მხოლოდ ამის შემდეგ აღადგენს კომისია გადაწყვეტილების მიღების პროცესს ძალადობრივ დანაშაულებებთან მიმართებაში",- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

პრეზიდენტმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების კითხვებსა და რეაქციას სრულიად ლეგიტიმური უწოდა და განაცხადა, რომ მზადაა ნებისმიერ კითხვას პასუხი გასცეს.

 

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, 2014 წლის აგვისტოში, ამ შემთხვევაში, ეჭვმიტანილმა, მაშინ მსჯავრდებულმა, ჩაიდინა ძალადობის აქტი თვისი მეუღლის მიმართ. თუმცა, მაშინ ეს ადამიანი არ იყო დაპატიმრებული და მხოლოდ ოთხთვენახევრის შემდეგ, დეკემბერში ჩადენილი ავარიის გამო დააპატიმრეს, შემდეგ კი, ამ ორივე დანაშაულზე მას მიესაჯა სასჯელი.

 

"მან ერთხელ მიმართა შეწყალების კომისიას და მისი თხოვნა უარყოფილ იქნა. მეორე მიმართვის დროს, კომისიაში შესული იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი საბუთი, რომელთაგანაც, პირველ რიგში, აღსანიშნავია სასჯელაღსრულების ცნობა, რომელიც ფსიქოლოგის დადებით დასკვნას, სოციალური მუშაკის დადებით დასკვნას, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორის დადებით დასკვნას და აგრეთვე, სამედიცინო ცნობას ეფუძნება, რომელშიც არ არის მითითებული, რაიმე სულიერი აშლილობის თაობაზე.


საქმეს თან ერთვოდა მსჯავრდებულის აღიარება და იმ ფაქტის აღწერა, რომ იგი 4 შვილის მამა იყო. ასევე, ამ თხოვნას თან ერთვოდა ოჯახის გამოხატული სურვილი ბრალდებულის გათავისუფლების თაობაზე და ეს ერთადერთი დეტალია, რომელშიც ჩვენ მეტ კონკრეტიკას ვერ მოგაწოდებთ ამ ინფორმაციის პიროვნული ხასიათიდან გამომდინარე.


კომისიამ მომმართა ამ პირის სრული გათავისუფლების თაობაზე. მე მას სასჯელი მხოლოდ გავუნახევრე და რომც არ გამენახევრებინა მისი სასჯელი და ის 6, თუ 7 თვე არ მომეკლო, ამ შემთხვევამდე ბრალდებულს უკვე კალენდარულად ექნებოდა მოხდილი სასჯელი", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და ჟურნალისტებს ის ინფორმაცია მიაწოდა, რომლისგანაც შედგებოდა საკითხზე გადაწყვეტილების მიღება.

 

პრეზიდენტის განცხადებით, აქ საუბარია მსჯავრდებულის უაღრესად დადებით დახასიათებაზე.

 

"თუკი, პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების კომისიას ჰქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ეს პიროვნება ასე უარყოფითად ხასიათდებოდა, რატომ არ გვქონდა ეს იფნორმაცია ჩვენ? ანუ, რატომ გვქონდა ჩვენ დადებითი დასკვნა და თურმე პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების კომისიას ჰქონდა უარყოფითი დასკვნა?


ჩვენ ხომ ვემყარებით იმ წყაროებს, რომლებსაც ლეგიტიმურად უნდა ვემყარებოდეთ. ფსიქოლოგის დასკვნას, სოციალური მუშაკის, ადმინისტრაციის დასკვნას.


თუ ამ პიროვნების თაობაზე, ის რომ, უარყოფითად ხასიათდებოდა იცოდა პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების კომისიამ, რატომ დაუმალეს შეწყალების კომისიას ეს ინფორმაცია?" - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

როგორც პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა, მას ესმის ის მძიმე მდგომარეობა, რომელშიც შსს იმყოფება.

 

"მესმის, რომ მათ აქვთ მცდელობა, ეს პასუხისმგებლობა გადაიტანონ შეწყალების პროცესზე მიუხედავად იმისა, რომ კავშირი დანაშაულის ჩადენასა და ექვსი თვის მოკლებას შორის არ არსებობს, მაგრამ მათ წინაშეც რთული კითხვებია.


მე არა ერთხელ შემიქია შსს იმ ყურადღებასთან დაკავშირებით, რომელსაც ის იჩენს სწორედ ოჯახური ძალადობის მიმართ. სულ ცოტა ხნის წინ, მე რამდენიმე წევრი დავაჯილდოვე კიდეც და ხაზს ვუსვამ რომ შსს ამ მიმართულებით კარგად მუშაობს, მაგრამ კონკრეტულად ამ შემთხვევაზე, ჯერ კიდევ 2014 წლის აგვისტოში, რომ იყო ჩადენილი ძალადობრივი დანაშაული, ეს ადამიანი ამის გამო არ იყო დაკავებული, ოთხთვენახევარი გარეთ იყო.


ჩვენ როგორც ვიცით, როდესაც მივიდა, დღეს უკვე, დაზარალებული დაცვის თაობაზე პირდაპირ თხოვნით, რომ მის წინააღმდეგ სიცოცხლის მუქარა ხორციელდებოდა, მხოლოდ შემაკავებელი ორდერი იყო პასუხი.


ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობა გვაქვს და ეს ტრაგედია გვიბიძგებს, რომ ზუსტად დავინახოთ სად შეიძლება უფრო მეტი ინფორმაციის მოძიება, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდეს", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge