Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

00:22 15.04.2018
დიდი რისკია, რომ ფიზიკური პირები ლომბარდებსა და კერძო მევახშეებთან გადავიდნენ - რა ცვლილებებს ამზადებს ეროვნული ბანკი

საბანკო და არასაბანკო საკრედიტო სეგმენტში მოსალოდნელ საკანონმდებლო ცვლილებებზე, ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებზე, გთავაზობთ M2B-ს ინტერვიუს საქართველოს ბანკების ასოციაციის დირექტორთან, პროფესორ გიორგი ცუცქირიძესთან. გიორგი ცუცქირიძე მიიჩნევს, რომ ჭარბვალიანობის პრობლემა ვერ გადაიჭრება, თუ სესხის გამცემი იურიდიული პირები არ მოექცევიან ერთიანი ზედამხედველობის ქვეშ და არ გვქნება სწარფი ეკონომიკური ზრდა.


- ექსპერტების აზრით, ჭარბვალიანობის პრობლემა ის არის, რომ საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი თვითდასაქმებულთა კატეგორიაში გადის. ანუ, მსესხებლების დიდ ნაწილს უჭირს არსებული შემოსავლების დადასტურება, რაც ბუნებრივია, ართულებს სესხის მომსახურების პროცედურებს, რა კეთდება ამ მიმართულებით?


გიორგი ცუცქირიძე: ეროვნული ბანკი ამზადებს ახალ დებულებას ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ, რომლის მიზანია ჭარბვალიანობით გამოწვეული სისტემური და სოციალური რისკების შემცირება. ჩვენ ვნახეთ, რომ კომერციული ბანკების რეგულირება ისედაც მაღალი სტანდარტებით ხდებოდა, მაგრამ ჭარბვალიანობის პრობლემა ვერ მოგვარდა. როდესაც ბანკი მსესხებლის არასაკმარისი შემოსავლიდან თუ არასახარბიელო საკრედიტო ისტორიიდან უარს ეუბნება პირს სესხის გაცემაზე, ადამიანები ეძებენ ალტერნატიული სესხების წყაროებს და სამწუხაროდ, ხშირად ახერხებენ კიდეც. ეს პირველ რიგში სტუდენტებს და ახალგაზრდობას ეხება. მართალია, ამ დავალიანებას საბოლოო ჯამში ოჯახის წევრები ფარავენ, მაგრამ პრობლემა კვლავ პრობლემად რჩება. დიდწილად სწორედ ამის შედეგია, რომ წლიდან წლამდე იზრდება ლომბარდების და კერძო პირების, იგივე კერძო იპოთეკარების საკრედიტო პორტფელი. სხვადასხვა მონაცემებით, მარტო ლომბარდული სესხებით დავალიანება 600 ათასზე მეტ ადამიანს აქვს, ხოლო მოვალეთა რეესტრში არასაბანკო საკრედიტო დაწესებულებების მოვალეთა წილი სულაც 70-80%-ს შეადგენს. ამ მონაცემებიდანაც ჩანს, რომ ჭარბვალიანობის პრობლემა თუ კომპლექსურად არ გადაიჭრა, ვერ მოგვარდება.


გარდა სტუდენტობისა, დადასტურებული შემოსავლის პრობლემა დღეს განსაკუთრებით დგას თვითდასაქმებულ პირებთან მიმართებაში. მეწარმე ფიზიკურ პირების კატეგორია მოიცავს ერთის მხრივ რეგისტრირებულ პირებს, ინდმეწარმების სახით და მეორეს მხრივ, ფიზიკურ პირებს, რომლებიც დაკავებულები არიან დამოუკიდებელი პრაქტიკით და თუ პირველი კატეგორიის მსესხებლებისათვის შემოსავლების დადასტურება ძნელად, მაგრამ მაინც ხდება, თვითდასაქმებულების შემთხვევაში, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელ პირებად, მაგრამ რეალურად მიკრობიზნესის სეგმენტს წარმოადგენენ, შემოსავლების დადასტურება სერიოზულ სირთულეებთან და დროსთან არის დაკავშირებული. ამ კატეგორიაში გადიან: ტაქსის მძღოლები, რეპეტიტორები, ძიძები, პროფილაქტიკის ხელოსნები და ა.შ. იმისათვის, რომ ბანკმა დაადგინოს მათი წმინდა შემოსავლები, მხოლოდ საკრედიტო ბიუროს მონაცემები არ არის საკმარისი. რაც შეეხება ფულად გზავნილების მიმღებ პირებს, მიმაჩნია, რომ გზავნილებიდან მიღებული შემოსავლების გათვალისწინება უნდა მოხდეს შედარებით მოკლევადიანი დაკრედიტებისას, არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების, მათ შორის განვადებების შემთხვევაში.


სესხის გაცემისას შემოსავლის დადასტურების სავალდებულო მოთხოვნაზე გადასვლა ქმნის რისკებს, ფიზიკური პირები გადავიდნენ ლომბარდებში და კერძო მევახშეებთან. მიმაჩნია, რომ დებულება აუცილებლად უნდა ადგენდეს სესხის გაცემის კრიტერიუმებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულო იქნება არა მხოლოდ კომერციული ბანკებისათვის და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიათვის, არამედ, საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირებისა და ზედამხედველობის ქვეშ უნდა მოექცეს სესხის გამცემი ყველა ორგანიზაცია, იქნება ეს ლომბარდები თუ ცალკეული პირები.


ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რადგან მოთხოვნების გამკაცრება მხოლოდ კომერცული ბანკებისათვის, პრობლემას ვერ გადაწყვეტს. ამ კუთხით ძალზე მნიშვნელოვანია, რომ რეგულირებადი გახდება სესხის გამცემი ნებისმიერი პირის, მათ შორის ფიზიკური პირის საქმიანობა, როდესაც გაცემული სესხების რაოდენობა აღემატება 20 ერთეულს. აქაც არსებობს ამ შეზღუდვებზე თავის არიდების რისკი, თუნდაც ამ ლიმიტის სხვადასხვა პირებზე გადანაწილებით. ამიტომ, ახალმა რეგულაციებმა ეს საკითხიც უნდა დაარეგულიროს. შესაბამისად, სესხის გამცემი პირი ვალდებული იქნება ლიცენზირებულ საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს მიაწოდოს დეტალური მონაცემები საკუთარი საკრედიტო პორტფელის შესახებ.


– ბოლო წლებში ერთ-ერთ მწვავე საკითხად დგას ე.წ. სწრაფი სესხების გაცემის მიზანშეწონილობა, რომლებიც ონლაინ არხებით ხდება, ამ ტიპის სწრაფი სესხები დიდწილად სწორედ დაუდასტურებელი შემოსავლების პირობებში გაიცემოდა ონლაინ გამსესხებელი კომპანიების მიერ. მართალია, დაწესებულმა შეზღუდვებმა მათი ბაზრიდან გასვლა გამოიწვია, მაგრამ ეს სეგმენტი ახლა უკვე ბანკების მიერ იქნა ჩანაცვლებული და გაიცემა საკმაოდ მაღალი ეფექტური საპროცენტო განაკვეთით. რეალურად რა შეიცვალა და რამდენად დარგულირდება ეს პრობლემა?


გიორგი ცუცქირიძე: პირველ რიგში მსურს აღვნიშნო, რომ ონლაინ სესხების გაცემა არ შეწყდება. თუ საუბარია ე.წ. სწრაფ სესხებზე, აქ კი გარკვეული კორექტივები ნამდვილად მოხდება. მოგეხსენებთ, რომ ბანკებს აქვთ კლიენტების მონაცემთა საკუთარი ბაზები, მათ შორის ვისაც ბანკებში აქვთ მიმდინარე ან სახელფასო ანგარიშები გახსნილი, ბუნებრივია, ამ სახის კლიენტურაზე სწრაფი სეხების გაცემა გაგრძელდება, ოღონდ არა იმ პირობით, რასაც ონლაინ სესხების გამცემი კომპანიები ახორციელებდნენ, როდესაც ხდებოდა სესხის დამტკიცება რამდენიმე წუთში, დაუდასტურებული შემოსავლის გარეშე, საკმაოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთებით. მართალია, მაღალი საპროცენტო განკვეთებიც დიდწილად მაღალი რისკებიდანაც არის გამოწვეული, თუმცა ჩვენ გვახსოვს წლიური 300%-იანი და მეტი განაკვეთები, რომლებიც წლიურ 700%-მდეც კი ადიოდა, ჩვეულებრივი მოვლენა იყო.


ჩვენ საბანკო და არასაბანკო საკრედიტო სეგმენტში მიმდინარე რეფორმა, პრობითად ორ ეტაპად შეიძლება დავყოთ. გასულ წელს, რეფორმის პირველ ეტაპზე მოხდა საპროცენტო განაკვეთების ზღვრის დადგენა, ეფექტური წლიური საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი 100%-ის ოდენობით, ხოლო დარიცხული და გადასახდელი პროცენტი, საკომისიო და ჯარიმა ჯამურად სესხის ნარჩენი ძირის 150%-ს არ უნდა აჭარბებდეს. ამ ნორმატივების შემოღების შედეგად ონლაინ გამსესხებელი კომპანიების დიდ ნაწილს ბაზრის დატოვება მოუწია (სხვადასხვა მონაცემებით, მათი რაოდენობა 75–ს აღმატებოდა), ნაწილი კი მიკროსაფინანსო ორგანიზაციად გადაკეთდა, თუმცა პრობლემა მხოლოდ ნაწილობრივ მოიხსნა. ბაზარზე კვლავ რჩებოდა კომპანიების ნაწილი, ძირითადად ლომბარდები და ფიზიკური პირები ე.წ. კერძო იპოთეკარების სახით, რომლებიც რეგულაციის გარეთ იყვნენ დარჩენილი.


რეფორმის მეორე ეტაპზე ეს პრობლემაც მოიხსნება. ათასამდე ლომბარდი და 100-მდე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, კერძო იპოთეკარებზე რომ აღარაფერი ითქვას, ჩვენნაირი პატარა ეკონომიკისთვის ძალიან ბევრია. ბუნებრივია, მათი ნაწილი ბაზარს დატოვებს, მაგრამ ეს პროცესი შედარებით უმტკივნეულო იქნება. გვახსოვს, ექსპერტთა ნაწილი მაშინაც ამტკიცებდა, რომ ონლაინ გამსესხებელი კომპანიების ბაზრიდან გასვლა ინვესტიციების გადინებას და უმუშევრობას გაზრდიდა, თუმცა ამის მსგავსი არაფერი მომხდარა. დღეს ყველა მსხვილი ონლაინ გამსესხებელი კომპანია, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სახით აგრძელებს ფუნქციონირებას. ამ შემთხვევაშიც ანალოგიური პროცესები განვითარდება.


ახალი რეგულაციების შედეგად, მსესხებლის ყოველთვიურ წმინდა შემოსავლებს და გადასახდელებს შორის სხვაობა უნდა აღემატებოდეს საარსებო მინიმუმს, ამასთან იზღუდება ისეთი სესხის გაცემა, როდესაც მსესხებელი იხდის მხოლოდ დარიცხულ პროცენტს, ხოლო ძირს ან ძირის მნიშვნელოვან ნაწილს (ნახევარზე მეტს) ვადის ბოლოს. ძირის გადახდა სასურველია ხდებოდეს მსესხებლის შემოსავლებზე მორგებული გონივრულად შედგენილი გრაფიკის მიხედვით, რაც დამახასიათებელია ევროპის ქვეყნებისათვის და დღეს ნაკლებად არის ქართულ საბანკო პრაქტიკაში მიღებული.


შემოდის კიდევ ერთი ნოვაცია, როდესაც მსესხებელს არ გააჩნია მიმდინარე შემოსავლები, ან მსესხებლის გადამხდელუნარიანობის დეტალური ანალიზი არ არის ჩატარებული სესხის გამცემი ორგანიზაციის მიერ, უძრავი ქონების უზრუნველყოფით სესხის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მსესხებელს საკუთრებაში გააჩნია ერთზე მეტი უძრავი ქონება და ამავდროულად სესხის უზრუნველსაყოფად დატვირთული არ არის მსესხებლის ის ქონება, რომელიც გამოიყენება მის მიერ როგორც საცხოვრებელი. რა დასამალია, სესხის გამცემი ორგანიზაციების არც თუ მცირე ნაწილი, განსაკუთრებით მეწარმე ფიზიკურ პირებზე, ითხოვდა დამატებით უზრუნველყოფას ხშირად ერთადერთი საცხოვრისის სახით.


დღეს მოქმედი რეგულაციით სამომხმარებლო სესხებზე არსებობს ლიმიტი, და იგი საკრედიტო პორთფელის 50%-ზე მეტი არ უნდა იყოს. საერთაშორისო საბანკო გამოცდილება, გაცილებით უფრო ეფექტურ ალტერნატიულ ფორმებსაც იცნობს, თუნდაც კაპიტალთან მიმართებაში, რაც კაპიტალის რისკის შემცირებას ემსახურება. მაგალითად, ასეთ მოთხოვნად სამომხმარებლო სესხების ზღვრის კაპიტალის 20%-მდე ლიმიტის დაწესება შეიძლება იყოს, თუ გსურს გაზარდო დაკრედიტება, მაშინ მოგიწევს კაპიტალის გაზრდაც. ეს მიდგომა უფრო ახლოა ბაზელი 3-ის ახალი მეტრიკის პრინციპებთანაც. თუმცა, თუ რა ფორმები იქნება არჩეული, ეს მაინც სებ-ის გადასაწყვეტია.


- მაგრამ, ფიზიკურ პირებზე სესხების უდიდესი ნაწილი სწორედ რომ შემოსავლის წყაროს შესწავლის გარეშე გაიცემა. სისტემას პრობლემა აქვს რაოდენობრივ და არა თანხობრივ ნაწილში, მაღალი ტემპით იზრდება ნეგატიური კლიენტების რაოდენობა. ექსპერტები მიუთითებენ, რომ ჭარბვალიანობის პრობლემა დგას არა მხოლოდ იმ მსესხებელთა ნაწილში, რომლებსაც არა აქვთ დადასტურებული შემოსავალი, არამედ დადასტურებული შემოსავლების შემთხვევაშიც, რადგან შემოსავლების დიდი ნაწილი სწორედ საბანკო ვალების მომსახურებაში შედის?


გიორგი ცუცქირიძე: გეთანხმებით, ნეგატიური კლიენტების რაოდენობის მაღალი მაჩვენებელი პოტენციურ პრობლემად შეიძლება გახდეს როგორც საბანკო სექტორისათვის, ასევე ზოგადად ფინანსური სტაბილურობისათვის. ჭარბვალიანობის პრობლემა დგას, თუ მსესხებლის და მათი საოჯახო მეურნეობის არსებულ შემოსავალსა და ყოველთვიურ გადასახდელებს შორის სხვაობა არ არის საკმარისი ოჯახის წევრების ძირითადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. თუ ჭარბვალიანობა არის ერთის მხრივ სოციალურ რისკების შემცველი, როდესაც წმინდა შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილი, ზოგჯერ 75%-იც კი სესხების მომსახურებაზე მიდის, ეკონომიკისათვის ეს არის სისტემური რისკი. იგი აისახება ერთის მხრივ, ნეგატიურად ბანკების საკრედიტო პორთფელში ვადაგადაცილებული სესხების სახით, და მეორეს მხრივ, ეკონომიკის ზრდაზე მთლიანად, რადგან აღარ რჩება თავისუფალი სახსრები სამომხმარებლო საქონლის შესაძენად და დანაზოგების გასაკეთებლად. სხვადასხვა კვლევებით დასტურდება, რომ ეს ფაქტორი არის მნიშვნელოვანი. სებ-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამაც აჩვენა, რომ ჭარბვალიანობის უარყოფითი ზემოქმედების მაჩვენებელი ეკონომიკის ზრდაზე -0.8%-ის ფარგლებშია.


- ახალი საგადასახადო რეფორმა რამდენად შეუწყობს ხელს საკრედიტო რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას და შეამცირებს ჭარბვალიანობას?


გიორგი ცუცქირიძე: მოგეხსენებათ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი მთავრობის ახალი ინიციატივები, მათ შორის საგადასახადო ნაწილში, ძალაში მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან შედის. ამ ძალზე ნოვატორული მიდგომების თანახმად, მარტივდება ურთიერთობა საგადასახადო ორგანოებთან, და რაც მთავარია, მნიშვნელოვნად მცირდება მცირე ბიზნესის სეგმენტზე არსებული საგადასახადო ტვირთიც.


აქ სხვა ფაქტორია ნიშანდობლივი. ახალი რეგულაციებით, იმისათვის, რომ ყოველთვიური შემოსავალი ჩაითვალოს დადასტურებულად, მსესხებელმა ფიზიკურმა პირმა სესხის გამცემ ორგანიზაციას უნდა წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია (მაგ. სახელფასო ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან, ცნობა შემოსავლების სამსახურიდან და სხვა). შემოსავლების ლეგალიზაციით მიკრო და მცირე ბიზნესში დასაქმებულ პირებს უჩნდებათ შესაძლებლობა, გადავიდნენ ლეგალური ბრუნვის სეგმენტში, რაც შემოსავლების დეკლარირებასთან ერთად, მათ მისცემს შესაძლებლობას გაზარდონ თავიანთი საკრედიტო რეიტინგი, ხოლო კომერციულ ბანკებს გაუადვილებს კლიენტის გადახდისუნარიანობის შეფასებას. შედეგად, მათთვის ჩნდება არსებულთან შედარებით უფრო დიდი მოცულობის და ვადიანობის კრედიტის აღების შესაძლებლობა, პირველ რიგში ბიზნეს საქმიანობის საწარმოებლად, რაც რისკების შემცირებასთან ერთად, ასევე დადებითად აისახება საპროცენტო განაკვეთებზე, მათი შემცირების მიმართულებით. ასეთ შემთხვევაში წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის დადგენილი ზედა ზღვარი 100%-დან თავისუფლად შეიძლება შემცირდეს 50%-მდეც კი.


აქედან გამომდინარე, მიკრო და მცირე ბიზნესის ლეგალურ ბიზნესში გადასვლა კარგია, როგორც ეკონომიკისათვის საგადასახადო შემოსავლების ზრდის და არალეგალური ბიზნესის ხვედრითი წილის შემცირებით, ასევე თავად თვითდასაქმებული პირებისთვისაც, საკრედიტო რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის და ბიზნესის გაფართოების თვალსაზრისით, რაც მთლიანობაში პოზიტიურად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე.


- ბუნებრივია, დგება კითხვა, მსესხებლის შეფასებისას საკრედიტო დაწესებულებამ საიდან უნდა მოიპოვოს დამატებითი ფინანსური ინფორმაცია, გარდა საკრედიტო ბიუროს მონაცემებისა, სადაც ძირითადად მსესხებლის ვალდებულებების ნაწილია ასახული?.


გიორგი ცუცქირიძე: სესხის გამცემმა ნებისმიერმა ორგანიზაციამ სესხი უნდა გასცეს მსესხებლის გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის საფუძველზე, რაც გულისხმობს მსესხებლის არა მხოლოდ ხარჯებისა და ვალდებულებების, არამედ, პირველ რიგში, შემოსავლების დეტალურ ანალიზსაც. ახალი მოთხოვნების თანახმად, სესხის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე სესხის გამცემი ორგანიზაცია ვალდებული იქნება, მსესხებლის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოიძიოს როგორც საკრედიტო საინფორმაციო ბიუროში, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში ან მოითხოვოს ცნობა შემოსავლების შესახებ შემოსავლების სამსახურიდან და სესხის გაცემაზე გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინოს აღნიშნული ინფორმაცია. შესაბამისად, ბანკებს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ასევე სხვა არასაბანკო საკრედიტო დაწესებულებებს, ექნებათ შემოსავლების სამსახურის ბაზებზე წვდომის გამარტივება, შემოსავლების სამსახური კლიენტის თანხმობის შემთხვევაში უზრუნველყოფს სესხის გამცემებისათვის კლიენტის შესახებ დაცული მონაცემების მიწოდებას.


ნიშანდობლივია, რომ სავალდებულო მოთხოვნის სახით შემოდის სესხის მომსახურების კოეფიციენტის (PTI კოეფიციენტი) მოთხოვნა, ყველა სახის სესხისათვის, რაც არის საკმაოდ მკაცრი მოთხოვნა ბანკებისთვისაც კი და წარმოადგენს მსესხებლის ან თანამსესხებლის ჯამური ყოველთვიური გადასახდელებისა და ყოველთვიური წმინდა შემოსავლების თანაფარდობას. სესხის მომსახურება/შემოსავალთან ლიმიტების დაცვის მოთხოვნა, რომელიც გასულ წელს შემვიდა ძალაში, აქამდე ეხებოდა მხოლოდ იპოთეკურ სესხებს და მისი დაცვა ბანკებისათვის სხვა საცალო პროდუქტებზე აქამდე სავალდებულო არ იყო, მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს ატარებდა. ჭარბვალიანობის რისკის შემცირების რეკომენდაციები იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის გასული წლების ანგარიშში და მას ემხრობა ადგილობრივი ექსპერტების სოლიდური ნაწილიც. მაგალითისათვის, თუ ყოველთვიური წმინდა შემოსავლები 500-1000 ლარის ფარგლებშია, სესხის მომსახურების კოეფიცენტი 20%, ხოლო 1000 და 2000 ლარამდე - 30%, 2000-4000 ლარამდე 35% იქნება, მაქსიმალური ზღვარი გაცილებით მაღალი ხელფასებისას 50%-ს არ უნდა აღემატებოდეს. აქვე აღვნიშნავ, რომ ახალი მოთხოვნები სავალდებულო იქნება ყველა საკრედიტო დაწესებულებისათვის, თუმცა არ გავრცელდება არსებულ სასესხო ნაშთებზე, ასევე მათ რეფინანსირება–რესტრუქტურიზაციებზე, მათ შორის თუკი რეფინანსირება ან რესტრუქტურიზაცია ხორციელდება სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიერ და არ ხდება სასესხო ვალდებულებების შინაარსობრივი ზრდა.


ბუნებრივია, ბანკებს და არასაბანკო საკრედიტო ბიზნეს სუბიექტებს მოუწევთ არსებული ბიზნეს მოდელების სახეცვლილება. მეორეს მხრივ, იმისათვის რომ ბანკები დაკრედიტების ამ ფორმაზე გადავიდნენ, საჭიროა დრო ბიზნესით დაკავებულ ფიზიკურ პირთა რეგისტრაციისათვის, რადგან იმისათვის, რომ შემოსავალი გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის მიზნებისათვის ჩაითვალოს დადასტურებულად, როგორც აღვნიშნე, კლიენტმა სესხის გამცემ ინსტიტუტში უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია (სახელფასო ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან, ცნობა შემოსავლების სამსახურიდან). თუ ჩვენ თვითდასაქმებულთა კატეგორიაში სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ პირებსაც გავიყვანთ, მათი რიცხვი 120 ათასიდან 500-800 ათას ადამიანამდეც კი შეიძლება ავიდეს.


საბანკო სექტორი თვისობრივად არის დაინტერესებული საკრედიტო რისკების შემცირებაში, რაც მას საშუალებას მისცემს კიდევ უფრო გაზარდოს საკრედიტო პორთფელი, პირველ რიგში ბიზნესის დაკრედიტების კუთხით. მიმაჩნია, რომ ახალი ნორმატივების შემოღება და მათი მთელ საკრედიტო სპექტრზე გავრცელება, მნიშვნელოვნად შეამცირებს ჭარბვალიანობით წარმოქმნილ პრობლემებს და ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას. ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რადგან ჭარბვალიანობის პრობლემის აღმოფხვრა სწორედ სწრაფი ეკონომიკური ზრდის პირობებშია შესაძლებელი.


აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია აღნიშნული ინსტრუქცია ამოქმედდეს მომავალი წლის პირველი ნახევრიდან, რადგან საჭიროა გონივრული დრო, როგორც ბიზნესით დაკავებული პირებისათვის, ასევე ბანკებისათვისაც ახალ ბიზნეს მოდელებზე გადასასვლელად.

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge