Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

19:56 13.04.2018
,,მერაბ სეფაშვილმა ჯერ არც კი იცის, რომ მე ის დავხატე..." - ბექა კორკოტაძის კალმით შექმინილი ხელოვნება

ბექა კორკოტაძე  დასავლეთ საქართველოში, ერთ-ერთ სოფელში მდებარე რესტორანში მუშაობს. იგი ხატვის განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩევა და ცნობილი ქართველების ნამუშევრებს საწერი კალმით ქმნის.

 

ჯორჯიან თაიმსი“  ბექა კორკოტაძის ნამუშევრებით დაინტერესდა და მას თავად გაესაუბრა. როგორც ბექა ამბობს, ხატვით ბავშვობიდან არის გატაცებული:

 

- როდის აღმოაჩინეთ, რომ ხატვის ნიჭი გაქვთ?


- ბავშვობიდან ვხატავ, დაახლოებით 6-7 წლის ასაკიდან. ჩემი პირველი ნახატი ნამდვილად არ მახსოვს, მაგრამ, ავტომანქანების ხატვა ძალიან მომწონდა და თან, მიადვილებოდა...

 

- ჩვენთვის ცნობილია, რომ  ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე და მომღერალი მერაბ სეფაშვილი დახატეთ. ცნობილი ადამიანების ხატვა რატომ დაიწყეთ?


- ცნობილი ადამიანებიდან მხოლოდ გია ჯაჯანიძე და მერაბ სეფაშვილი დავხატე. ისინი ჩვენი რესტორნის სტუმრები იყვნენ. გია ჯაჯანიძე იმ რესტორანში უნდა მოსულიყო, სადაც ამჟამად ვმუშაობ და მინდოდა მისთვის საჩუქრის სახით ჩემი ნახატი გადამეცა. ნამუშევარი თავად გიასაც ძალიან მოეწონა და ასევე ყველას, ვინც კი ნახა.

 

ბატონი მერაბიც ჩვენი ხშირი სტუმარია. მე მას ერთხელ დავპირდი, რომ შემდეგ მოსვლაზე სიურპრიზს დავახვედრებდი.  მკითხა, - რა სიურპრიზი იქნებოდა. დაგხატავთ-მეთქი, - ვუპასუხე. მან ჯერ არ იცის, რომ დავხატე. სურვილი მაქვს, როცა მოვა, პირადად გადავცე მას ჩემი ნამუშევარი.

 

ბექა კორკოტაძემ ჩვენთან საუბრისას ისიც აღნიშნა, რომ მან სურამის კვირაცხოვლობის სახელობის ტაძრის მაკეტი შექმნა და ის ასევე, სამომავლო გეგმებზე გვესაუბრა:

 

- სურამის კვირაცხოვლობის სახელობის ტაძრის მაკეტი შევქმენი. ეს ულამაზესი ტაძარია, რომელიც სურამის ყველა სტუმარს ხიბლავს.  

 

ამ ეტაპზე მცირე დრო მაქვს, მაგრამ სამომავლოდ ახალი ნამუშევრების შექმნასაც ვგეგმავ. ძალიან დიდი სურვილი მაქვს დავხატო უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს პატრიარქი, - ილია მეორე. ნახატი იქნება შედარებით ორიგინალურად შესრულებული, ვიდრე ჩემი დანარჩენი ნამუშევრებია. - აცხადებს  ბექა კორკოტაძე ,,ჯორჯიან თაიმსთან" საუბარში.

 

 

 


/ლიკა თორთლაძე/

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge