Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

23:56 28.03.2018
აზერბაიჯანის მოქალაქის მიერ ნაცემი მოზარდი გადაუდებელი დახმარების განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს

ლიფტში თავდასხმის შედეგად დაშავებულ 13 წლის მოზარდს მხედველობა დაუბრუნდა, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” დაშავებული ბავშვის ოჯახის წევრებმა განუცხადეს. მათი ინფორმაციით, ბავშვს იაშვილის კლინიკაში ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო დახმარება, მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემა მოგვარებულია და მკურნალობას ექვემდებარება.13 წლის მოზარდი გადაუდებელი დახმარების განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს. მასთან დედა და დეიდა იმყოფება. ბიჭს მრავლობითი დაზიანებები ძირითადად სახის არეში აღენიშნება. ადგილზე ასევე იმყოფებიან სამართალდამცველები, რომლებიც ბავშვის პალატაში ავიდნენ, სადაც სავარაუდოდ გამოკითხავენ. ასევე ცნობილია, რომ მოზარდი კონტაქტურია. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დღეს თბილისში, ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტალში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე 1996 წელს დაბადებული რ.ა. არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, დანაშაული თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე ისჯება.შსს-ს ინფორმაციით, 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ არასრულწლოვან ბიჭს დახმარება სჭირდებოდა. საპატრულო ეკიპაჟი დაუყოვნებლივ გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე.

„პატრულ-ინსპექტორებს საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, დაახლოებით, 13 წლის ბიჭი დახვდათ, რომელსაც სხეულზე დაზიანება აღენიშნებოდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანა. გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ აზერბაიჯანის მოქალაქემ 2004 წელს დაბადებულ ნ.ც.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქე ადგილზე დააკავა. გამოძიების ფარგლებში დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები“, - ნათქვამია განცხადებაში. 

გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge