Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

21:20 28.03.2018
„დამზადდა სპეციალური სარტყელი, რომლითაც უშვილო წყვილს პარაკლისს უტარებენ და სასწაულიც ხდება“

კიკოსის ხატს არაერთი სასწაული უკავშირდება, თუმცა, მართლმადიდებლების დიდმა ნაწილმა ამის შესახებ ნაკლებად იცის. ხატის ასლი საქართველოში ათი წლის წინ ჩამოაბრძანეს, მაშინ დამზადდა სპეციალური სარტყელი, რომლითაც უშვილო წყვილს პარაკლისს უტარებენ და სასწაულიც ხდება. ჟურნალი „რეიტინგი“ არქიმანდრიტ იოანე მჭედლიშვილს ესაუბრა. 

– დაახლოებით 10 წლის წინ ჩამოაბრძანეს კვიპროსიდან კიკოსის ხატი, რომელიც ორიგინალთან ჰქონდათ მიახლოვებული. ეს ძალიან ცნობილი ხატია, რომელიც კვიპროსში მისსავე სახელობის მონასტერშია დაბრძანებული. ამ ხატს სახე მთლიანად საფარველით აქვს დაფარული, მხოლოდ ხელის მტევანი ჩანს. მას ბევრი ისტორია უკავშირდება…ერთ-ერთი გადმოცემით, ბერებმა იმდენად ლამაზად ჩათვალეს ეს ხატი, რომ მათ თქვეს, ჩვენ არ ვართ ამ ხატის ხილვის ღირსიო და საფარველი ააფარეს. მეორე გადმოცემით, ერთ-ერთმა მეფემ გააკეთა ეს, იმიტომ რომ იმდენად მოსწონდა ეს ხატი, არ სურდა ის ბევრ ადამიანს ენახა, რა თქმა უნდა, კეთილი და კარგი გაგებით. მოკლედ, დიდი ისტორიის და ბევრი სასწაულის მქონე ხატია და როდესაც ამ ხატის ასლი ჩამოაბრძანეს სამების საკათედრო ტაძარში, გაკეთდა სარტყელიც. სარტყელზე ხარებაა გამოსახული, რომელსაც უამრავი სასწაული უკავშირდება.

– ცნობილია, რომ უშვილო წყვილები მოდიან ხშირად და მათ უტარებენ პარაკლისს ამ სარტყელით, რა შემთხვევაში თანხმდებით მათ პარაკლისზე?
– სანამ წყვილს პარაკლისს გადავუხდით და ლოცვას წავუკითხავთ, საჭიროა, სამი დღე იმარხულონ. წყვილს ჯვარი უნდა ჰქონდეს დაწერილი. შემდეგ ქალბატონს ვუკეთებთ სარტყელს და აღვავლენთ სავედრებელ ლოცვას. მთავარი არის რწმენა, სწორედ ამ განსაკუთრებული რწმენით და ლოცვით მოდიან ასეთი წყვილები ჩვენთან.

– მშობლებისგან ორივე უნდა იყოს მორწმუნე?
– შეიძლება იყოს განსაკუთრებული მდგომარეობა, როდესაც ქმარი ურწმუნოა, მაგრამ ამ შემთხვევაში, შესაძლებელია, გამონაკლისი დაიშვას და მხოლოდ მანდილოსანს წაეკითხოს ლოცვა, ეს არ იქნება პრობლემა. ამ შემთხვევაში, ქმრის გამო ხომ ვერ დავსჯით? თუ ის მორწმუნეა და სწამს, რომ ღვთისმშობელი მისცემს შვილს, ამაში საწინააღმდეგოს ვერაფერს ვხედავ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge