Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:23 27.03.2018
ჭექა-ქუხილში გაიარა საქართველოს ისტორიამ - გზაჯვარედინზე მდგარო მგზავრო! რომელ გზას აირჩევ?

გზაჯვარედინზე

 

ხეობაში, კლდის შვერილზე, როგორც ლამპარი ქვის შანდალზე, დგას წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი. ტაძართან კლდეში გამოკვეთილ საფეხურებს ავყავართ. წვიმას და ქარს საუკუნეების მანძილზე ისე გაუპრიალებია ეს საფეხურები, თითქოს ზედ გამდნარი მინა მოუსხამთ. ხეობის ძირში მაქმანივით დახვეულ გზაზე მიმავალი მგზავრები თავს მოვალედ თვლიდნენ თაყვანი ეცათ წმინდა გიორგის ტაძრისთვის, მთის ციხე-სიმაგრესთან ჩავლილებს მისი ბატონისათვის პატივი მიეგოთ, შემდეგ კი წმინდა გიორგის კურთხევით თავიანთი გზა გაეგრძელებინათ. ტაძარი თავადვე ქვასავით გამაგრებული ქვითკირით და ქვის ლოდებითაა ნაგები. თითქოს ის კლდეში გამოუკვეთავს ხუროთმოძღვარს. ვინ უწყის, როგორ შეძლეს ამ ფრიალო, ვიწრო ბილიკის მსგავსი კიბით ლოდების აზიდვა. გეგონება ტაძრის ქვებს არწივთა გუნდი დასჭიდებია კლანჭებით და მთებზე გადაუტარებიათ ისინი. ახლა, უფსკრულზე დაკიდებულ შვერილზე ნაგებ ამ ძველ ტაძარში იშვიათად თითო მგზავრი თუ შეივლის. ტაძრისკენ მიმავალ გზაზე ზოგან კლდე ჩამოშლილა და მისი ნამსხვრევები აქა-იქ ყრია საფლავის ქვებივით. ოდნავ შესამჩნევ ბილიკზე მგზავრი გზას გაჭირვებით მიიკვლევს. ბილიკი ხან ისე ვიწროვდება, რომ კლდეს ეკვრის. ხეობის ფსკერი რიყის ქვითა და კენჭებით ისეა მოფენილი, თითქოს ვიღაცას მოუკირწყლავს. იქ პაწია, ვერცხლისფერი ნაკადული მირბის - ის ხან მიწაში იმალება, ხან გზად რაღაც ეღობება და პატარა ტბასავით გუბურა ჩნდება. ზოგ ადგილას კალაპოტს ჭორომები არღვევენ და წყლის ნაკადი საამური წკრიალით იმსხვრევა. ამ ხმაში შრიალი და რეკვა ერთმანეთს ერწყმის.

 

ძველად აქ იყო მთავარი გზა, რომელიც ორ სამთავროს აერთებდა. ახლა მისგან ვიწრო ბილიკია დარჩენილი, გზის მოვალეობას კი ნაკადულის ზაფხულობით მშრალი, ზამთრობით კი თოვლით დაფარული კალაპოტი ასრულებს.

 

ხეობას მარტოხელა მგზავრი მიუყვება. ის ჩქარობს, დაბინდებამდე უნდა ჩავიდეს სოფელში. მან უკვე წარმოიდგინა როგორ შეეგებებიან ჭიშკარში შვილები, პატარა ასული როგორ დაეკიდება კისერზე და ეტყვის: `მამი, ვიცოდი, რომ დღეს დაბრუნდებოდი, რადგან სიზმარში გნახე; ვაჟიშვილი კი მოუყვება, როგორ ეხმარებოდა დედას მეურნეობაში, ცხენს აბალახებდა, ცხვარს მიერეკებოდა საძოვარზე. მგზავრი ხედავს ბუხარში ცეცხლს, მისთვის რომ დაანთო ცოლმა, რამდენიმე წუთიც და სახლში შემოვა მუშაობით დაღლილი... ის ნაბიჯს აჩქარებს, და წუხს, რად არა აქვს ფრთები, რომ ამ მთებს გადაუფრინოს. ითვლის, რამდენი დრო დასჭირდება კიდევ გზაში და ყოველი საათი წელიწადად ეჩვენება. ანაზდად მთის ფერდობზე ამავალ საფეხურებს შენიშნავს და ახსენდება, რომ ზევით წმინდა გიორგის ტაძარია, როგორც ხეობის ბატონის ციხე-სიმაგრე, საიდანაც მეციხოვნენი გზას დასცქერიან, უყურებენ ვინ მოდის - მტერი თუ მოყვარე. მგზავრი შეჩერდება, ჩაფიქრდება: წმინდანისგან კურთხევის მისაღებად ავიდეს ტაძარში, როგორც ამას მისი წინაპრები აკეთებდნენ, თუ გზა გააგრძელოს, რათა არ შემოაღამდეს! ხმა ეუბნება: წმინდა გიორგის წინაშე შენს სახლშიც შეგიძლია ილოცო; მეორე ხმა კი ეპასუხება: თუკი მეფეს გვერდს აუქცევ და იტყვი: `არ მცალია, სალამს ჩემი სახლიდან მოგიძღვნი. შენს თავის მართლებას შეიწირავს მეფე, თუ განგირისხდება? შენ მოწამეთა წინამძღოლს, ამ ხეობის მეფეს და საქართველოს მფარველს გინდა მხარი აუქციო? განა წმინდა გიორგი ღამით ისევე არ დაგიფარავს, როგორც დღისით? თუ შენ მასთან შესახვედრად გაემართები, ისიც მოგეგებება. მგზავრი საფეხურებზე ადის, ტვირთი მხრებზე აწევს. ზოგან ბილიკი ქრება, ის ჩამოქცეულ კლდის ლოდებს ჩაუხერგავს. კვლავ ეუბნება პირველი ხმა: აქედან ეცი თაყვანი წმინდა გიორგის, ზევით გზა კიდევ უფრო გაძნელდება, წმინდანი აქედანაც გაიგონებს შენსას, დაბრუნდი სასწრაფოდ. მაგრამ მგზავრი მიფორთხავს ციცაბო კლდეზე, კვლავ პოულობს ბილიკს, გუდას ქვებზე ტოვებს და შვერილებზე მოჭიდებით კვლავ ზევით მიიწევს. და აი, ის ტაძართანაა, მუხლს იდრეკს, ლოცულობს წმინდა გიორგის მიმართ და ჰმადლობს, რომ არ აყვა ცდუნებას და ამ სიწმინდეს გვერდი არ აუარა. ეკლესიაში ბინდი და ღრმა მდუმარებაა. დაქანცული მგზავრი ტაძრის იატაკზე წვება, რომ ვიდრე ისევ დაეშვებოდეს, ოდნავ შეისვენოს. უცებ რაღაც უცნაური, შორეული გუგუნი ესმის, თითქოს ჯარი მოდის მთის გადაღმიდან. კარში გამოდის, ტაძრის კედელსა და უფსკრულს შორის ბაქანზე დგება, ისეთ ვიწროზე, სამოსითაც რომ დაფარავდა და ხედავს: ცა სწრაფად იქუფრება; სახეში ნოტიო ქარი უბერავს. ნაკადულში წყალი დიდდება. თითქოს იღვიძებს დიდი ხნის მიძინებული დინება და სულ უფრო სწრაფი ხდება. მოდის და თან ქვა და ღორღი მოაქვს. გუგუნი მატულობს, თითქოს აცახცახდნენ მთები. წყალი სულ უფრო დიდდება და ცეცხლზე დადგმული ქვაბივით ქაფი აქვს მოგდებული.

 

აღარ ჩანს ხეობის ფსკერი. ის ჩანჩქერების ბობოქარ ზვირთებს დაემსგავსა. ქვები, ძირიანად მოთხრილი ხეები ტალღებს ნადავლივით მოაქვთ, უზარმაზარ კაჭარს ისე მოაგორებენ ზვირთები, როგორც ეტლს ცხენები. ტალღები ერთმანეთს მეომრებივით მისდევენ და ერთმანეთს ერკინებიან. იქ, სადაც კლდეები ნაკადს იმწყვდევენ, წყალი ზევით ასკდება, შემდეგ კი ველური როკვით მორევში ტრიალებს. ხეობა ისეთი ღრიალით ივსება, თითქოს მახვილი ფარებს ეხეთქება, ან ლომების გუნდები გადასძახიან ერთმანეთს. ხეობა უზარმაზარი მდინარის კალაპოტად იქცევა. მგზავრები, რომლებიც მთის ფერდობზე ასასვლელს ვერ აგნებენ, ქვის ხაფანგში ებმებიან. ვერც ერთი მოცურავე ვერ უმკლავდება მთაში გამდნარი თოვლისა და წვიმის სწრაფ დინებას. რამდენს უცდია დამალვოდა ბობოქარ სტიქიას: ისინი კლდის შვერილებს, ბუჩქებს ეჭიდებიან, მაგრამ წყალი ფეხდაფეხ მისდევთ ცეცხლივით, მდინარე თითქოსდა ლოკავს მათ ხაოიანი ენით და აქაფებულ ტალღებში ნთქავს. მიხვდა მგზავრი, რომ წმინდა გიორგიმ იხსნა იგი; გზაჯვარედინზე მეორე გზა რომ აერჩია, ხომ დაობლდებოდნენ შვილები, ცოლი კი მის ცხედარსაც ვერ დაიტირებდა.

 

გადის ხანი. ხმაური თანდათან იკლებს და შორეულ ექოს ემსგავსება. მდინარის ადგილზე კვლავ ნაკადული მორაკრაკებს, როგორც ვერცხლის ვიწრო ბაფთა. ხრამის ძირზე კი ქვის ახალი გოროხი, კაჭარი, მოთხრილი ხეები ყრია და მგზავრს წმინდა გიორგის ტაძარი საკუთარ სახლზე მეტად მშობლიური ეჩვენება.

 

ჭექა-ქუხილში გაიარა საქართველოს ისტორიამ. მის საზღვრებში ველური ურდოები ისე იჭრებოდნენ, როგორც ადიდებული მდინარის დინება, ყველაფერს რომ აღგვის თავის გზაზე. საქართველოს ბედი მხოლოდ ბრძოლის ველზე როდი წყდებოდა, ერი ლოცვითა და სინანულით ევედრებოდა ღმერთს და იმ ხანებში მთელი ქვეყანა თითქოს ცოცხალ ტაძრად იქცეოდა. საქართველო იცავდა თავის სიწმინდეებს და მას უფალიც იფარავდა.

 

გზაჯვარედინზე მდგარო მგზავრო! რომელ გზას აირჩევ? ბილიკს, ზევით რომ მიემართება ტაძრისკენ, შენმა წინაპრებმა რომ გაკვალეს, აუყვები ქვის საფეხურებს, რომლებიც წმინდა გიორგის ხმალს უკვეთია, თუ გვერდს აუვლი და სხვა გზას გაუყვები, გზას, ნისლში დამალულს?! 

 

ავტორი: მამა რაფაელი

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge