Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:42 20.03.2018
რა სასარგებლო თვისებები აქვს ბულგარულ წიწაკას

სამშობლოში, ამერიკაში, ბულგარული წიწაკა ბუჩქებად ხარობს. გასაოცარი ის არის, რომ ამ მრავალწლიან მცენარეს არ სჭირდება არც სარეველებისგან გაწმენდა და არც სხვაგვარი მოვლა. მის ნაყოფს მეცნიერები ცრუს უწოდებენ. სელექციონერებმა მრავალწლიანი გამოცდილების შედეგად ამ წიწაკის არაერთი ჯიში გამოიყვანეს. მათი გარჩევა ჩვენ მხოლოდ ფერითა (ყვითლიდან ყავისფრამდე) და ფორმით შეგვიძლია. რატომ ეწოდება ამ წიწაკას ბულგარული, დღემდე საიდუმლოდ რჩება, თუმცა ჩვენთვის მთავარი მცენარის წარმოშობა და სახელი კი არა, მისი განსაკუთრებული კვებითი ღირებულებაა. 



ბულგარული წიწაკის შემადგენლობა


ამ მცენარის შემადგენლობაზე საუბრისას ბევრს უმალვე C ვიტამინი გაახსენდება. ეს შემთხვევითი არ არის - ბულგარული წიწაკა მისი შემცველობით მართლაც რეკორდსმენია. ამ თვალსაზრისით ის ლიმონსა და შავ მოცხარსაც კი ჯობნის. გარდა C ვიტამინისა, ბულგარული წიწაკა მდიდარია P ვიტამინით, კაროტინით (A პროვიტამინით) და B ჯგუფის ვიტამინებით, შეიცავს კალიუმსა და ნატრიუმს, აგრეთვე - ფოსფორს, თუთიას, რკინას, იოდს, კალციუმსა და მაგნიუმს. შემადგენლობა, როგორც ხედავთ, მეტად შთამბეჭდავია. დამახასიათებელ და საუცხოო გემოს კი ბულგარულ წიწაკას ალკალოიდი კაპსაიცინი ანიჭებს. სწორედ მისი შემცველობის გამოა ეს წიწაკა კუჭისთვის სასარგებლო. 


ბულგარული წიწაკის მარგებლობა 


თავისი მდიდარი შემადგენლობის წყალობით ბულგარული წიწაკა ფასდაუდებელი ბოსტნეულია. მას უდიდესი სარგებლობა მოაქვს ადამიანის ორგანიზმისთვის. მინერალები სისხლს საჭირო კომპონენტებით ამდიდრებენ და ხელს უშლიან ანემიის განვითარებას, აძლიერებენ იმუნიტეტს, ვიტამინების მრავალფეროვნება კი ხელს უწყობს სისხლძარღვთა გამაგრება - განმტკიცებას, თმის ზრდას, აუმჯობესებს კანისა და მისი დანამატების (თმა, ფრჩხილები) სტრუქტურასა და მდგომარეობას. ბულგარული წიწაკა ხელს უწყობს მხედველობის შენარჩუნებას, ძვლოვანი ქსოვილის განმტკიცებასა და განახლებას, დეპრესიული მდგომარეობისგან თავის დაღწევას, ძალთა მოზღვავებას. განსაკუთრებით სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის. ბულგარული წიწაკის კიდევ ერთი სასარგებლო თვისებაა მადის აღძვრა, თუმცა ეს უკანასკნელი სპეციალისტებს რამდენადმე საკამათოდ მიაჩნიათ. სამაგიეროდ, მეცნიერული გამოკვლევებით დადასტურებულია, რომ ბულგარული წიწაკის მიღება ათხელებს სისხლს, აქვეითებს არტერიულ წნევას, კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და კუჭუკანა ჯირკვლის (პანკრეასის) ფუნქციებზე. ნიღბებსა და საცხებს სწორედ ამ წიწაკის ფხვნილს ამატებენ და ისე იყენებენ რადიკულიტის, ართრიტისა და ნევრალგიის სამკურნალოდ. ბულგარული წიწაკა ფასობს P ვიტამინის ანუ რუტინის შემცველობის გამოც. ცნობილია, რომ რუტინი სისხლძარღვებს, მათ შორის - უწვრილეს კაპილარებს, ელასტიკურობასა და სიმტკიცეს უნარჩუნებს, მთელ გულ-სისხლძარღვთა სისტემას კი ახალგაზრდობას, ამიტომ ბულგარული წიწაკის გამოყენება რეკომენდებულია თრომბოზებისა და ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისათვის. ბულგარული წიწაკა ძალზე სასარგებლოა მათთვის, ვინც გონებრივ შრომას ეწევა, ასევე - ასაკოვანთათვის, რადგან აუმჯობესებს მეხსიერებას, უზრუნველყოფს ყურადღების კონცენტრაციას, ხსნის უძილობას. მისი წყალობით ადამიანი თავისუფლდება სტრესისა და წინადეპრესიული მდგომარეობისგან, ნერვული და კუნთოვანი სისტემების ზედმეტი დაძაბულობისგან. ბულგარული წიწაკა როგორც მამაკაცის, ასევე ქალის ორგანიზმს უნარჩუნებს ახალგაზრდობასა და ჯანმრთელობას, აფერხებს თმის ცვენას. ეს ბოსტნეული განსაკუთრებით კარგია ორსულობისას, როდესაც ძვლოვან სისტემასა და თმას ყველაზე მეტად სჭირდება ელემენტებით შევსება. 



რა უნდა ვიცოდეთ 

წიწაკაში შემავალი ყველა სასარგებლო ნივთიერება თავმოყრილია ნაყოფის ყუნწში, მის შიდა, მოთეთრო რბილობსა და თესლში, ეს კი ის ნაწილებია, რომლებსაც ჩვენ პრაქტიკულად ყოველთვის ვყრით. კარგი იქნება, თუ მთელ წიწაკას, ან მთლიანი ნაყოფისგან გამოწურულ წვენს მიირთმევთ. ნურც ის დაგავიწყდებათ, რომ თერმული დამუშავების დროს ნაყოფი სასარგებლო ნივთიერებათა 70 %-ს კარგავს. ბულგარული წიწაკა თავისთავად უვნებელია, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მისი მიღება უნდა შეიზღუდოს ან საერთოდ გამოირიცხოს. კერძოდ, ასეა: 


  • გულის იშემიური დაავადების;
  • ღვიძლისა და თირკმლის პათოლოგიების;
  • კუჭის წყლულოვანი დაავადების ან მაღალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის (კუჭის ლორწოვანის ანთება) დროს. 
    ყველა ცალკეულ შემთხვევაში ექიმი დიეტოლოგი გასაზღვრავს, რამდენი ბულგარული წიწაკის მიღებაა ნებადართული, ვინაიდან ცალკეული ეთერზეთების, უხეში უჯრედისისა და განსაზღვრული კომპონენტების ჭარბი შემცველობის გამო ამ ბოსტნეულმა შესაძლოა ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებების გაამწვავოს. დაავადების მკურნალობაზე ადვილი ხომ მისი თავიდან აცილებაა, ამიტომ დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს პროფილაქტიკას. ის, ვინც დღეში 40 გრამ ბულგარულ წუწაკას მაინც მიირთმევს, C ვიტამინის დღეღამურ დოზას იღებს, ამ ვიტამინს კი ბევრი დაავადების პროფილაქტიკა შეუძლია - იგი იცავს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას, ნერვული და კუნთოვანი სისტემების ფუნქციობას, აჯანსაღებს ქსოვილებს. თრომბოზების ფროფილაქტიკისა და ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის დღეში 40-50 გრამი წიწაკის წვენის დალევაა რეკომენდებული. 
ავტორ(ებ)ი : rchevebi.com