Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

11:50 19.03.2018
"ახალი სამთავრობო ინიციატივები მნიშვნელოვნად გაზრდის ხელმისაწვდომობას საკრედიტო რესურსებზე"-გიორგი ცუცქირიძე

საცალო და ბიზნეს დაკრედიტების ტენდენციებზე, მთავრობის ახალ საგადასახადო ინიციატივებზე  გთავაზობთ "ჯორჯიან თაიმსის" ვრცელ ინტერვიუს საქართველოს ბანკების ასოციაციის დირექტორთან, პროფესორ გიორგი ცუცქირიძესთან, რომელიც მიიჩნევს, რომ ახალი სამთავრობო საგადასახადო ინიციატივები  კარგია არა მხოლოდ საგადასახადო ადმინისტრირების და ჩრდილოვანი ბრუნვის შემცირების კუთხით, იგი პირდაპირ გაზრდის ხელმისაწვდომობას საკრედიტო რესურსებზე.


-ბოლო წლებში ფიზიკური პირების დაკრედიტების ზრდის ტემპები მნიშვნელოვნად აღემატება ბიზნესდაკრედიტების ზრდის მაჩვენებლებს და 1 თებერვლის მდგომარეობით საკრედიტო  პორთფელში ბიზნეს სესხების ხვედრითი წილი ბოლო წლებში შემცირებულია და მხოლოდ 45 %-ს შეადგენს, ამ თვალსაზრის ადასტურებს გერმანელ ეკონომისტთა ჯგუფის „GET” მოხსენება, რომლის თანახმადაც მცირე და საშუალო საწარმოების კრედიტების ზრდამ საცალო სესხების მატებას ფეხი ვერ აუწყო.

 

გიორგი ცუცქირიძე: დავიწყებ იმით, რომ გერმანელ ეკონომისტთა ჯგუფის „GET” მოხსენება, ცალმხრივი ინტერპრეტაციით არის ნახსენები, ხოლო ამ ჯგუფის მიერ განხორციელებიი მონიტორინგის შედეგები სხვა კუთხითაც არის საინტერესო. ამ მოხსენების თანახმად, ხაზი აქვს გასმული კონკურენციის მაღალ მაჩვენებელს, რაც სესხებზე პროცენტის შემცირებაში და სექტორში მომსახურების ეფექტიანობის გაუმჯობესებაში  არის ასახული, ხოლო კრედიტზე ხელმისაწვდომობა მთლიანობაში დადებითად არის შეფასებული. ამ კვლევაში ასევე ნაჩვენებია, რომ საბანკო სისტემა კარგად გაუმკლავდა გაცვლითი კურსის ცვალებადობას 2014-2017 წლებში. ამასთან, საბანკო სისტემა არის მდგრადი და ბანკების კაპიტალის ადექვატურობის მაჩვენებელი არის მაღალ დონეზე, ბანკებს საკმარისი რეზერვი ანუ „ბუფერი“ გააჩნიათ, რაც საბანკო ზედამხედველობის საკმაოდ მაღალ სტანდარტზე მიუთითებს, პირველ რიგში რისკების მართვის და პრევენციის თვალსაზრისით. ეს საკითხები შემთხვევით არ მომიყვანია, რადგან ექსპერტთა ნაწილის მხრიდან გაუთავებლად მიდის მსჯელობა მაღალ საპროცენტო განაკვეთებზე, საკრედიტო რესურსების არასაკმარის ხელმისაწვდომობაზე, ბანკების „გაუმაძღარ მადაზე“, ზენორმატიულ მოგებაზე და ა.შ. რაც, კიდევ ერთხელ მიუთითებს ამგვარი საექსპერტო შეფასებების აშკარად გაზვიადებულ და სუბიექტური ხასიათზე.

 

რაც შეხება საცალო დაკრედიტების საკითხს, აქაც მსურს სიცხადე შევიტანო. თებერვლის მდგომარეობით ბანკების მიერ ეროვნულ ეკონომიკაზე(იურიდიულ  და ფიზიკურ პირებზე)  გაცემული სესხებით დავალიანება 20,95 მლრდ ლარს შეადგენს. აქედან იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების მოცულობა 9,38 მლრდ ლარია, რაც პორთფელის 45 %-ია, ხოლო დანარჩენი 55 % შინამეურნეობებზე გაცემული სესხებია. განვმარტავ, რომ შინამეურნეობებში შედის როგორც ფიზიკური პირები, ასევე მეწარმე ფიზიკური პირებიც. ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხები 10,3 მლრდ ლარია. რაც პორთფელის 49 %-ია, სადაც შედის როგორც სამომხმარებლო სესხები(3.65 მლრდ ლარი), ასევე იპოთეკური სესხები(6.46 მლრდ ლარი), მაგრამ აქ არის ერთი ნიუანსი. როგორც ავღნიშნე, ფიზიკურ პირებში გადიან მეწარმე ფიზიკურიც პირები ინდ.მეწარმეების სახით. თავის მხრივ მეწარმე ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხები-1,25 მლრდ ლარია(პორთფელის 6%), ანუ რეალურად იურიდიულ, თუ ინდ.მეწარმეებსაც მეწარმე სუბიექტებად ჩავთვლით და ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების მოცულობა პრაქტიკულად თანაბარია. 

 

საერთო ჯამში ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხები(ინდ.მეწარმე პირების გამოკლებით) მშპ-ის 29 %-ია, ევროკავშირის ქვეყნებში ანალოგიური მაჩვენებელი საშუალოდ 40 %-ის ფარგლებში მერყეობს. აქედან გამომდინარე, არაფერი ჩვენთან განსაკუთრებული არ ხდება,  ხოლო თუ ჩვენ გვსურს არსებული პროპორციის შეცვლა სამეწარმეო სექტორის დაკრედიტების კუთხით, ვექტორი მცირე და საშუალო ბიზნესის საკრედიტო რესურსების ხელმისაწვდომაბის ზრდაზე უნდა გაკეთდეს.

 

ახლა რაც შეხება საპროცენტო განაკვეთებს. საპროცენტო განაკვეთებმა  შედარებით კლება 2012 წლიდან დაიწყო, და  თუ 2012 წლის დასაწყისში  იურიდიულ პირებზე გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 15 %-ს შეადგენდა,  2014 წლის ბოლოს  4 %-ით შემცირდა და 11.2% იყო, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 2015-2016 წლებში საპროცენტო განაკვეთები უფრომარალ 13-14.5 % -ის ფარგლებში მერყეობდა. საპროცენტო განაკვეთების შემდგომი შემცირების შემაფერხებელი ფაქტორი გახდა 2015-2016 წლებში გლობალური შოკების ზეგავლენა ჩვენს ეკონომიკაზე, რაც დიდწილად ლარის გაუფასურებით წარმოქმნილმა ფინანსური არასტაბილურობის რისკმა  გამოიწვია, თუმცა 2016 წლის ბოლოს საპროცენტო განაკვეთები კიდევ შემცირდა და ისტორიულ მინიმუმზე -10.7 %-მდე დავიდა. აქვე უნდა ავღნიშნო, რომ  11%-იანი მაჩვენებელი შენარჩუნდა 2017 წელსაც და ამ  შემთხვევაშიც საპროცენტო განაკვეთების შემდგომი კლების მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი, გასულ წელს საერთაშირისო ბაზრებზე ნავთობის ფასების ზრდის შედეგად, ინფლაციის მიზნობრივზე(4%) მაღალი 7 % -ანი მაჩვენებელი იყო და არა ლარიზაციის პროგრამის ზეგავლენა, რაზეც  ასევე ხდება ხოლმე არასწორი აქცენტების გადატანა.

 

-საცალო დაკრედიტების ზრდის ტენდენცია მაინც თვალშისაცემია, თუნდაც 2013 წელს საკრედიტო პორთფელში ბიზნეს დაკრედიტების ხვედრითი წილი გაცილებით მეტი-57% იყო, რა არის ამის მიზეზი და რატომ არ ხდება ჩვენტან სტარტ აპების დაფინანსება?

 

გიორგი ცუცქირიძე: როდესაც იღებ სესხს, იგი დაბრუნებადობას ექვემდებარება. ხოლო რისკის ზომა დამოკიდებულია მსესხებლის საკრედიტო ისტორიაზე და დადასტურებულ შემოსავლებზე. ეს პრობლემა ევროპის ქვეყნებში ნაკლებად დგას, რადგან უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია, ვიდრე ჩვენთან და საშუალოდ 3-7 %-ის ფარგლებშია. 

 

პრობლემა აქაც იმაშია, რომ საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი თვითდასაქმებულთა კატეგორიაში გადის ანუ მსესხებლების დიდ ნაწილს უჭირს არსებული შემოსავლების დადასტურება, რაც ბუნებრივია ართულებს სესხის გაცემის პროცედურებს, მიუხედავად იმისა თუ რა ხერხით იღებენ შემოსავალს იქნებიან თვითდასაქმებულები, სოფლის მეურნეობაში ჩართული მეწარმეები, ტაქსის მძღოლები, სამშენებლო სექტორში დასაქმებულები თუ სხვა პირები.

 

სესხის გაცემისას ბანკებს კომპანიების მცირე კაპიტალიზაციის გამო ისედაც უდგათ დაფინანსების პრობლემა,  და ეს თანაბრად ეხება როგორც მცირე, ასევე შედარებით მსხვილ საწარმოებსაც, რასაც  მცირე საწარმოების შემთხვევაში ემატება უზრუნველყოფის პრობლემაც. დიდწილად სწორედ ამის გამოა, რომ იურიდიული პირების დაკრედიტებისას ბანკები ამ კომპანიების ქონების გარდა, მესაკუთრეების უძრავ ქონებას რომ ითხოვენ. რაც შეეხება სტარტ აპებს, აქ გარდა ზემოთაღნიშნული ფაქტორებისა წინა პლანზე გამოდის მაღალი რისკები, რაც ბიზნესის ნაკლებ პროგნოზირებადობიდან გამომდინარეობს. აქ საუბარი არ არის დეტალურად გაწერილ ბიზნეს გეგმებზე, ხშირად ელემენტარულად წმინდა ფულადი ნაკადების საპროგნოზო მაჩვენებლების გაანგარიშებაც კი პრობლემას წარმოადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში წამყვანი ქართული ბანკები უკვე აქტიურად მიმართავენ სტარტ აპების დაფინანსებას. ამ მიზნით სპეციალური პლატფორმებიც არის შექმნილი. ნებისმიერ მსესხებელ სტარტაპს შეუძლია დარეგისტრირდეს  ინდივიდუალურ კონსულტაციებზე, სადაც  უფასოდ მიიღებს სრულ კონსულტაციას ფინანსების მართვის, გადასახადების, გაყიდვების თუ ციფრული მარკეტინგის სტრატეგიებზე.

 

ბოლო წლებში ფიზიკურ პირებზე დაკრედიტების ტემპების ზრდა, დიდწილად მაინც დაკავშირეულია საცალო პროდუქტების, მათ შორის განვადების სერვისების განვითარებასთან და ხელმისაწვდომობასთან, როგორც საპროცენტო განაკვეთების შემცირების, ასევე ვადიანობის დაგრძელების თვალსაზრისით. აქვე მსურს ავღნიშნო, სწორედ ამფაქტორების გამო, ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც ფიზიკური პირების დაკრედიტების ზრდა შესამჩნევი იყო, როგორც 2008 წლის კრიზისამდე, ასევე მის შემდგომ პერიოდშიც და ეს ტენდენცია დღესაც გრძელდება. ასე რომ  ბიზნესდაკრედიტების ტემპების შენელება მხოლოდ ჩვენი ეკონომიკისათვის არ არის დამახასიათებელი.  

 

-სამაგიეროდ, ევროპის ქვეყნებში მცირე და საშუალო ბიზნესის ხვედრითი წილი მშპ-სთან 60-65 %-ის ფარგლებშია, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ გაიზარდოს მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების მოცულობა?

 

გიორგი ცუცქირიძე: ეს საკითხი არის კომპლექსური. აქვე მსურს ავღნიშნო, რომ მცირე და განსაკუთრებით მიკრო ბიზნესის ხელშემწყობა  ამერიკისა და ევროპის ქვეყნებში, დიდწილად სწორედ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ხორციელდებოდა. ამ მიმართულებით ჩვენთან პირველ ტალღას წარმოადგენდა სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რომლის ფარგლებში გასული  3 წლის განმავლობაში არაერთი პროექტი დაფინანსდა. ცნობისათვის, პროგრამის ფარგლებში უკვე დამტკიცებულია 329 პროექტი, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება 800 მლნ ლარზე მეტია, ხოლო კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა კი 411 მლნ ლარს აჭარბებს. სულ, მარტო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ განხორციელების შედეგად, ჩვენ მივიღებთ 13 000-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს, რაც ნამდვილად არ არის პატარა ციფრი. 

 

ნიშანდობლივია, რომ ევროპის სახელმწიფოებში საშუალო, მცირე და მიკრო ბიზნესის განვითარება პრიორიტეტულ მიმართულებად არის მიჩნეული, რადგან ახალი სამუშაო ადგილების ფორმირებას დიდწილად სწორედ  მცირე საწარმოები უზრუნველყოფენ. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მცირე ბიზნესად მიიჩნევა საწარმო, სადაც დასაქმებულია 10-49 ადამიანი, ხოლო მთლიანი ბრუნვა 10 მლნ ევროს არ აღემატება. არსებობს მიკრო ბიზნესის დეფინიციაც ანუ  მიკრო ბიზნესად მიჩნეულია ბიზნესი, რომელსაც დასაქმებული ჰყავს 10-ზე ნაკლები ადამიანი და რომლის ბრუნვა  2 მილიონ ევროს შეადგენს. 

 

აქედან გამომდინარე, სამთავრობო სტრატეგია „აწარმოე საქართველოში“, თავისი კომპონენტებით ამ საერთაშორისო გამოცდილებზე არის ბაზირებული და მხოლოდ დადებითად უნდა შეფასდეს, რომლის პოზიტიურ შედეგებსაც ჩვენ უახლოეს მომავალში მოვიმკით. ბუნებრივია, ეს საკმარისი არ არის და ვერც იქნებოდა, იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ ეს იყო მხოლოდ საწყისი ეტაპი, ადგილობრივ წარმოების სტიმულირების კუთხით გადადგმული. ზემოთ მოყვანილი ციფრებიც მოწმობს, რომ მან ადგილობრივი წარმოების „გამოცოცხლების“ ამოცანა მეტ-ნაკლები წარმატებით მაინც შეასრულა.

 

რაც შეეხება, მცირე ბიზნესის ხელშეწყობის მეორე ტალღას, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი მთავრობა ამზადებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის ახალ პროგრამას, მათ შორის საგადასახადო კოდექსში ინიცირებულია სიახლეები, რაც მთლიანობაში ხელს შეუწყობს ეკონომიკის სტიმულირებას. ამ პროგრამის ნაწილი უკვე დაანონსებულია. კერძოდ, საგადასახადო შეღავათების ნაწილში მცირე მეწარმეებისთვის 5-ჯერ შემცირდება ბრუნვის გადასახადი, ანუ 5%-ის ნაცვლად იქნება 1%-იანი ბრუნვის გადასახადი. ამასთან, დღეს თუ მცირე მეწარმედ ითვლება 100 000 ლარამდე ბრუნვის მქონე საწარმო, ამ კატეგორიაში ჩაითვლება 500 000 ლარამდე ბრუნვის მქონე საწარმო,  რაც  მიმაჩნია, რომ იქნება მნიშვნელვანი სტიმულირების მიმცემი მცირე მეწარმეობაში დაკავებული ადამიანებისთვის, საგადასახადო ტვირთის  შემცირების კუთხით და არა მხოლოდ ამ მიმართებით.  

 

ეს რეფორმა იმითაც არის  მნიშვნელოვანი, რომ გარდა ეკონომიკაში ჩართულობის გაზრდისა, დღეს ნებისმიერ თვითდასაქმებულ ადამიანს უჩნდება შანსი დარეგისტრირდეს მცირე მეწარმედ, და გადაიხადოს წლიური ბრუნვის 1 %, ასევე დარეგისტრირდეს დღგ-ის გადამხდელად, რაც მას მისცემს საშუალებას ჰქონდეს დეკლარირებული შემოსავალი, რაც კარგია არა მხოლოდ საგადასახადო ადმინისტრირების და ჩრდილოვანი ბრუნვის შემცირების კუთხით, იგი მნიშვნელოვნად გაადვილებს შედარებით მსხვილ და დღგ-ის გადამხდელ კომპანიებთან საკონტრაქტო ურთიერთობებს. რაც მთავარია, პირდაპირ გაზრდის ხელმისაწვდომობას საკრედიტო რესურსებზე, რადგან შემოსავლების დეკლარირებით და საკრედიტო რისკების მიტიგაციით, შემცირდება წლიური საპროცენტო განაკვეთებიც და გაიზრდება ვადიანობაც. 

 

როგორც ავღნიშნე, სამთავრობო პროგრამები „აწარმოე საქართველოში“, სოფლის მეურნეობის კომპონენტი  „დანერგე მომავალი“ ამ მიზანს ემსახურება- შემცირდეს თვითდასაქმებულების რიცხვი და გაიზარდოს მცირე და საშუალო ბიზნესის თანამონაწილეობა ეკონომიკურ ზრდაში. საგადასახადო სისტემის მორიგი ლიბერალიზაცია, რაც დაკავშირებულია ერთის მხრივ მოგების გადასახადის ესტონურ მოდელთან და მეორეს მხრივ, მცირე ბიზნესის დაბეგვრის ახალი გამარტივებულ რეჟიმთან, რომელიც 120 ათას მეწარმეს შეეხება, სწორედ   ეკონომიკის სტიმულირების და დასაქმების ზრდის მიზნით ხორციელდება.

 

საკრედიტო რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის თვალსაზრისით, ასევე ძალზე მნიშვნელოვან ფაქტორად მიმაჩნია, საბანკო ზედამხედველობის კუთხით დაწყებული ცვლილებები. ბაზელ 3-ის ჩარჩოზე დაფუძნებული კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების დებულების ძირითადი ცვლილება, გარდა კაპიტალის ბუფერების შექმნისა, ასევე უკავშირდება საცალო მოთხოვნების კლასში ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფის რისკის პოზიციის თანხის ლიმიტის 350,000 ლარიდან 2 მილიონ ლარამდე ზრდას. აღნიშნული ლიმიტის ზრდა კომერციულ ბანკებს საშუალებას მისცემს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გაცემული სესხები ჩაირთონ საცალო მოთხოვნების კლასში  ანუ რისკის მიხედვით შეწონვა ბიზნეს სესხებთან შედარებით უფრო დაბალი განაკვეთით მოხდეს(75 %-ით 100%-ის ნაცვლად), რაც აღნიშნულ სესხებზე დაკრედიტების საზედამხედველო ტვირთის შემსუბუქებას ნიშნავს. შესაბამისად, მოცემული ცვლილება ხელს შეუწყობს მიკრო, მცირე და საშუალო სეგმენტის დაფინანსების ხელმისაწვდომობის ზრდას.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge