Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:50 16.03.2018
სვანური ლეგენდა მთა-ქვევრის შესახებ და მეფეები, რომლებიც 30 ლიტრ ღვინოს სვამდნენ

საქართველო ლეგენდების ქვეყანაა და ალბათ არსად ისე არ უყვართ ძველი, მეხსიერებაში მიმქრალი ამბები, როგორც ჩვენს ქვეყანაში. ძალიან იშვიათია ქართული ლეგენდა, რომელიც ღვინოს, სუფრასა და ზოგადად ბახუსის ტრფიალებას არ უკავშირდებოდეს. სხვადასხვა ისტორიულ წყაროებში, უმეტესად კი ზეპირ გადმოცემებში, ღვინოსთან დაკავშირებული ლეგენდადქცეული ამბები უხვად გვხვდება. ამ მასალის საერთო ანალიზით და სათანადო კვლევითაც ადვილად მივდივართ დასკვნამდე, რომ საქართველო მართლაც ღვინის სამშობლოა.


ღვინოსთან დაკავშირებული ლეგენდები საქართველოს თითქმის ყველა კუთხეშია შემორჩენილი. მათ შორის - აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთშიც კი, სადაც ღვინის დაყენების კულტურა თითქმის არასოდეს არსებულა. თუმცა, ღვინის ნამდვილ ქართულ ფენომენს ფშაველები თუ ხევსურები ბარის ქართველებზე არანაკლებად აღიქვამდნენ. თიანეთში დღესაც შემორჩენილია გამოთქმა: "ჩვენებურს თუ ღვინო მასწყურდა, ვერა კახელი თამადა ვერ გაუძლებსო".

 

 

ქართველი ისტორიკოსები და ეთნოგრაფები, რომელთაც სხვადასხვა წერილობით წყაროებზე უწევთ მუშაობა, ამბობენ, რომ საქართველოს ისტორია ღვინის ისტორიის პარალელურია და ღვინის, პურადობისა თუ, ქართული ნადიმების თემას ვერც ერთი მკვლევარი ვერ უვლის გვერდს.

 

სხვადასხვა წყაროებში გაფანტული ღვინოსთან დაკავშირებული ბევრი ძველი ამბავი, უმეტეს შემთხვევაში, ლეგენდა უფროა, ვიდრე რეალობა. თუმცა, თითქმის ყველა ძველი ისტორიკოსი თავს ვალდებულად მიიჩნევდა, რომ ამა თუ იმ მეფის ცხოვრების აღწერისა და საერთოდ მათ ეპოქაზე საუბრისას, იმდროინდელი ნადიმის სცენებიც აღეწერათ და თითქმის ყველგან ჩანს, რომ მემატიანის მიერ ამ ამბების თხრობის მთავარი მიზანი, ნადიმებზე არსებული ღვინის ქებათა-ქებაა. რა გასაკვირია, რომ ღვინის განსაკუთრებული სიყვარულით კახეთის მეფეები და თავადები გამოირჩეოდნენ. ზოგიერთზე არსებობს დაუჯერებელი ლეგენდები, რომ თითქოს, 30 და მეტ ლიტრ ღვინოს სვამდნენ, რაც ნაკლებად სარწმუნოა. ერთი ლეგენდის თანახმად, კახეთის პირველ მეფეს, გიორგი მერვეს, სატახტო ქალაქიდან ახლოს მდებარე სოფლამდე თიხის მილი გაუყვანია, საიდანაც ნადიმების დროს ღვინო მოედინებოდა და მოქეიფეები ეგრევე მილიდან ივსებდნენ ჭიქებს. ეს ყველაფერი დაუჯერებელია, მაგრამ თუკი ჩვენი ქვეყნის ისტორიას გადავხედავთ, ღვინოსთან დაკავშირებულ ამაზე ბევრად საინტერესო ლეგენდებსაც წავაწყდებით.

 

 

ყველამ კარგად იცით ლეგენდა კავკასიონზე მიჯაჭვულ ამირანზე. ამ ლეგენდას მთელს მსოფლიოში მრავალი ინტერპრეტაცია აქვს, მაგრამ მე სვანეთში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ინტერპრეტაცია მოვისმინე. სვანეთში არსებობს ერთი ძალიან პატარა მთა, რომელიც მეტად უცნაური ფორმისაა და იმერულ მოგრძო ჭურს ჰგავს. სვანური ლეგენდის მიხედვით, ზევსმა ამირანი (პრომეთე) როდესაც დასაჯა, ბოლომდე მაინც არ გასწირა და სწორედ ამ კლდეზე მიაჯაჭვა. ეს კლდე იყო ღვინით სავსე უზარმაზარი ჭური, რომელიც მუდამჟამს ღვინით იყო სავსე და ამირანი ასწლეულების მანძილზე ამ უზარმაზარი ქვევრიდან მწვეთავი ღვინის წვეთებით საზრდოობდა. ამირანის შესახებ არსებულ, ხშირად ურთიერთგამომრიცხავ ლეგენდებს შორის, ეს მთა-ჭურის ლეგენდა ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში ღვინის დაყენების ტრადიცია მართლაც უძველესია.

ავტორ(ებ)ი : allwine.ge