Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

13:13 13.03.2018
დემოკრატიული სოციალიზმის (სოლიდარიზმის) მანიფესტი საქართველოსთვის ანუ როგორ გავამდიდროთ ღარიბები და არ გავაღარიბოთ მდიდრები

მეორე ნაწილი

 

რატომ უნდა აიღოს ეკონომიკის განვითარებაზე  პასუხისმგებლობა  მთავრობამ

კარგი იყო, ისე, როგორც დასავლეთ ევროპაში, ეკონომიკა ჩვენთანაც ბუნებრივი ისტორიული პროცესის გზით თავისუფალი კონკურენციის საფუძველზე განვითარებულიყო, მაგრამ რადგან ეს მომენტი ხელიდან გაშვებულია, არსებულ ვითარებაში ეკონომიკის დაჩქარებული განვითარების პასუხისმგებლობა თავისთავზე მთავრობამ უნდა აიღოს და არ მიანდოს ის მხოლოდ ბაზრის “უხილავ ხელს” – თავისუფალ კონკურენციას. თავისუფალი კონკურენცია, მართალია, საუკეთესო, მაგრამ არა ერთადერთი გზაა ეკონომიკური კეთილდღეობის მისაღწევად. მით უფრო გლობალიზაციისა და ღია საზღვრების პირობებში, როცა ჩამორჩენილ ქვეყნებს ღია საბაზრო ეკონომიკით არავითარი შანსი არ აქვთ კონკურენცია გაუწიონ განვითარებულ ქვეყნებს, რომლებიც დაინტერესებული არ არიან სხვა ქვეყნების ეკონომიკების განვითარებით და თავიანთი ეკონომიკებისთვის კონკურენტების შექმნით. მათ ჩამორჩენილი (განვითარებადი) ქვეყნები საკუთარი სამრეწველო პროდუქციის გასაღების ბაზრებისა და სანედლეულო ბაზების სახით სჭირდებათ. ამიტომ არ ცდილობენ ისინი ჩამორჩენილი ქვეყნების ეკონომიკების განვითარებას, რის გამოც ეს უკანასკნელნი ყოველთვის ჩამორჩენილები იქნებიან, თუ მათ განვითარებაზე ადგილობრივმა ეროვნულმა ხელისუფლებებმა არ იზრუნეს. გლობალიზმთან შერწყმული ლიბერტარიანიზმი ღარიბ ქვეყნებს მუდმივი სიღარიბისთვის წირავს.

 

ქონება სამართლიანად უნდა გადანაწილდეს, მაგრამ როგორ?

ერთობლივი ეროვნული პროდუქტის შექმნაში ქვეყნის მთელი მოსახლეობა მონაწილეობს და არა მხოლოდ ფინანსური, სამრეწველო თუ ოლიგარქიული ჯგუფები. შექმნილი დოვლათი კი წარმოების საშუალებების მფლობელთა საკეთილდღეოდ ნაწილდება. სანამ ერთობლივი შრომით შექმნილი ეროვნული პროდუქტი მთელ მოსახლეობაზე მეტ-ნაკლებად სამართლიანად არ გადანაწილდება, სოციალური დაძაბულობა ქვეყანაში არ მოიხსნება. 

ქონების სამართლიან გადანაწილებაში არ ვგულისხმობთ, რომ დაჯდება ვინმე “მოსამართლე და მოწყალე” ქვეყნის სათავეში და დამსახურების მიხედვით ჩამოარიგებს ქონებას. დამსახურების მიხედვით ქონების სამართლიანი განაწილება (გადანაწილებაც) შეუძლებელია. “თუ შევეცდებით ყველას თავისი კუთვნილი მივაგოთ, შინააშლილობა გარდაუვალი იქნება,” აფრთხილებდა თანამედროვეებს ბლეზ პასკალი. ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების ვალდებულებას ისე მოაწყოს ეკონომიკური ცხოვრება, ეკონომიკის ისეთი მექანიზმი შექმნას, რომ სურვილის შემთხვევაში ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა არამარტო ფიზიკურად მიიღოს მონაწილეობა საერთო ეროვნული პროდუქტის შექმნაში, არამედ შესაძლებლობის ფარგლებში აქციების სახით შეიძინოს კიდეც მისთვის სასურველი წარმოების საშუალებების ნაწილი, გახდეს წარმოების საშუალებების თანამფლობელი, მესაკუთრე, რაც უფლებას მისცემს საერთო მოგებიდან აქციების შესაბამისი კუთვნილი წილი მიიღოს. ამ გზით ასიათასობით მოქალაქეს გაუჩნდება შემოსავალი, რომელიც უზრუნველყოფს მათ ნორმალურ არსებობას, ხოლო სახელმწიფოში სტაბილურობას.

საქართველოს გაურკვეველი მიმართულების ეკონომიკის სააქციო რელსებზე გადასაყვანად საჭირო იქნება სხვადასხვა საინვესტიციო ფონდებისა და სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით, შესაძლებლად მოკლე დროში,  ქვეყნისთვის აუცილებელი რამდენიმე ათეული თუ ასეული საშუალო და მსხვილი საწარმოს აშენება და მათი მოქმედებაში შეყვანისთანავე კერძო პირებზე პრივატიზება მასობრივი აქციონირების გზით.

აქციონირებისთვის საჭირო ფინანსების ერთი ნაწილი მოზიდული უნდა იქნას ამ საწარმოებში დასაქმებული მუშაკების ხელფასებიდან (მათი სურვილისა და თანხმობის შემთხვევაში), ხოლო დანარჩენი – მოსახლეობის დანაზოგებიდან და  უძრავი  ქონების რეალიზაციიდან.

პერსპექტიული, ეფექტიანი საწარმოების არსებობისას მოსახლეობის საკმაო ნაწილი გამოძებნის საშუალებას აქციების შესაძენად საკუთარი უძრავი ქონების (მიწის, ბინის, აგარაკის, ძვირფასი ნივთების) ან მისი ნაწილის გაყიდვის გზით, რითაც პირდაპირ ინვესტირებას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკაში. უამრავ ადამიანს აქვს მეწარმეობისა და ბიზნესის დაწყების სურვილი, მაგრამ დამოუკიდებელი ბიზნესის გამართვისათვის საჭირო ოდენობის თანხები და გამოცდილება ბევრს არ გააჩნია. აწყობილ და გამზადებულ საწარმოებში კი, სადაც მათი პარტნიორები გამოცდილი ბიზნესმენები და მენეჯერები იქნებიან, გაბედულად დააბანდებენ საკუთარ სახსრებს. ეს მნიშვნელოვანი შიგა ინვესტიციები იქნება.

ამავე მეთოდით უნდა მოხდეს უკვე არსებული მსხვილი საწარმოების აქციონირება. საყოველთაო აქციონირების გზით შემზადდება საფუძველი ნამდვილად თავისუფალ კონკურენციაზე გადასასვლელად. ახლა, როცა ერთ მხარეს წარმოების საშუალებების 95%-ის მფლობელი რამდენიმე ათეული მულტიმილიონერი დგას, ხოლო მეორე მხარეს გაღატაკებული მილიონები, დაბალი ხელფასის შემყურე ინტელიგენცია და მხოლოდ 10% საშუალო შეძლების მოქალაქეები, ვინ ვის უნდა გაუწიოს კონკურენცია?

 

რას მოგვცემს  საყოველთაო აქციონირება

საწარმოთა მასობრივი აქციონირებისას სამმაგი ეფექტი მიიღწევა:

1. ობიექტების ახლანდელ მფლობელებს დამატებითი თანხები შემოუვათ წარმოების განახლების, გაფართოებისა და ახალი ბიზნესების ინვესტირებისათვის, რაც ახალ სამუშაო ადგილებს გააჩენს.

2. ათასობით ადამიანი გახდება საწარმოების თანამფლობელი, რომელთაც გაუჩნდებათ სტაბილური შემოსავალი და ხელი შეეწყობა საშუალო კლასის ფორმირებას.

3. საწარმოების აქციონირებისას მიმოქცევიდან ლარის გარკვეული რაოდენობის ამოღება ხელს შეუწყობს ინფლაციის შეზღუდვას, ლარის სტაბილიზაციას.

ეს არის გზა “მეწილეთა” ველური კაპიტალიზმიდან აქციონერული საზოგადოებისაკენ, შედარებით სამართლიან სახელმწიფომდე, სადაც, მართალია, მდიდრებიც იქნებიან და ღარიბებიც (სახელმწიფო ყველას ერთდროულად ვერ გაამდიდრებს), მაგრამ ქონებრივი განსხვავება მათ შორის აღარ იქნება ისეთი კატასტროფული, როგორიც დღესაა, ხოლო ასიათასობით ადამიანს მიეცემა სიღარიბისგან თავის დაღწევის და ნორმალური ცხოვრების შანსი.

თუ ამ გზით არ წავალთ, ბევრი დრო დაიკარგება, სანამ კერძო პირები თავს მოაბამენ ახალი საწარმოების აშენებას და ბიზნესების გამართვას. ამ დროის განმავლობაში კი ქვეყანა გახდება რამდენიმე შინაური თუ გარეული ბიზნესჯგუფის სათარეშო ადგილი და მივიღებთ იმას, რაც მიიღო ბევრმა ქვეყანამ_ ერთი მხრივ მცირერიცხოვანთა დიდ სიმდიდრეს, ხოლო მეორე მხრივ მრავალრიცხოვანთა დიდ სიღატაკეს.

რით მთავრდება ასეთი პოლუსების შექმნა, კარგად მოგეხსენებათ.

 

რა დაუბარა ჩერჩილმა მდიდრებს და რას ამბობს „ბრწყინვალე გონება?“

ცხადია, დაისმება კითხვა – რატომ და რისთვის დათანხმდებიან მდიდრები თავიანთი სიმდიდრისა და ძალაუფლების საფუძვლის, წარმოების საშუალებებზე საკუთრების გადანაწილებას ხალხზე? ხელისუფლება ხომ იმათი მსახურია, ვინც წარმოების საშუალებებს ფლობს?

რასაკვირველია, მქონებელნი ხალისით არ დათანხმდებიან ქონების გადანაწილებას, მაგრამ ისინი საკმაოდ გონიერი ხალხია და იციან, რომ “ღატაკთა კვნესის წამყრუებელი თავადაც იყვირებს, მაგრამ არ იქნება შეწყნარებული,” ამიტომ, ხალხურად რომ ვთქვათ, ჩათრევას (რევოლუციას და ყველაფრის დაკარგვას) ჩაყოლას – ქონების გადანაწილებას ამჯობინებენ.

მეორე – როგორც მდიდრებს ჩერჩილმა დაუბარა, “კეთილდღეობა(მათი) სტაბილური რომ იყოს, ის საყოველთაო უნდა იყოს!”

მესამეც – გონიერი ხალხი ადვილად გააცნობიერებს, რომ სმიტისეული მიდგომა, როცა თავისუფალ ბაზარზე ყველა მხოლოდ თავის სასარგებლოდ მოქმედებს, არაოპტიმალურია. თანამედროვე ეკონომიკაში გონივრულად ითვლება სიტუაცია, როცა სუბიექტი მეორე სუბიექტის მდგომარეობის გაუმჯობესებით საკუთარ მდგომარეობასაც იუმჯობესებს (“ბრწყინვალე გონების– ჯონ ნეშის თეორია, რისთვისაც მას ნობელის პრემია მიანიჭეს).

სწორედ ასე მოხდება აქციების მეშვეობით წარმოების საშუალებების გადანაწილებისას. აქციების შემძენთა მდგომარეობაც გაუმჯობესდება და არსებული მფლობელებისაც, რადგან მათ დიდი ოდენობის ფულადი სახსრები გაუჩნდებათ ბიზნესის (წარმოების) გაფართოებისთვის ან ახალი ბიზნესების საწარმოებლად. პარეტოს ფორმულირებას თუ გამოვიყენებთ, საზოგადოების ერთი ნაწილის – ახალი აქციონერების  კეთილდღეობის დონის ზრდა არ შეამცირებს მეორე ნაწილის – ძველი მეპატრონეების  კეთილდღეობის დონეს (“პარეტოს ოპტიმუმი”). 

დაპირისპირებულ მხარეებს შორის თანამშრომლობა ძნელი მისაღწევია, მაგრამ თუ ეს თანამშრომლობა ორივე მხარეს უკეთეს მდგომარეობაში აყენებს, ის მიიღწევა. მით უმეტეს, თუ ამას სახელმწიფოც შეუწყობს ხელს. საოცარია, მაგრამ ჯერ კიდევ კაპიტალიზმის გარიჟრაჟზე აღნიშნავდა ადამ სმიტი რომ საკუთრების მფლობელთა ინტერესებში უნდა შედიოდეს კეთილდღეობის გადანაწილება საზოგადოებაზე და “ეთიკური” მფლობელი ასეც მოიქცევა-ო.

 

გაჭირვებულ ხალხში სიმშვიდე ვერ დაისადგურებს

საკუთარი პოლიტმიზნების განხორციელების რევოლუციურმა გზამ რაც მოუტანა  დაპირისპირებულ  მხარეებს  და  კონკრეტულ  ქვეყნებს, ვნახეთ, ამიტომ ის არ შეიძლება მხარდაჭერილი იყოს. ამავე დროს, წარმოების საშუალებების  მფლობელ და ამ საშუალებების არამფლობელთა შორის არსებული დაპირისპირება  განმუხტვას  რომ  მოითხოვს,  ესეც  ნათელია.

როგორც “დაიკავე უოლ-სტრიტის” ამერიკულ-ევროპულმა მასშტაბურმა აქციებმა დაგვანახა, უზარმაზარი ქონებრივი უთანასწორობის, უსამართლო პრივატიზაციის თუ სხვადასხვა გზებით მიტაცებული ქონების სამართლიანი გადანაწილებისა და ლეგიტიმაციის პრობლემა მთელ მსოფლიოში დგას. ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის 5% ფლობს მთელი სიმდიდრის 80-90%-ს, ხოლო მილიონობით ადამიანი გაჭირვებაში იმყოფება, სიმშვიდე ვერ დაისადგურებს. სამართლიანობის მხრივაც ის, რაც მთელ ქვეყანას ეკუთვნის:  ბუნებრივი მონოპოლიები, პორტები, რკინიგზა, სტრატეგიული და სასარგებლო წიაღისეული, მათ მოპოვება-გადამუშავებაზე დაფუძნებული ქარხნები, ტყეები, მდინარეები, სახელმწიფო სახსრებით შექმნილი მსხვილი ენერგეტიკული ობიექტები და ა.შ. მთლიანად ხალხს უნდა ემსახურებოდეს და არა მის ერთ ნაწილს ან ჯგუფს. იმისგან, რაც ეროვნულ სიმდიდრეს წარმოადგენს, სიკეთე, შესაძლებლობის ფარგლებში, ყველამ უნდა მიიღოს. ეკონომიკაში კი სიკეთის გადანაწილების ყველაზე კარგი და სამართლიანი გზა აქციონირებაა, რომელიც უნდა გახდეს ეკონომიკის მამოძრავებელი ძრავა. დანარჩენი – ინვესტიციები, ტურიზმი, კონკრეტული დარგების განვითარება და ასე შემდეგ, როგორც იტყვიან, ტექნიკის საქმეა.

 

მდიდრების  „სოლიდარობა“

“სოციალური კეთილდღეობის სახელმწიფოს” ფარგლებში მდიდრების ხელისუფლების მიერ 50%-მდე სახელმწიფო შემოსავლების გადანაწილება ნაკლებშემოსავლიანთა და ღარიბთა სასარგებლოდ იძულებითი ღონისძიებაა, რომელიც დროებით ანელებს დაპირისპირებას მქონებელთა და უქონელთა შორის. ასეთი “სოლიდარობით” მდიდრები საკუთარ უსაფრთხოებას ყიდულობენ და წარმოების საშუალებებზე თავიანთ საკუთრებას იცავენ. ნამდვილი სოლიდარობა არა სოციალური დახმარებების გაწევასა და გაცემაშია, არამედ პარტნიორობაში წარმოების საშუალებების გადანაწილებისას.

ჭეშმარიტად საყოველთა კეთილდღეობის სახელმწიფო საყოველთაო სოლიდარობისა და პარტნიორობის გარეშე არ მიიღწევა. პარტნიორობა წარმოების საშუალებების ფლობაში კლასთაშორისი (სოციალურ ჯგუფთაშორისი) სოლიდარობის პრაქტიკული რეალიზაცია იქნება. ნამდვილი სოლიდარობა სწორედ ამაში გამოიხატება. პარტნიორობა წარმოების საშუალებების ფლობაში არის გზა ფსევდოსაყოველთაო “კეთილდღეობის სახელმწიფოდან” ჭეშმარიტად საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფომდე.


აარც კაპიტალიზმი, არც სოციალიზმი.

მმომავალი დემოკრატიული სოციალიზმისაა

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სოციალიზმსაც და კაპიტალიზმსაც თავთავიანთი დადებითი მხარეები აქვთ, მაგრამ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ეკონომიკური სისტემების მექანიკური შეჯვარება შეუძლებელია – სოციალიზმი ძირშივე უარყოფს თავისუფლების საფუძველს _ კერძო საკუთრებას, მაგრამ ისიც კარგად ცნობილია, რომ უკიდურესობები ბოლოს ერწყმიან ერთმანეთს (კონვერგენცირდებიან).

ამდენად, თუ კაპიტალისტურ “საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს” თავისი კერძო საკუთრებითა და დემოკრატიული თავისუფლებებით, თავისუფალი კონკურენციითა და სოციალური დაცვის საკმაოდ მაღალი დონით შეერწყმება მეტ-ნაკლები თანასწორობა წარმოების საშუალებების ფლობაში და სოციალიზმისათვის დამახასიათებელი სოციალური დაცულობის სერვისებიც გაფართოვდება საყოველთაო უფასო ჯანდაცვითა და განათლებით, საბინაო უზრუნველყოფითა და უმუშევრობის დახმარებებით, მივიღებთ რაციონალურ პრინციპებზე დაფუძნებულ პარტნიორულ, სოციალურად სოლიდარულ საზოგადოებას, კეინსისა და ერჰარდის ნალოლიავებ “საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს” გაუმჯობესებულ ფორმას, რომელზეც სამასი წლის წინ პროგრესული კაცობრიობის მედროშეები, ფრანგი განმანათლებლები ოცნებობდნენ – თანასწორთა შორის მცხოვრებ თავისუფალ ადამიანთა საზოგადოებას, სადაც “მოსპობილი არ იქნება კერძო საკუთრება, არც ქონებრივი უთანასწორობა, ხოლო შრომა ყველასთვის სასიამოვნო ვალდებულებად გადაიქცევა” (ვოლტერი).

ასეთ ახალ სოლიდარულ საზოგადოებას, ეკონომიკურ სისტემას, მთლიანად საზოგადოებრივ-ეკონომიკურ ფორმაციასაც კი თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ დემოკრატიული სოციალიზმი (სოლიდარიზმი)

დემოკრატიული სოციალიზმი თავისთავში გააერთიანებს კაპიტალიზმისა და სოციალიზმის საუკეთესო მხარეებს: კერძო საკუთრებას, თავისუფალ კონკურენციას, სოციალურ დაცულობას, სოციალურ სოლიდარობას, პარტნიორობას სოციალურ ჯგუფებს შორის და ა.შ. მასში პრაქტიკულად განხორციელდება საბაზრო კონკურენციის მოთხოვნების შეთანაწყობა საზოგადოებაში სოციალური თანხმობისა და სოლიდარობის  აუცილებლობასთან.

ზემოაღნიშნული ეკონომიკური სისტემა ერთნაირად მისაღებია პოლიტიკური მმართველობის ნებისმიერი ფორმისთვის, იქნება ეს საპრეზიდენტო რესპუბლიკა, საპარლამენტო თუ კონსტიტუციური მონარქია.

დემოკრატიული სოციალიზმის დროს წარმოების საშუალებები  საზოგადოების უმრავლესობის ხელში იქნება და არამხოლოდ მისი ერთი პრივილეგირებული ნაწილის, როგორც ახლაა.

დემოკრატიული სოციალიზმის დროს, კერძო საკუთრების პირობებში, რეალურად განხორციელდება სოციალისტური პრინციპი – “მიწა გლეხებს, ფაბრიკა-ქარხნები მუშებს”. საწარმოები, ფაბრიკა-ქარხნები რეალურად, გაპიროვნებულად, აქციების წილის შესაბამისად მშრომელების საკუთრებაშიც იქნება და არა მხოლოდ მდიდრების.

დდემოკრატიული სოციალიზმი არ არის სოციალ-დემოკრატია. როგორც რუსთაველი ბრძანებდა “იგი სხვაა, ... შუა უზის დიდი მზღვარი”.

დემოკრატიული სოციალიზმის დროს მაქსიმალურად გაიზრდება შრომისნაყოფიერება, რადგან ადამიანები საკუთარ საწარმოში გაცილებით ნაყოფიერად შრომობენ. ნნაყოფიერი, თავდადებული შრომა კი მოიტანს სიმდიდრეს და კეთილდღეობას. რამდენიც არ უნდა ეკამათონ “კაპიტალის” ავტორს, სიმდიდრე სხვა არაფერია, თუ არა ნაყოფიერი შრომის ნამრავლი ნამუშევარი საათების რაოდენობაზე.

 

პირველი ნაწილი იხილეთ ბმულზე.

 

გიორგი თავაძე

ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი,

ენერგეტიკის აკადემიის ნამდვილი წევრი 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge