Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:38 13.03.2018
დემოკრატიული სოციალიზმის (სოლიდარიზმის) მანიფესტი საქართველოსთვის ანუ როგორ გავამდიდროთ ღარიბები და არ გავაღარიბოთ მდიდრები

პირველი ნაწილი

მდიდარი ქვეყანა, ღარიბი სახელმწიფო


ნანატრი დამოუკიდებლობის მოპოვების ოცდამეშვიდე წელს ჩვენი სამშობლო ისევ მდიდარ ქვეყნად (საქართველოს ეროვნული სიმდიდრე 750 მილიარდ აშშ დოლარადაა შეფასებული), მაგრამ  ღარიბ სახელმწიფოდ რჩება (მთლიანი შიდა პროდუქტი მხოლოდ 14,4 მილიარდი დოლარია, როცა დაახლოებით ჩვენი ზომის ქვეყნებში – დანიასა და ისრაელში ის 300 მილიარდის, ხოლო ტერიტორიით ჩვენზე ორჯერ პატარა ბელგიაში სულაც 470 მილიარდი დოლარის ტოლია), რაც  მიანიშნებს, რომ ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკაში რაღაც სერიოზულად შესაცვლელია.

სტატისტიკის ექსპერტების ემპირიული შეფასებით საქართველოს მოსახლეობის 2-3 პროცენტი მდიდარია, 7-8% შეძლებული, 8-10% საშუალო ფენას შეიძლება მიეკუთვნოს, ხოლო 80% ღარიბს, რომელთაგან ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი აბსოლუტურ სიღარიბეში ცხოვრობს (საკვების, ტანსაცმლისა და საცხოვრებლის სერიოზული პრობლემები აქვთ), ხოლო დანარჩენები ფარდობით სიღარიბეში იმყოფებიან.

თომას ჰობსის მიერ “სახელმწიფოს საშინელ მტრად” შერაცხული სიღარიბე მართლაც საშინელი რამეა. იგი დამბლას სცემს სახელმწიფო ინსტიტუტებს. ააქტიურებს კორუფციულ, კრიმინალურ და დესტრუქციულ ძალებს, დიდ გასაქანს აძლევს პოპულისტურ და რადიკალურ რიტორიკას, რაც ძაბავს პოლიტიკურ ველს და შინააშლილობის გამოწვევის წინაპირობაა. პასკალის აზრით კი „შინააშლილობაზე უფრო დიდი უბედურება არ არსებობს” _  “ყოველი სამეფო, თავის თავის წინააღმდეგ დაყოფილი, გაუდაბურდება,” ამიტომ, სანამ ყველაფერი ზემოთქმული სამოქალაქო დაპირისპირებაში არ გადაზრდილა, იგივე ჰობსის მიხედვით ხელისუფლება ვალდებულია დაამყაროს მშვიდობა ქვეყნის შიგნით და იზრუნოს საკუთარი მოქალაქეების გამდიდრებისთვის.

 

 

სიღარიბის მანკიერი წრე


დამოუკიდებლად  იმისა, თუ როგორია ქვეყანაში სიღარიბის წარმოშობის პირველადი მიზეზები, რადგან წარმოიშვება, სიღარიბე თავისთავის კვლავწარმოებას ახდენს და ქვეყანა სიღარიბის მანკიერ წრეში ექცევა. როცა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი შეზღუდული მსყიდველობითი უნარიანობის გამო ვერ ახერხებს საკმარისი რაოდენობის საქონლის შეძენას, ქვეყანაში არასაკმარისად შემოდის საწარმოო ინვესტიციები, რაც შეუძლებელს ხდის ეკონომიკის განვითარებას და მოსახლეობის შემოსავლების ზრდას. იქმნება მანკიერი წრე: არაა საკმარისი რაოდენობის ფული – არ იყიდება და არ იწარმოება საკმარისი რაოდენობის საქონელი. არ იწარმოება საქონელი (იმიტომ, რომ არ იყიდება) – არაა სამუშაო ადგილები, დასაქმება და ფული. ამასთან, რაც უფრო მეტია სიღარიბეში მყოფი მოსახლეობის რაოდენობა, მით უფრო რთულია ქვეყნისთვის სიღარიბის მანკიერი წრისგან თავის დაღწევა.

სიღარიბეს ბევრი მიზეზი აქვს, მათ შორის სუბიექტურიც (სიზარმაცე, გაუნათლებლობა და ა.შ.), მაგრამ სიღარიბის მხოლოდ პიროვნულ-სუბიექტურ ფაქტორებზე დაბრალება სწორი არ იქნება.  უმრავლეს შემთხვევაში დამნაშავე მდიდრების ინტერესებზე მორგებული ეკონომიკური სისტემებია, რის გამოც ადამიანთა უმრავლესობას სამეწარმეო საქმიანობაში (ბიზნესში) ჩართვისა და საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესების საშუალება არ ეძლევა.

სპეციალისტების ერთი ნაწილი სიღარიბე-სიმდიდრის პრობლემას სახელმწიფოს პოლიტიკური მოწყობის ფორმას უკავშირებს, ხოლო მეორე – საკუთრებისას. ამ უკანასკნელთა აზრით იქ, სადაც კერძო საკუთრება და თავისუფალი კონკურენციაა(კაპიტალიზმი) – სიმდიდრეა, ხოლო სადაც სახელმწიფო საკუთრებაზე დაფუძნებული მართული ეკონომიკაა(სოციალიზმი) – სიღარიბე.

სახელმწიფოს პოლიტიკური მოწყობის ფორმა სიმდიდრე-სიღარიბის მიზეზების ასახსნელად ვერ გამოდგება, რადგან მსოფლიოში ისევეა ბევრი მდიდარი საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო რესპუბლიკა და მონარქიული ქვეყანა, როგორც ღარიბი, რაც გვაფიქრებინებს, რომ ეკონომიკური განვითარებისა და კეთილდღეობის მისაღწევად სახელმწიფოს პოლიტიკური მოწყობის ფორმას ფატალური მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს.

 

 

რატომ უნდა გავამდიდროთ ხალხი და ვაქციოთ ისინი მესაკუთრეებად


აანალიზი გვიჩვენებს რომ იშვიათი გამონაკლისების გარდა ეკონომიკურად განვითარებულია და კეთილდღეობის მაღალი დონე იმ ქვეყნებშია, სადაც მაღალია დემოკრატიის დონე, სადაც თავისუფალი და ობიექტური არჩევნები ტარდება, რადგან მხოლოდ ასეთ შემთხვევაშია შესაძლებელი ხალხის წინაშე პასუხისმგებელი კომპეტენტური ხელისუფლების არჩევა, რომელსაც ხალხისა და ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემების მოგვარების უნარი გააჩნია.

დემოკრატიის საფუძვლის – თავისუფალი და ობიექტური არჩევნების ჩასატარებლად კი აუცილებელია ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ფაქტორის – თავისუფალი ამომრჩევლების ყოლა, რომლებიც ყოველგვარი ზეგავლენის გარეშე, საკუთარი სინდისისა და პოლიტიკური გემოვნების მიხედვით გააკეთებენ თავისუფალ პოლიტიკურ არჩევანს.

თავისუფალ პოლიტიკურ არჩევანს კი თავისუფალი ადამიანები აკეთებენ.  ყოველდღიურ ყოფაცხოვრებაში თავისუფალია ადამიანი, თუ ის ეკონომიკურადაა თავისუფალი, თუ მისი კეთილდღეობა სხვის ნებაზე არაა მიბმული და დამოკიდებული. თავისუფლება უფრო ეკონომიკური კატეგორიაა, ვიდრე პოლიტიკური.

ამიტომ, იმისთვის რომ თავისუფალი პოლიტიკური არჩევანის გამომხატველი ამომრჩეველი გვყავდეს, ის, უპირველესად, ეკონომიკურად თავისუფალი უნდა გავხადოთ!

ეკონომიკურად თავისუფალია ადამიანი, თუ ის ფლობს საკუთრებას, ქონებას, რომელიც მას ნორმალური არსებობისთვის აუცილებელ შემოსავალს აძლევს. სამუელ ჯონსონის თქმით, ადამიანი ყველაზე უფრო მაშინაა თავისუფალი, როდესაც იგი მნიშვნელოვანი ღირებულების აქტივების მფლობელია. “ნამდვილი ინდივიდუალური თავისუფლება არ არსებობს ეკონომიკური უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის გარეშე” – მრავალი წლით ადრე შენიშნა ეს მარქსმა.

შეიკრა ლოგიკური ჯაჭვი: ქვეყნის განვითარებისათვის აუცილებელია დემოკრატია, დემოკრატიისთვის – თავისუფალი ამომრჩეველი, თავისუფალი ამომრჩევლისთვის – საკუთრება. ე.ი. დემოკრატიის ქვაკუთხედი საკუთრების მქონე ამომრჩეველია.

ამდენად, თუ გვინდა დემოკრატიულ, ეკონომიკურად განვითარებულ სახელმწიფოში ვიცხოვროთ, ხალხს, ადამიანებს უნდა გავუჩინოთ შემოსავლის მომტანი საკუთრება, გავხადოთ ისინი მესაკუთრეები, მქონებელნი! საკუთრების განცდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანის პიროვნული მდგრადობისთვის.

მაგრამ საიდან და როგორ გავხადოთ ასიათასობით ადამიანი მესაკუთრე და გავუჩინოთ მათ შემოსავალი, როცა ქვეყნის მთელი სიმდიდრე წარმოების საშუალებების ჩათვლით უცხოელებისა და ახალგამდიდრებული ქართველების(ნუვორიშების) 5%-ის ხელშია, რომელიც მათ შევარდნაძისა და სააკაშვილის პერიოდების უსამართლო პრივატიზაციის დროს მოიპოვეს, რის შედეგადაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უქონელ-უპოვარია დარჩენილი?!

მატერიალური დოვლათის შემქმნელი ქონების ასეთი არაპროპორციული განაწილება განაპირობებს ასეთივე უთანაბრობას მოსახლეობის შემოსავლებში. ვის ხელშიცაა წარმოების საშუალებები, შემოსავლებიც მის სასარგებლოდ ნაწილდება.

 

რომელი ეკონომიკური სისტემა სჯობს?

შემოსავლებისა და კეთილდღეობის უთანაბრობის საზომის – ჯინის კოეფიციენტის თანახმად მდიდრებსა და ღარიბებს შორის უთანასწორობის დონით საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა მალის, ტუნისისა და აფრიკის სხვა ღარიბ სახელმწიფოებთან ერთად.

ამ ფონზე გასაკვირი არაა რომ ქვეყანაში ძლიერდება მდიდრების (კაპიტალისტების) საწინააღმდეგო განწყობები. იმატა მემარცხენე ფრაზეოლოგიამ, გახშირდა სხვადასხვა სოციალური ჯგუფების საპროტესტო გამოსვლები, სოციალური მოთხოვნები, კეთილი მოგონებები სოციალიზმზე. ქვეყანაში არსებული სიღარიბე, სიდუხჭირე, სოციალური უთანასწორობა და უსამართლობა ქონების განაწილებაში ამისთვის ნოყიერ ნიადაგს ქმნის.

იმის მიხედვით, თუ რა შესაძლებლობებს იძლევა ამა თუ იმ სახელმწიფოში არსებული ეკონომიკური სისტემა შემოსავლების მიღებასა და ქონების შეძენა-დაგროვებაში, ადამიანები მსჯელობენ სისტემების ავკარგიანობაზე. ის სისტემა, რომელიც უკეთეს პირობებს ქმნის ადამიანების საქმიანობისთვის, უზრუნველყოფს უსაფრთხოებისა და ცხოვრების უფრო მაღალ დონეს, არის უმჯობესი და არჩევანიც მის სასარგებლოდ უნდა გაკეთდეს.

 

სოციალიზმი   თუ  კაპიტალიზმი?


ვისაც სოციალიზმის პირობებში უცხოვრია, კარგად ახსოვს ამ სისტემის თავმოსაწონი მხარეები: საყოველთაო დასაქმება, სოციალური დაცულობა, უფასო განათლება და ჯანდაცვა, თანასწორობა (სიღარიბეში), მომავლის იმედი, კეთილი ურთიერთობები ადამიანებსა და ერებს შორის და სხვ., მაგრამ სოციალიზმს თან ახლავს უდიდესი ნაკლოვანებებიც: თავისუფლების შემზღუდავი ტოტალიტარიზმი, კერძო საკუთრებისა და ადამიანის უფლებების უგულვებელყოფა, პირადი ინტერესის უარმყოფელი, რესურსების უყაირათოდ მხარჯველი არაეფექტიანი გეგმიური ეკონომიკა, პროდუქციის დეფიციტი, გაუპიროვნებელი სოციალისტური საკუთრება, ტოტალური კორუფცია და ა.შ.

კაპიტალიზმს ბევრ ისეთ სიკეთესთან ერთად, როგორიცაა კერძო საკუთრება, დემოკრატიული თავისუფლებები, კერძო ინიციატივა, პროდუქციის სიუხვე, “თანაბარი შესაძლებლობები” და სხვ., ბევრი მანკიერებაც ახლავს თან: უმუშევრობა, დიდი ქონებრივი უთანასწორობა, კრიმინალი, სიდუხჭირე, გაუცხოება, მიუსაფრობა....

მიუხედავად ყველა ამ მანკიერებისა, თუ ვთანხმდებით, რომ ამქვეყნად ყველაზე დიდი ღირებულება თავისუფლებაა (“თავისუფლების შოვნაი სჯობს საშოვნელსა ყველასა!”), რომელსაც დემოკრატიასა და ცხოვრების უფრო მაღალ დონესთან ერთად კერძო საკუთრებაზე დაფუძნებული ეკონომიკური სისტემა  უზრუნველყოფს, მაშინ სოციალიზმთან შედარებით უპირატესობა კაპიტალიზმს უნდა მიენიჭოს.

მაგრამ კაპიტალიზმიცაა და კაპიტალიზმიც. მის შიგნით ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებული ტიპები (1. ამერიკული წმინდა, საწარმოო კაპიტალიზმი; 2. სოციალური საბაზრო კაპიტალიზმი; 3. აღმოსავლური სახელმწიფო (კოლექტიური) კაპიტალიზმი) გამოიყოფა, რომელთა შორის ყველაზე პროგრესულად სოციალური საბაზრო კაპიტალიზმია მიღებული, რომელსაც სხვადასხვა სახელით: “სახალხო”, “სააქციო”, “რეგულირებად” კაპიტალიზმად, “საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოდ” მოიხსენიებენ, თუმცა რამდენად საყოველთაოა ეს კეთილდეობა, ჯერ კიდევ საკითხავია. კეთილდღეობა რომ საყოველთაო იყოს, ის მეტ-ნაკლები რაოდენობით ყველასთვის უნდა იყოს და არა მხოლოდ საზოგადოების მქონებელი ნაწილისათვის.

ნნამდვილად დასაფასებელია აშშ-სა და, განსაკუთრებით, დასავლეთ ევროპის სახელმწიფოების წარმატებები როგორც ეკონომიკურ, ისე სოციალურ სფეროებში. ძალიან კარგია რომ მმართველი ელიტების მიერ ამ სახელმწიფოების ბიუჯეტებიდან თითქმის 50%-მდე ფინანსები მიიმართება საპენსიო უზრუნველყოფისთვის, სამედიცინო მომსახურების, განათლების ხარჯებისთვის, უმუშევართა დახმარებაზე და ა.შ., მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კაპიტალისტების ბუნება დიდად შეიცვალა. ისინი ძველებურად, ყველა საშუალებით აგრძელებენ ქონების დაგროვებას და გამდიდრებას, რადგან მათი არსებობისა და ბატონობის ძირითად პირობას კერძო პირების ხელში კაპიტალის დაგროვება წარმოადგენს და არა ღარიბთა პატივისცემა და სიყვარული.  “საძულველია მდიდრისთვის ღარიბი, რა მშვიდობა იქნება მდიდარსა და გლახაკს შორის?.... გლახაკნი საძოვარია მდიდრისთვის” (ზირაქი. თავი ხჳჳ).

 

სოციალური დახმარებები კარგია, მაგრამ...


“საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს” მიერ მოსახლეობის სოციალური დაცვისთვის გაღებული სახსრები, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, მაგრამ მისი (“ს.კ. სახელმწიფოს”) აპოლოგია მიმართულია იმისკენ, რომ როგორმე გააუბრალოონ, მიაფუჩეჩონ წარმოების საშუალებების ფლობის გადამწყვეტი მნიშვნელობა შემოსავლებისა და მატერიალური დოვლათის განაწილებაში. ყველაფერი კეთდება იმისთვის (სოციალური დახმარებისთვის სახელმწიფო შემოსავლების 50%-იანი გადანაწილებაც კი) რომ წარმოების საშუალებების ფლობის უთანაბრობის საკითხი არ დაისვას, რომ აქცენტი გაკეთდეს “კეთილდღეობაზე”, ყალბ სოციალურ სოლიდარობაზე და არა წარმოების საშუალებების (კაპიტალის) გადანაწილების აუცილებლობაზე, როგორც მოსახლეობის სტაბილური კეთილდღეობის უმნიშვნელოვანეს ფაქტორზე.

დასავლეთევროპული“    აქციონერთა  კაპიტალიზმი” _ “საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფო” კაპიტალიზმის ყველაზე პროგრესული ფორმაა, მაგრამ მისგან განსხვავებით საქართველო ამერიკული ტიპის კაპიტალიზმად ყალიბდება, რომელიც უილიამ ჰატონმა “მეწილეთა კაპიტალიზმად” მონათლა და რომლის დროსაც კაპიტალს, წარმოების საშუალებებს _ ქარხნებს, ფაბრიკებს, პორტებს, ბანკებს და ა.შ. წილობრივად რამდენიმე სუბიექტი ფლობს. აქედან გამომდინარე, საერთო შემოსავლის მფლობელიც რამდენიმე მეწილეა და მთელ მოგებასაც რამდენიმე ადამიანი ინაწილებს, მაშინ, როცა “აქციონერული”, “სააქციო” კაპიტალიზმის დროს ამგვარ წარმოების საშუალებებს რამდენიმე ასეული ან ათასობით აქციონერი ფლობს და მთელი შემოსავალიც მათ შორის ნაწილდება, რამდენადაც აქციების ფლობა ნიშნავს, რომ ისინი აქციების შესაბამისი ღირებულების ქონების – შემოსავლის მომტანი საკუთრების გარკვეული ნაწილის მფლობელები არიან. ვინაიდან წარმოების საშუალებებს აქციების მეშვეობით ევროპაში მოსახლეობის უფრო დიდი ნაწილი ფლობს, ვიდრე შეერთებულ შტატებში, ევროპაში პროცენტულად გაცილებით მეტია საშუალო კლასის წარმომადგენელი. ამის გამო საზოგადოებაში შედარებით მეტი სოციალური თანხმობა, სიმშვიდე და სტაბილურობაა.

გიორგი თავაძე

ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი,

ენერგეტიკის აკადემიის ნამდვილი წევრი 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge