Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:49 12.03.2018
,,ელისაბედ ელისაბედ“ - რუსთავის თეატრი მორიგი პრემიერის სამზადისშია!

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიული დრამატული თეატრი პრემიერისთვის ემზადება! 17 მარტს, 20.00 სთ-ზე, რეჟისორი გურამ ბრეგაძე, მაყურებელს თამაზ ჭილაძის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს - ,,ელისაბედ ელისაბედს“ წარუდგენს.

 

პიესის მთავარი გმირი, 22 წლის გოგონა ელისაბედია, რომელსაც სურს სამყარო მის გარშემო დაატრიალოს. ამ სამყაროში მისი ოჯახის წევრები არიან გაერთიანებულნი, რომლებიც მისთვის საკუთარი შვილებივით არიან. ვინ არიან ეს ადამიანები? ელისაბედის დედა, მამა, ბებია და დედის მომავალი საქმრო. მოქმედება საბჭოთა პერიოდის საქართველოში ვითარდება. ერთი შეხედვით პრობლემები თითქოს წარსულშიც ისეთივე იყო, როგორც ახლაა. ოჯახური კონფლიქტები, მის საფუძველზე დატოვებული ახალშობილი და  ცოლთან შესარიგებლად მიცვალებულის ყვავილებით გაქცეული ქმარი და რა შუაშია აქ ელისაბედი? ელისაბედი ძიძაა. ის იდეაში 5 შვილის დედაცაა. სწორედ ასე ეცნობა ის მასთან სახლში მისულ ტელევიზორის ახალგაზრდა ხელოსანს. მოკლედ, ეს ერთი შეხედვით აბსურდული კომედიაა, საინტერესო სიუჟეტითა და სხვადასხვა კატეგორიის პერსონაჟებით. და ბოლოს, ვინ არის ელისაბედი? საბჭოთა თინეიჯერი თუ ბიბლიური პერსონაჟი, რატომ იბრძვის ის მის გარშემო არსებული რეალობის შესაცვლელად?! პასუხები ერთად ვეძებოთ.


როგორც ,,ჯორჯიან თაიმსს" რუსთავის თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს, სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი გურამ ბრეგაძეა, მხატვარი: ლომგულ მურისიძე, ქორეოგრაფი:გიორგი მოსაშვილი, მუსიკალური გაფორმება -  გიორგი სარჯველაძე, რეჟისორის თანაშემწე: ნაილი იაშაღაშვილი.


მონაწილეობენ: მარიამ კვიტაიშვილი, ეკა ქვრივიშვილი,ვენერა მაჭარაშვილი, თეა შარვაშიძე,ლარისა ხაჭაპურიძე, გიორგი რევაზიშვილი,ზაზა თაგოშვილი, სოსო ელიზბარაშვილი, გიორგი ბუაძე, ზურა ფიროსმანაშვილი.


სპქეტაკლი ორ მოქმედებად, ქრონომეტრაჟი - 120 წუთი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge