Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

11:40 26.02.2018
რუსთავის თეატრი პროექტს ,,ამღერებული ამერ-იმერი“ უმასპინძლებს

 

27 თებერვალს, 19.00 სთ-ზე, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიულ დრამატული თეატრის, მცირე დარბაზში  წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი, სახელწოდებით „ჭეჭეთობა ღამე“.

 

ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის ბავშვთა ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული სტუდია ამერ-იმერის ინიციატივით 2018 წელს დაგეგმილია პროექტი „ამღერებული ამერ-იმერი“, რომლის ფარგლებშიც, სტუდიის აღსაზრდელები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმოგზაურებენ და ადგილობრივ ბავშვთა ფოლკლორულ ჯგუფებთან ერთად გამართავენ კონცერტებს, სტუდია დამსწრე საზოგადოებას წარუდგენს მითოლოგიურ სპექტაკლს „ჭეჭეთობა ღამე“, ხოლო ადგილობრივი ჯგუფები საკუთარ შემოქმედებას. პროექტი შემეცნებითი ხასიათისაა და მიზნად ისახავს ქართული ხალხური მემკვიდრეობის პოპულარიზაციას, განსაკუთრებით მოზარდებში.

 


პროექტის ფარგლებში სპექტაკლი უკვე იხილა ფოთის მაყურებელმა.  მორიგი  გასვლითი ღონისძიება  გაიმართება  ქალაქ რუსთავში, 27 თებერვალს, 19.00 სთ-ზე. სპექტაკლზე დასწრება თავისუფალია და ის ნებისმიერ მსურველს შეუძლია.  რუსთავის შემდეგ, წარმოდგენას ,,ჭეჭეთობა ღამე“ ბოლნისელი მაყურებელი 16 მარტს იხილავს.

 


დამატატებითი ინფორმაცია: სტუდია  ,,ამერ იმერი“ 1991 წელს დააარსა ცნობილმა ეთნომუსიკოლოგმა, ანსამბლ „მთიების“ ხელმძღვანელმა - ედიშერ გარაყანიძემ, მეუღლესთან, ენათმეცნიერ ნინო ბაღათურიასთან ერთად.


26 წლის განმავლობაში „ამერ-იმერმა“ მრავალი თაობა აღზარდა. სტუდიაში ხალხური მემკვიდრეობისადმი კომპლექსური მიდგომაა. აქ ბავშვები სწავლობენ ტრადიციულ ქართულ საბავშვო თამაშობებს, ქართულს ხალხურ სიმღერებს და ცეკვა-ფერხულებს, ეცნობიან საქართველოს ისტორიას და ეთნოგრაფიას, მითოლოგიას, ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს, სწავლობენ და ტაძარში ასრულებენ საეკლესიო საგალობლებს. ბავშვები მასწავლებლებთან ერთად დადიან  საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოწყობილ ექსპედიციებში, სადაც უშუალოდ გლეხებისგანაც სწავლობენ სიმღერებს, ცეკვებს თუ სხვას. თავადაც აცოცხლებენ სოფლად მივიწყებულ ტრადიციებს, ყოველწლიურად დადიან შობის და აღდგომის დღესასწაულების სახარებლად სოფლებში და აღასრულებენ ალილოს და ჭონის ტრადიციას.


ამის შედეგია, რომ ბავშვები სიმღერებს ასრულებენ თავისუფლად, უდირიჟოროდ, სწორედ ისე, როგორც მათი თანატოლები მღეროდნენ სოფლად საუკუნეების განმავლობაში; ქმნიან საკუთარ სტუდიურ ფოლკლორს – სიმღერების იმპროვიზაციულ ვარიანტებს, თამაშობებს, ენის გასატეხებს, გამოსაჯავრებლებს და სხვ.


„ამერ-იმერი“ ფოლკლორულ წარმოდგენებს მართავს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.   საერთაშორისო განაცხადთაგან აღსანიშნავია: 1994 წელს გერმანიის საერთაშორისო ფესტივალზე „ამერ-იმერი“ ევროპის საუკეთესო სტუდიად აღიარეს სპეციალისტებმა, რის საფუძველზეც „დოიჩებანკი“ მას წლების განმავლობაში უწევდა თანადგომას; 2002 წელს „ბი-ბი-სის“ მიწვევით სტუდია იმყოფებოდა დიდ ბრიტანეთში, სადაც მონაწილეობდა „საერთაშორისო კონცერტი 2002“-ში. მისი გამოსვლები და ქართული სიმღერის გაკვეთილები გადაიცა „ბი-ბი-სის“ ტელე და რადიო არხებით.


2014 წელს სტუდია მიწვეული იყო პოლონეთში ქალაქ ნოვი სოჩში ბავშვთა ფოლკლორულ ფესტივალზე „მთის ბავშვთა ზეიმი“. (“ŚwiętoDzieciGór”) სტუდიამ ფესტივალის ორგანიზატორების და  ჟიურის წევრების განსაკუთრებული შეფასება  და შექება დაიმსახურა.


2016 წელს, სტუდიის დაარსებიდან 25  წლის იუბილესთან დაკავშირებით აღსაზღდელებმა აღადგინეს ქართულ მითოლოგიურ სიუჟეტზე დაფუძნებული ფოლკლორული წარმოდგენა „ჭეჭეთობა ღამე“. სპექტაკლი ნინო ბაღათურიას სცენარის მიხედვით „ამერ-იმერის“ პირველმა თაობამ  მ. თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში დადგა. ამჯერადაც სპექტაკლს დიდი წარმატება ხვდა წილად. სპეციალისტების, ეთნომუსიკოლოგების და გულშემატკივრების აზრით, „ჭეჭეთბა ღამე“ ყველა ბავშვმა უნდა ნახოს. სწორედ ამიტომ, სასწავლო პროგრამასთან ერთად, სტუდიამ მიზნად დაისახა  შემოიაროს საქართველო და მათი შემოქმედება რეგიონებშიც წარადგინონ.

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge