Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

12:13 23.02.2018
დიუსელდორფის გრან სლემზე საქართველოს ღირსებას 7 ძიუდოისტი დაიცავს

23-25 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები ძიუდოში, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფის პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - დიუსელდორფის გრან სლემზე მიიღებენ მონაწილეობას.



დიუსელდორფის გრან სლემზე, მედლებისთვის მსოფლიოს 71 ქვეყნის 500 ძიუდოისტი იბრძოლებს მამაკაცთა და ქალთა შორის. 23, 24 და 25 თებერვალს წინასწარი შეხვედრები 3 ტატამზე თბილისის დროით 13:00 საათიდან დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათიდან აიღებს სტარტს.



აღსანიშნავია, რომ დიუსელდორფში წლების მანძილზე ძიუდოს გრან პრი ტარდებოდა, წელს კი პირველად ქალაქი გრან სლემს მასპინძლობს, რაც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის უფრო პრესტიჟული რანგის ტურნირია.


შეიცვალა ტურნირის სპორტული არენის ადგილმდებარეობაც. წინა წლებისგან განსხვავებით, ამჯერად გრან სლემი ქალაქის გაცილებით დიდ სპორტულ დარბაზში - „
ISS DOME“-ში გაიმართება, რომელიც 13.000 მაყურებელს იტევს.



დიუსელდორფში საქართველოს ნაკრები გადახალისებული შემადგენლობით გამოვა. გერმანიაში სულ 7 ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს, მათ შორის არიან - ნაკრების კაპიტანი, ოლიმპიური და მსოფლიოს ვერცხლის პრიზიორი, ევროპის სამგზის ჩემპიონი ვარლამ ლიპარტელიანი და 2015 წლის ევროპის ჩემპიონი, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული ადამ ოქრუაშვილი.


გრან სლემის გამარჯვებულები 1000 სარეიტინგო ქულას გამოიმუშავებენ, მე-2 ადგილოსნები 700 ქულას, მე-3 ადგილოსნები კი 500 ქულას მიიღებენ. ტურნირის ჯამური საპრიზო თანხა 154.000 დოლარია. საპრიზო თანხები თითოეულ წონით კატეგორიაში შემდეგნაირად ნაწილდება - 1 ადგილი - 5.000 დოლარი, მე-2 ადგილი 3.000, მესამე ადგილი 1.500-1.500.



დიუსელდორფის გრან სლემის ფინალური ბლოკის პირდაპირი ტელეტრანსლაციის ხილვა ტელეკომპანია „სილქ უნივერსალზე“ და „სილ სპორტ
HD3“-ზე იქნება შესაძლებელი, ინტერნეტტრანსლაცია კი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის არხზე -
www.ippon.tv გადაიცემა.



საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დიუსელდორფის გრან სლემზე

60 კგ - ლუხუმ ჩხვიმიანი
81 კგ - თამაზ კირაკოზაშვილი, კობა მჭედლიშვილი
100 კგ - ვარლამ ლიპარტელიანი, ლაშა ტაველური
+ 100 კგ - ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge