Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

12:12 21.02.2018
რეჟისორი მარიამ ხაჭვანი ფილმის შემოქმედებით ჯგუფთან ერთად მედიის წარმომადგენლებს შეხვდა

მარიამ ხაჭვანის „დედე“ 22 თებერვლიდან საქართველოს კინოთეატრებში გამოდის, მანამდე კი ფილმის გადამღები ჯგუფი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა. პრესკონფერენცია 20 თებერვალს, კინოთეატრ „ამირანში“ გაიმართა და მას „დედეს“ რეჟისორი მარიამ ხაჭვანი ფილმის შემოქმედებით ჯგუფთან ერთად დაესწრო.

 

პრესკონფერენციამდე რამდენიმე საათით ადრე, ჟურნალისტებისთვის „დედეს“ დახურული ჩვენება გაიმართა და მათ შესაძლებლობა ჰქონდათ პრემიერამდე 2 დღით ადრე შეეფასებინათ ფილმი.

 

„დედეს“ მსოფლიო პრემიერა კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, სადაც იგი ჟიურის პრიზის მფლობელი გახდა. მოგვიანებით კი, ფილმს ავსტრალიის ქალაქ ბრისბანში გამართულ  Asia Pacific Screen Awards-ის დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალზე იუნესკოს „კულტურული მრავალფეროვნების" ჯილდო გადასცეს და საფრანგეთში, იუნესკოს ცენტრალურ ოფისში აჩვენეს.

 

არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი „დედე" ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. იგი სვან გოგონაზე მოგვითხრობს, რომელიც საკუთარი ნების წინააღმდეგ დანიშნეს და მომავალი  ქორწინების ჩაშლას ცდილობს. ფილმის გადაღებები სვანეთში, ყაზბეგსა და კასპში მიმდინარეობდა, მთავარ როლებს ნათია ვიბლიანი, გიორგი  ბაბლუანი, ნუკრი ხაჭვანი და გირშელ  ჭელიძე. რეჟისორის თქმით გადაღებებს დაახლოებით 1 წელი დასჭირდა. „დედე“ საქართველოს კინოთეატრებში 22 თებერვლიდან გამოვა.

 

როგორც მარიამ ხაჭვანმა ,,ჯორჯიან თამსს" განუცხადა, იგი გეგმავს ახალი ფილმის გადაღებას, რომელიც ნაწილობრივ მის ცხოვრებასაც ასახავს. რეჟისორის თქმით, იგი უკვე მოხვდა კანის კინოფესტივალის პროგრამაში, სადაც მსოფლიოდან წელიწადში მხოლოდ ექვს რეჟისორს ირჩევენ.


ავტორ(ებ)ი : geotimes.ge