Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

14:08 19.02.2018
მედიაში ფინანსური პოლიციის შეჭრის პრეცენდენტი დაპიქსირდა

 

14 ივლისს, დილით, მაშინ, როცა „ჯორჯიან თაიმსი“ გამოსაცემად მზადდება, რედაქციას ფინანსური პოლიციის ხუთი თანამშრომელი სტუმრობს. ისინი სასამართლოს ბრძანების ნაცვლად,ფინანსური პოლიციის ოპერატიული სამსახურის უფროსის, ირაკლი პირველის „დავალებას“ გვაჩვენებენ და 2003 წლის საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოების სისწორისა და ბიუჯეტთან ანგარიშსწორების საკითხების შემოწმებას ითხოვენ. საგულისხმოა, რომ ამ დოკუმენტს ხელს აწერს არა ფინანსური პოლიციის უფროსი, დავით კეზერაშვილი, არამედ ირაკლი პირველი, როგორც უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. ფინანსური პოლიციის თანამშრომლები აცხადებენ, რომ ოპერატიული ინფორმაცია აქვთ, თითქოს „ჯორჯიან თაიმსში“ ფინანსური დარღვევებისა და იმის გამო, რომ ღონისძიება გადაუდებელია, სასამართლოს ბრძანების აღება ვერ მოასწრეს, თუმცა საპირისპიროს მეტყველებს მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი, რომელშიც შავით თეთრზე წერია - „შემოწმების ვადა განისაზღვროს 2004 წლის 14 ივლისიდან 22 ივლისამდე“.



პარალიზებულია გაზეთის მუშაობა.


ფინანსური პოლიციის შემოსვლა საეჭვოდ ემთხვევა გაზეთის გამოსვლის დღეს. ფინანსური პოლიციის თანამშრომლები ინტერესდებიან გამომცემლის მეუღლის, მალხაზ გულაშვილის ავტომანქანით. საოცარია, მათ არ იციან - მალხაზ გულაშვილი სახელმწიფო ჩინოვნიკი არ არის, დაუსაბუთებელ ქონებაზე შეედაონ. ფინანსური პოლიციის შემოსვლას წინ უსწრებს ქალაქის პროკურორის მუქარა, რომ მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს „ჯორჯიან თაიმსის“ დახურვა და გაზეთის გამომცემლის დაჭერა. გრიგალაშვილი, მართალია, ჩვენს კოლეგებთან საუბრისას ამას ცილისწამებას უწოდებს და ამბობს, რომ „ჯორჯიან თაიმსი“ ბოლოს იანვარში წაიკითხა, მაგრამ მის ამ სიცრუეს, ალბათ, დააასტურებენ გენერალური პროკურორის წარმომადგენლები, რომლებსაც ჩვენ ვაცნობეთ ქალაქის პროკურორის მხრიდან მუქარის შესახებ.

 

ქალაქის პროკურორიდან ფინანსურ პოლიციამდე


 

ჟურნალისტმა, ეკა სეხნიაშვილმა მოამზადა მასალა, რომელშიც იგი აღნიშნავდამ რომ ქალაქის პროკურორს ავტომანქანა „მერსედესი“ მერიამ აჩუქა, ამ ფაქტს, ინტერვიუს დროს უარყოფდა ვალერი გრიგალაშვილი, თუმცა მას შემდეგ, რაც მაშინდელმა ქალაქის მერმა, ვანო ზოდელავამ დაადასტურა, რომ მათ ფულადი თანხა გადასცეს პროკურატურას, რომლითაც ვალერი გრიგალაშვილს მანქანა შეუძენია, ეს ფაქტი გრიგალაშვილმაც ვეღარ უარყო. მასალის გამოქვეყნების შემდეგ კი „გაბრაზდა“ და განაცხადა, რომ „ჯორჯიან თაიმსს“ არათუ თვითონ არ მისცემდა ინტერვიუს, თავის თანამშრომლებსაც აუკრძალავდა ჩვენთან საუბარს. გენერალური პროკურატორისთვის ესეც ცნობილია. გრიგალაშვილის გაფრთხილების მიუხედავად, „ჯორჯიან თაიმსი“ კომენტარისთვის მას კიდევ დაუკავშირდა, რადგან „თბილლითონნაწარმის“ აქციონერები მას ქარხნის მიტაცების მცდელობაში და თანამდებობრივ დანაშაულში ამხელდნენ. ჟურნალისტ სოფო ედიბერიძის შეკითხვის მოსმენის შემდეგ გრიგალაშვილმა განაცხადა, რომ „ჯორჯიან თაიმსი“ მის მიმართ აწარმოებდა მიზანმიმართულ ბინძურ კამპანიას და დაემუქრა, რომ თუ ამ კამპანიას არ შეწყვეტდნენ, თუ გამოაქვეყნებდნენ ამ მასალას, მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა ამ გაზეთის დახურვა და გამომცემლის დაჭერა. საგულისხმოა, რომ გრიგალაშვილმა სწორედ ამჟამად განვითარებულ სცენარზე მიგვითითა და გვითხრა, რომ შეისწავლიდა ჩვენს შემოსავლებს, ვინ გვიხდიდა და როგორ გვიხდიდა დენის, გაზის და წყლის ფულს. ქალაქის პროკურორი ამის შემოწმებას სწორედ ფინანსური პოლიციით თუ შეძლებდა, რადგან მის კომპეტენციაში გაზეთების შემოსავლების და გასავლების შემოწმება არ შედის.  ქალაქის პროკურორის მუქარას ისმენდა გაზეთის რედაქტორი და რამდენიმე ჟურნალისტი. ქალაქის პროკურორი ასევე „ზუნდების დადებით“ დაემუქრა „ჯორჯიან თაიმსის“ გამომცემელს, ნანა გუგავას, რომელმაც მას დაურეკა და უთხრა, რომ გაზეთში გამოქვეყნებულ მასალებზე თავად აგებდა პასუხს (ამის შესახებ ინფორმირებულია გენერალური პროკურატურა). „აკრძალული“ მასალა მაინც გამოქვეყნდა. „ჯორჯიან თაიმსმა“ ქალაქის პროკურორის დანაშაულებრივ ქმედებებში მამხილებელი კიდევ რამდენიმე სტატია გამოაქვეყნა. არა იმიტომ, რომ ჩვენი ჟურნალისტები თავად ეძებენ კომპრომატებს ვალერი გრიგალაშვილზე, არამედ იმიტომ, რომ მის მიერ შევიწროვებული ხალხი მუდმივად მოგვმართავს და გვთხოვს, რომ გავაშუქოთ ქალაქის პროკურორის დანაშაულებრივი ქმედებები, რომ მათ ამის საშუალება მხოლოდ „ჯორჯიან თაიმსში“ აქვთ. ჩვენი გაზეთის წინამდებარე ნომერში დაიბეჭდა ინტერვიუ პროკურორ ლორდი ლებანიძესთან, რომელშიც რესპონდენტი დასაბუთებულად ამხელდა ვალერი ვალერი გრიგალაშვილს. ამ მასალებზე დაყრდნობით, გენერალურ პროკურატურაში, ცოტა ხნის წინ აღიძრა საქმე და დამნაშავე პირების გამოვლენაზე მუშაობა მიმდინარეობს.  ასევე დაიბეჭდა მასალა, რომელშიც საუბარი იყო ქალაქის პროკურორსა და მისი ძმის, დეპუტატ ნოდარ გრიგალაშვილის ქონებრივ დეკლარაციაში არსებულ დარღვევაზე, რაზეც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ვალერი გრიგალაშვილმა არა სიტყვიერი მუქარით, არამედ, უკვე ფინანსური პოლიციის მოგზავნით გვიპასუხა.



სიტუაციის გარკვევამდე


ფინანსურმა პოლიციამ ადგილზე შვიდსაათიანი მუშაობის შედეგად დარღვევა ვერ აღმოაჩინა. დოკუმენტაცია დალუქა და სასამართლოში „წაიღო“. „ჯორჯიან თაიმსის“ ხელმძღვანელობის განცხადებით, ფინანსური პოლიცია ვერანაირ დარღვევას ვერ აღმოაჩენს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ასეთი დარღვევა გაზეთს არ აქვს. „ჯორჯიან თაიმსის“ წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებების შესახებ უკვე ინფორმირებულია საერთაშორისო ორგანიზაციები, შესაძლოა გრიგალაშვილმა არ იცის, მაგრამ ჰოლდინგი „ჯორჯან თაიმსი“ არის გაზეთების მსოფლიო ასოციაციის წევრი.“ჯორჯიან თაიმსი“ ასევე მიმართავს გენერალურ პროკურორს, ზურაბ ადდეიშვილს, შეისწავლოს გაზეთში გამოქვეყნებული მასალები და მოახდინოს რეაგირება. ასევე შესწავლილ იქნას „ჯორჯიან თაიმსში“ ფინანსური პოლიციის „ინფორმაციაზე დაყრდნობით“, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე შემოსვლის კანონიერება.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge