Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:14 19.02.2018
რუსთავის თეატრი პრემიერისთვის ემზადება

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიული დრამატული თეატრი წარმოგიდგენთ, სოსო ნემსაძის ახალ  წარმოდგენას ,,შეშლილის წერილები“, ნიკოლაი გოგოლის ამავე ნაწარმოების მიხედვით. სპექტაკლის პრემიერა, რუსთავის თეატრის დიდ სცენაზე  21 თებერვალს, 20 საათზე შედგება.

 

,,აბა ერთი ჩამაცვით მოდაზე შეკერილი რუჩესეული ფრაკი, გამიკეთეთ ისეთივე ჰალსტუხი, როგორიც თქვენ გაქვთ, - მაშინ ჩემი ფეხის მტვრადაც არ ეღირებით. მაგრამ, რას იზამ ხელმოკლე ვარ.“

 

როდის სცდება ადამიანის ფსიქიკა საზღვარს და არსებობს თუ არა გზა ფატალური შედეგის თავიდან ასაცილებლად. შეგვიძლია თუ არა ვებრძოლოთ მოუწესრიგებელ სისტემას, არაჯანსაღ გარემოს, თაობათა შორის მუდმივ ომს, უსამართლობას და არამკითხე მოამბეების მხრიდან სხვის ცხოვრებასა და სულში ძრომიალს. არის თუ არა შესაძლებელი გარემოსთან ადაპტაცია, დაბალი სოციალური სტატუსის მქონე პირისთვის, უკეთესად გახდომისთვის მუდმივი ბრძოლით,  რომლის ფანტაზია და ამბიცია შესაბამისობაში ვერ მოდის. დამარცხებული ერთი კაცის ომში და გზა მეფობის სურვილიდან ფსიქიატრიულამდე. 21 თებერვალს რეჟისორი სოსო ნემსაძე, მაყურებელსა და მსახიობებს ერთ სივრცეში სცენაზე მოაქცევს და კიდევ უფრო ახლოდან შეახედებს არსებული პრობლემებით სავსე რეალობას.

 

როგორც "ჯორჯიან თაიმსს" რუსთავის თეატრის საზოგადოებათან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს, სპექტაკლის სცენოგრაფიაზე თავად რეჟისორმა სოსო ნემსაძემ იმუშავა, კოსტუმების მხატვარი  მაია სხირტლაძეა, მუსიკალური გაფორმება: სოსო ნემსაძეს და ლელა არაბულს ეკუთვნის, ქორეოგრაფი გია მარღანიაა.

 

სპექტაკლში მონაწილეობენ: ანდრია ვაჭრიძე, ეკატერინე ქვრივიშვილი, ნინო მესხი, ბექა ყულიჯანიშვილი, შოთა მერკვილაძე, ლაშა კანკავა, გიორგი ბუაძე, ანა შარვაძე, ნიკო მოსიაშვილი, ზაზა თაგოშვილი, თამარ კანდელაკი, ნათია გელაშვილი, ნუკრი არჩვაძე, ანი დოდაშვილი, სოფიკო ჩხიტუნიძე, მარიამ კვიტაიშვილი, ლუკა ციხისთავი, რევაზ კოღოშვილი, მერი ფხოველიშვილი, ნათია მელაძე, ალბერტ ილარიონი.

 

სპექტაკლი ერთმოქმედებიანია, ხანგრძლივობა: 80 წუთი.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge