Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

12:43 17.02.2018
საქართველოს ექს-პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ნიდერლანდებში, ცოლის წყალობით, 90-დღიანი ყოფნის უფლება მიეცა

https://www.nrc.nl/nieuws/2018/02/15/ex-president-georgie-oppositiepoliticus-in-oekraine-voorlopige-verblijfsvergunning-saakasjvili-in-nederland-dankzij-zeeuwse-echtgenote-a1592346


ევა ცუკერი


ოთხშაბათს, ჩვენთან, ნიდერლანდებში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილი გამოჩნდა. როგორც იმიგრაციისა და ნატურალიზაციის სამსახური (IND) იუწყება, მოქალაქეობაჩამორთმეულ მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს პრეზიდენტს 2004-13 წლებში, ჰოლანდიაში დროებითი ყოფნის (90 დღის განმავლობაში) ნება მიეცა, ოჯახთან გაერთიანების უფლების საფუძველზე.


მიხეილ სააკაშვილი დაქორწინებულია სანდრა რულოვსზე და მასთან ორი შვილი ჰყავს. სანდრა რულოვსი აქტიურადაა ჩართული ქართულ პოლიტიკაში, იგი საქართველოში მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობს. მიხეილ სააკაშვილის გაერთიანება ოჯახთან შესაძლებელი გახდა იმიტომ, რომ სანდრა რულოვსი ჰოლანდიის მოქალაქეა, შესაბამისად, მას აქვს ჰოლანდიაში მუდმივად ცხოვრების უფლება. ცოლ-ქმარს ჰოლანდიაში ცხოვრება სურს, რათა უმცროს ვაჟს სკოლაში სიარულის შესაძლებლობა ჰქონდეს (უფროსი ვაჟი კი აშშ-ში სწავლობს). IND-ის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ჰოლანდიაში ყოფნის ყველა პირობას აკმაყოფილებს.


როგორც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ოსკარ ჰამერშტეინი ამბობს, ცოლ-ქმარი ნიდერლანდებში დასაბრუნებლად საკმაო ხნის განმავლობაში ემზადებოდა. მიხეილ სააკაშვილმა შესაბამისი თხოვნა ბინადრობის მოწმობის მიღების მიზნით 2017 წლის ბოლოს წარადგინა.


ორშაბათს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინაში 2017 წელს შექმნილი ოპოზიციური პარტიის ლიდერია, კიევში „სპეცნაზის“ რაზმმა დააკავა, ვერტმფრენით ჯერ აეროპორტში გადაიყვანა, შემდეგ კი  ჩარტერული ავიარეისით ვარშავაში გაამგზავრა. ნიდერლანდების ტელეკომპანია NOS-ის ჟურნალისტს მიხეილ სააკაშვილმა განუცხადა, რომ იგი ჰოლანდიაში უკრაინაში მომხდარი ფაქტის გამო იმყოფება. ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ყველამ კარგად იცის, რომ მისი ოჯახი ქალაქ ტერნეზენში ცხოვრობს.


მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მხარდამჭერი იყო, რომელმაც იგი ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა, კორუფციასთან ბრძოლისა და რეფორმების გატარების მიზნით. მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილსა და პეტრო პოროშენკოს შორის უთანხმოება წარმოიქმნა. ყოფილმა მოკავშირემ უკრაინის მეთაური ძალაუფლების ბოროტად სარგებლობასა და კორუფციულ გარიგებებში დაადანაშაულა. ამის სამაგიეროდ, პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს მოქალქეობა ჩამოართვა და რუსეთთან გარიგებაში ამხილა. მათ შორის „კატა-თაგვობანას თამაში“ ჯერ კიევში, შენობის სახურავზე დროებითი დაკავებით, ბოლოს კი რესტორანში საბოლოო დაკავებითა და პოლონეთში დეპორტაციით დასრულდა.


 

როგორც ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, იგი თავის პოლიტიკურ საქმიანობას ნიდერლანდებიდან გააგრძელებს.

 

/მოამზადა სიმონ კილაძემ/


ავტორ(ებ)ი : geotimes.ge