Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:52 15.02.2018
მიხეილ გიორგაძემ ლეილა მესხი სპორტის რაინდის წოდებით დააჯილდოვა

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, პირველ მოადგილე კახი კანდელაკთან ერთად, 15 თებერვალს, სახელოვანი ქართველი ჩოგბურთელის, ლეილა მესხის სახელობის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის გახსნის ცერემონიას დაესწრო. 



სპორტული კომპლექსის გახსნის ცერემონიაზე,  მინისტრმა ლეილა მესხი 50 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ჩოგბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპორტის რაინდის წოდებით დააჯილდოვა.


სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი ლეილა მესხის სახელობის საჩოგბურთო აკადემიის ბაზაზე აშენდა. კომპლექსის მშენებლობა რამდენიმე წლის მანძილზე მიმდინარეობდა, საჩოგბურთო აკადემიის ბაზაზე კეთილმოეწყო ახალი, საერთაშორისო სტანდარტების ინფრასტუქტურა, აშენდა თანამედროვე სასტუმრო და საცურაო აუზი, ასევე სავარჯიშო დარბაზები, გასახდელები, საშხაპეები და სხვა სპორტული ინფრასტრუქტურა.



ახალი ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, სპორტული კომპლექსი საერთაშორისო დონის საჩოგბურთო ტურნირების მასპინძლობას შეძლებს.



სპორტკომპლექსის გახსნის ცერემონიას ჩოგბურთის ფედერაციისა და ლეილა მესხის აკადემიის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.


„განსაკუთრებით მოხარული ვარ, რომ თბილისის სპორტულ კომპლექსებს კიდევ ერთი სივრცე შეემატა.  ეს ყოველივე ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს დღეს, როდესაც ჩვენი მთავარი პრიორიტეტი სპორტის მასობრიობის და ხელმისაწვდომობის გაზრდა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა მთელი ქვეყნის მასშტაბით. მნიშვნელოვანია, რომ ახალი სპორტული კომპლექსი გაიხსნა ლეილა მესხის საჩოგბურთო აკადემიის ბაზაზე, სადაც არაერთი ცნობილი ჩოგბურთელი გაზრდილა.  ახალი კომპლექსის გახსნასთან ერთად, დღეს ასევე მქონდა დიდი პატივი ჩოგბურთის აკადემიის ხელმძღვანელისთვის, ქალბატონი ლეილა მესხისთვის გადამეცა, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო სპორტის ნაწილში, სპორტის რაინდის წოდება. უდავოა მისი განსაკუთრებული წვლილი როგორც ჩოგბურთის, ასევე ქართული სპორტის განვითარებაში.“ - მიხეილ გიორგაძე 


 „პირადად ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანი დღეა.  გაიხსნა ახალი სპორტული კომპლექსი, აღინიშნება ჩემი საიუბილეო თარიღი. მსურს დიდი მადლობა გადავუხადო კულტურისა და სპორტის მინისტრს, ბატონ მიხეილ გიორგაძეს, რომელმაც დღეს, ახალი კომპლექსის გახსნასთან და იუბილესთან დაკავშირებით, სპორტის რაინდის წოდებით დამაჯილდოვა.


ამ წოდების მიღება ჩემთვის დიდი პატივია. დიდი იმედი მაქვს, რომ სამომავლოდ, ახალი სპორტული კომპლექსი არაერთი წარმატებული ჩოგბურთელს შემატებს ქართულ სპორტს.“
ლეილა მესხი



ავტორ(ებ)ი : geotimes.ge