Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

14:32 13.02.2018
"ეს არის უკანონო განაჩენის კანონიერი დადასტურება"- მიხეილ რამიშვილი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დეკანოზი გიორგი მამალაძე შურისძიების მოტივით განზრახ მკვლელობის მომზადებაში დამნაშავედ ცნო. ასევე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალში. 



მკვლელობის მომზადებისთვის დეკანოზს 9 წლიანი პატიმრობა შეუფარდა სასამართლომ, ხოლო იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის მას 2 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. 



სასჯელის შთანთქმის პრინციპით უფრო მაღალმა სასჯელმა შთანთქა დაბალი სასჯელი და საბოლოოდ, გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული. 



პროკურატურა დეკანოზ გიორგი მამალაძეს ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადებას ედავებოდა.



სასამართლოს სხდომას არ ესწრებოდა თავად მსჯავრდებული.

 

განაჩენის შესახებ "ჯორჯიან თაიმსთან" გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ისაუბრა:

 

"სააპელაციო სასამართლომ თავისი განაჩენით კიდევ ერთელ დაამტკიცა, რომ მართლსაჯულება არ აღსრულდება. ეს არის უკანონო განაჩენის კანონიერი დადასტურება.აბსოლუტური იგნორი გაუკეთა კანონის უზენაესობას მოსამართლემ და დაუკანონა უკანონო განაჩენი. რაც შეეხება პოზიციას, მე მაინც იმედი მქონდა, რომ შეიძლებოდა სასამართლო აპელაცია დამოუკიდებელი ყოფილიყო. 


განაჩენს საკასაციო წესით გავასაჩივრებთ, სადაც იმედიც არ გვაქვს, რომ რამე შიეცვლება. ისევ ძალაში დატოვებენ იმიტომ, რომ აქ გარკვეული პირების ახირებებზეა მთელი სასამართლო სისტემა,  რომლებიც ძალაუფლებას ფლობენ. ამის შემდეგ გვრჩება ევროპის სასამართლო და შემიძლია პირდაპირ გითხრათ,რომ თუ ეს საქმე სტრასბურგის სასამართლომდე მივიდა, ეს იქნება ერთი დიდი სირცხვილი ჩვენი მართლსაჯულებისთვის და სახელმწიფოსთვის.


იმის გამო, რომ ჩვენ წინასწარ ვიცოდით, აპელაციის განაჩენი, ბრალდებული სასამართლო პროცესზე არ იმყოფებოდა. ჯერ-ჯერობით ბოროტება და უსამართლობა იმარჯვებს, თუმცა,  ეს დროებითია. 


ეს ამბავი ბუმერანგივით დაუბრუნდება ყველას, - ამ უსამართლობის ორგანიზატორებსაც და გარკვეულ ხელისუფლების მაღალჩინოსნებსაც. ვაჟკაცობაც არ ჰყოფნით,რომ აღიარონ საკუთარი შეცდომები და სწირავენ ადამიანს. მარტო ადამიანს კი არა, საზოგადოებას გადაამტვრიეს ღირსება თავზე, რომ არაფრის იმედი არ უნდა ქონდეს ქვეყანას, სადაც სამართალი არ არსებობს".-განაცხადა მან.

 

/სალომე სანთელაძე/
ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge