Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

17:50 12.02.2018
რამ გამოიწვია აფგან მუხთარლის საქმის გააქტიურება?

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც 2 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა და მუშაობდა, 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა. ორ დღეში გაირკვა, რომ ის ბაქოში ჰყავდათ დაკავებული, თუმცა, პასპორტი თბილისში, მის ცოლს ჰქონდა.  ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ის თბილისიდან კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს და აზერბაიჯანის პოლიციას გადასცეს.

 

აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან მუხთარლიმ, რომელიც გასულ კვირას ციხიდან 2 დღით, დაღუპული ოჯახის წევრების ორმოცზე დასასწრებად გაათავისუფლეს, რუსთავი 2-ის გადაცემა P.S-ში განაცხადა, რომ საქართველოდან მისი გატაცების უფლება გიორგი კვირიკაშვილმა მისცა და ეს ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმაც იცოდა.

 

აფგან მუხთარლის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი „ჯორჯიან თაიმსთან“  საუბრისას აცხადებს რომ, პროკურატურას მიმართვა დღეს გადასცა და პასუხს ელოდება:

 

„ჩავაბარეთ სპეციალური მიმართვა პროკურატურაში, რომელიც ეხება გუშინ გასულ სატელევიზიო სიუჟეტს, სადაც, აფგან მუხთარლი, ფაქტიურად სრულად ჰყვება დანაშაულის შესახებ ინფორმაციას, თუ როგორ მოხდა გატაცება და გადაყვანა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში.

 

გამოძიება მიუთითებდა იმაზე, რომ აფგან მუხთარლის დაკითხვამდე ხდებოდა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება და შესაბამისად, ჩვენ ვშუამდგომლობთ, რომ გამოძიებამ ამოიღოს ეს ინფორმაცია ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - დან და გადაცემა „P.S „ -დან სრულად. ფაქტიურად ეს იქნება მისი ჩვენება მომხდართან დაკავშირებით  და დამამძიმებელი გარემოება აღარ იარსებებს.

 

მოვითხოვეთ, რომ გამოძიება სწორი კვალიფიკაციით  წარიმართოს, რაც მოიცავს 143-ე მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებს. ასევე დაზარალებულის სტატუს ითხოვს აფგან მუხთარლი მისი მეუღლის, -  ლეილასათვის და საზოგადოების ინფორმულობის მიზნით შეხვედრას მთავარ პროკურორთან და საქმის მასალების გაცნობას ქსეროასლების მეშვეობით. ეს მოთხოვნები წარვადგინეთ დღეს,  ველოდებით პასუხა და შესაბმისად, პასუხსაც შემდეგ გავასაჯაროვებთ“. - განაცხადა მან.

 

ამ ფაქტთან დაკავშირებით „ჯორჯიან თაიმსი“  პოლიტიკურ ექსპერტს, - სოსო ცისკარიშვილს დაუკავშირდა. მისი თქმით, მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოთქვეს აზრი ამ ფაქტთან დაკავშირებით.

 

„ჩემი აზრით, ამ ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე მივხვდით, რომ უპირველეს ყოვლისა, შერცხვენილი იქნება ჩვენი სახელმწიფო. არა იმიტომ, რომ ვიღაცამ ვიღაცის ძალით რაღაც ჩაიდინა, არამედ იმიტომ, რომ აღმოვჩნდით თანამზრახველები იმ ყველაფრისა, რასაც დიდი ალბათობით ხვდებოდა ჩვენი საზოგადოება და დუმილი სწორედ ისეთი აღმოჩნდა, რომელიც უფრო ხმამაღალია, ვიდრე რაიმე სახის განმარტებები.

 

8 თვის განმავლობაში, არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, არავის გამოუთქვამს სურვილი ამ საკითხთან დაკავშირებით. მით უმეტეს, შესაძლებელი იყო, რომ მისი მეუღლისთვის მიეწვდინათ ხმა.  ვგულისხმობ როგორც  ხელისუფლებას, ასევე,   საზოგადოებასაც. 

 

რაც უფრო დრო გადიოდა მით უფრო სიღრმისეული იყო ჩვენი ხელისუფლების „მზაკვრული მოქმედება“ . როგორც კი გაჩნდა შესაძლებლობა, რომ აზერბაიჯანში დატყვევებულმა ჟურნალისტმა შეძლო კომენტარი თვითონ გაეკეთებინა, მან დამნაშავედ ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები დაასახელა. ალბათ ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ არა მხოლოდ ამ შემთხვევაში, არამედ სხვა არასამართლებრივი ნაბიჯების გადადგმისას, აღარ ახსოვთ  შემცდარებს და შესაძლოა მიუღებლებს ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ რასაც დასთეს, იმას მოიმკი.

 

ჩვენ ყველაფერთან ერთად უნდა ვიფიქროთ ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე, - როგორ იქნება აღქმული ეს თემა.

 

გასული 8 თვის მიუხედავდ, პარლამენტარები ისე აგრძელებენ საქმიანობას, თითქოს არაფერი მომხდარა. უნდა არსებობდეს კანონი, რომ თუ არ არის ჩანაწერი რაიმე ჩვენებისა შესაბამისი აპარატით, მაშინ პასუხი უნდა აგოს იმ სისტემამ, რომლის ვალდებულებაშიც ეს შედის  და რომლის ქმედებითაც დაყენებულია ქვეყანაში ასეთი სისტემა.

 

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილის აზრით ქვეყანაში ახლა ამ ამბის გააქტიურება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ჟურნალისტს ახლა მიეცა სიტყვის თქმის უფლება:

 

„მხოლოდ ამ დღეებში შეძლო დაპატიმრებულმა ჟურნალისტმა კოლეგებთან საუბარი და რატომ არ მოხდა ეს აქამდე, ამას სხვა მიზეზი არ აქვს., - დატყვევებული კაცისთვის ეს იყო პირველი და ვაი-ვაგლახ, შეიძლება უკანასკნელი საშუალება ეთქვა საზოგადოებისათვის, თუ როგორ ხდებოდა მისი გატაცება“. - განაცხადა მან.

 

/სალომე სამხარაძე/

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge