Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:34 12.02.2018
რატომ ებრძვიან „ჯორჯიან თაიმსს"?...

15.07 – 22.07.2004


შ ე ფ ა ს ე ბ ა

ელენე სამხარაძე, ნინო ფაჩუაშვილი


ირაკლი ბათიაშვილი, ყოფილი დეპუტატი

 

ფინანსური პოლიცია იმისთვის შემოვიდა თქვენს რედაქციაში, რომ რაღაც მოუწყონ „ჯორჯიან თაიმსს“. ვინაიდან დღეს „ჯორჯიან თაიმსი“ ძალიან  აღიზიანებს ხელისუფლებას თავისი სამართლიანი, შეურიგებელი პოზიციით. ეს ჩვეულებრივი ხრიკია, ეგებ რაღაც იპოვონ და შეთითხნონ. ასეთი ქმედება მათგან მოსალოდნელი იყო.


„ჯორჯიან თაიმსი“ ერთ-ერთი ფლაგმანია გაზეთებს შორის, რადგან ამბობს მწარე სიმართლეს. მაშინ, როდესაც, სამწუხაროდ, ჩვენი მასმედიის დიდი ნაწილი გაჩუმდა საერთო შიშის ფონზე. ზოგი იხურება და ზოგი გადაცემებს წყვეტს. ამ პერიოდში თქვენმა გაზეთმა საოცარი გულადობა, უკომპრომისობა და მხნეობა გამოიჩინა.


მოსალოდნელია, ეს პროვოკაცია პროკურორ გრიგალაშვილზე დაბეჭდილ რამდენიმე მაკომპრომეტირებელ მასალას უკავშირდებოდეს.


აუცილებლად თქვენს კოლეგებს უნდა შეეხმიანოთ და თუ სამართალი არსებობს და მათ სინდისი აქვთ, ხმა უნდა აიმაღლონ.

 

ირაკლი პირველი, ფინანსური პოლიციის ოპერატიული სამსახურის უფროსი

 

კონკრეტული საბუღალტრო დოკუმენტები გვაინტერესებს, რომელსაც დღეს ჩვენი თანამშრომლები ამოიღებენ. არანაირი მიზანი არა გვაქვს იმისა, რომ „ჯორჯიან თაიმსს“ გამოსვლა გაჩერდეს. ამოიღებენ ამ საბუთებს და თქვენ ბუღალტერთან ერთად გაარჩევენ. ამის მიხედვით გამოიტანენ გადაწყვეტილებას,თუ ნამდვილად არის რამე თანხა ბიუჯეტის წინაშე დამალული, ჯარიმა დაეკისრება.


ჩვენ ფინანსური პოლიცია ვართ. ვალერი გრიგალაშვილი პროკურორია, აქედან გამომდინარე, არანაირად არ უკავშირდება ეს ოპერაცია გრიგალაშვილს.


მაია ნადირაძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი


არა ვარ საქმის კურში და ვერაფერს გეტყვით.  მე რომ არა მაქვს მტრული დამოკიდებულება, ეს ვიცი და სხვების განწყობაზე ვერაფერს გეტყვით.


თუ „ჯორჯიან თაიმსს“ არა აქვს დარღვევები, არანაირი პრობლემა არ იქნება.


არა მგონია, „ჯორჯიან თაიმსი“ რასაც წერს, ყველაფერს ამოწმებდეს. თქვენ თუ არასწორად შეგედავებიან, თქვენც შეედავეთ.

 

აკაკი ასათიანი, „ტარდიციონალისტური“ პარტიის ლიდერი


მე ვფიქრობ, ფინანსური პოლიციის შემოსვლა გაზეთის პოზიციასუკავშირდება.

 

თქვენს გაზეთს გარკვეული დამოკიდებულება აქვს  ქვეყანაში მიმდინარე ბევრი მოვლენისადმი. ეს თვითონ უნდა გააპროტესტოთ, მიმართოთ საერთაშორისო საზოგადოებას, რაც შეიძლება ბევრ ადამიანს, თუ ვინმეს კიდევ დახუჭული აქვს თვალი, გამოაფხიზლოთ, რასთანა გაქვთ საქმე. შეიძლება ფინანსური პოლიციის შემოსვლის შესახებ ეჭვი არსებობდეს, მაგრამ ამ ეტაპზე, როგორც გითხარით, უნდა მიმართოთ საერთაშორისო ორგანიზაციებს საქართველოში მედიის დევნის თაობაზე.

 

კახი კავსაძე, მსახიობი

 

მე არც პოლიცია ვარ და არც გაზეთის თანამშრომელი, რომ შევაფასო. ეტყობა, პოლიციას აქვს რაღაც არგუმენტები გაზეთის შესამოწმებლად, მაგრამ თუ გაზეთი ხვალ გამოდის, ალბათ შეიძლებოდა არ შეეშალათ ხელი და გაზეთის გამოსვლის შემდეგ მოსულიყვნენ.


მე დარწმუნებული ვარ, საეჭვოს ვერაფერს ნახავენ და ეს საკითხი მშვიდობით დამთავრდება. მერე უკვე თქვენ შეგიძლიათ წაუყენოთ თქვენი პრეტენზიები ფინანსური პოლიციის თანამშრომლებს.

 

ზაზა მრელაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართული ინსტიტუტი“. მწერალი. პუბლიცისტი.

 

ჩემი აზრით, საერთო მდგომარეობაა საგანგაშო ქვეყანაში. არა იმიტომ, რომ „ჯორჯიან თაიმსში“ შემოვიდნენ და დაიწყეს საბუთების ქექვა, არამედ საერთო მდგომარეობის გამო. თვითონ ის ტენდენცია, რაც დამკვიდრდა, შემოწმების, დაბეზღების და ა.შ. ღონისძიებების სახით, ეს არის შურისმაძიებლური და შუღლის პოლიტიკა.


პრესის თავისუფლება უკვე მითურ განზომილებას განეკუთვნება, რადგან პრაქტიკულად რესპუბლიკაში სიტყვის თავისუფლება აღარ არსებობს.  სიტყვის თავისუფლება, მგონი, შევარდნაძის დროს უფრო იყო. თუ გეუბნებიან, რომ თავისუფალი სიტყვის აპოლოგეტი ხარ, ე.ი. უნდა იყო მთავრობის აპოლოგეტი. დღევანდელი გაგებით ესაა პრესისა და ტელევიზიის სახე, მაგრამ თუ შენ რამე კრიტიკული შენიშვნა გამოთქვი, მაშინვე მტრად გამოგაცხადებენ.


მე კოლეგიაობის მომხრე კი არა, სიმართლის მომხრე ვარ. სიმართლე საითკენაც არის, იქით უნდა წავიდეს ჟურნალისტი. ამ შემთხვევაში „ჯორჯიან თაიმსი“ მართალია.


სწორედ „ჯორჯიან თაიმსია“ ერთ-ერთი ფლაგმანი საქართველოში სიმართლის ჩსახვისა. ამიტომაც, მგონია, ყველა ჟურნალისტი, ყველა გაზეთი, ტელევიზიის თანამშრომელი თქვენს მხარეს დადგება. ეს კი უდიდესი ძალაა. არ ვურჩევ ხელისუფლებას, სამართალდამცავ ორგანოებს, რომ ღრმად ჩაიხედონ და გაქექონ ყოველი რედაქციის თუ ტელევიზიის საბუთები, რადგან ტყუილად მოცდებიან.


 

არასამთავრობო ორგანიზაცია, „ქართული ინსტიტუტი“ უარყოფითად აფასებს „ჯორჯიან თაიმსის“ წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებს.


ავტორ(ებ)ი : geotimes.ge