Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:07 09.02.2018
„ჯორჯიან თაიმსს“ ხურავენ!!!

15.07. – 22.07.2004

 

რატომ ემუქრება პროკურორი გრიგალაშვილი რედაქციას?

ინტერვიუ

თამარ ასლანიკაშვილი

 

„ჯორჯიან თაიმსს“ ფინანსური პოლიცია დაადგა თავს. რედაქციის მოსაზრებას გვიზიარებს გაზეთის მთავარი რედაქტორი, გიორგი კაპანაძე.


- რატომ და ვისი დავალებით შემოვიდა საფინანსო პოლიცია „ჯორჯიან თაიმსში“ ?


- სამწუხაროდ, გუშინ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ხელისუფლების ცალკეული შტოს წარმომადგენლები, რომელთაც ჰგონიათ, რომ საქართველოში ამინდს ქმნიან, დენოკრატიას და სიტყვის თავისუფლებას გამეტებით ესვრიან.


ფინანსური პოლიციის მიერ „ჯორჯიან თაიმსში“ შემოსვლა არ იქნებოდა შემაშფოთებელი, რომ არა ერთი მათთვის საჩოთირო დეტალი: ცოტა ხნის წინ, ჩვენს გაზეთს დახურვით, საქმიანობის შეწყვეტით, ლიკვიდაცხიით დაემუქრა დედაქალაქის პროკურორი, ვალერი გრიგალაშვილი.


გრიგალაშვილის მუქარა გამოწვეული იყო იმით, რომ ჟურნალისტები: ეკა სეხნიაშვილი და სოფო ედიბერიძე მისი საქმიანობის კანონიერებით დაინტერესდნენ და აღმოაჩინეს, რომ ყოფილი პროკურორი, ლორდი ლებანიძე მას სისხლის სამართლის არაერთ დანაშაულში ადანაშაულებდა.


„ჯორჯიან თაიმსმა“ განახორციელა საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და მოახდინა საზოგადოების ინფორმირება. თუმცა, როდესაც კომენტარისთვის დავუკავშირდით გრიგალაშვილს, ამ უკანასკნელმა ყვირილით გვაუწყა, რომ ყველა ღონეს იხმარდა ჩვენი გაზეთის დასახურად.

 

მუქარის შესახებ საქმის კურსში ჩავაყენეთ „ჯორჯიან თაიმსის“ გამომცემელი, ნანა გაგუა, რომელმაც დაურეკა გრიგალაშვილს და სთხოვა - აეხსნა, თუ რას ნიშნავდა მისი მუქარა. მან კი ქალბატონ ნანას ასე უპასუხა: „ოპერატიულ ინფორმაციას ვაგროვებ თქვენს პრეზიდენტზე, მალხაზ გულაშვილზე და თუ არ მოიშლით ჩემს წინააღმდეგ სტატიების დაბეჭდვას, „ჯორჯიან თაიმსს“ დავხურავ და თქვენც, გამომცემელსაც დაგადებთ ბორკილებს“.


ბუნებრივია, რომ ამის შესახებ ჩვენ ინფორმაცია გამოვაქვეყნეთ შემდეგ ნომერში, თუმცა, რაღაც მოსაზრებების გამო, მაშინ არ დავასახელეთ მუქარის ადრესატის ბვინაობა. გვეგონა, პროკურორი აღელვებულია და მისი სიტყვები მხოლოდ ემოციის ნაწილიაო, მაგრამ თურმე ვცდებოდით, რადგან გრიგალაშვილმა მოგვიანებით სცადა შურისძიება და „ჯორჯიან თაიმსის“ შევიწროვება.


- თქვენთვის, როგორც მთავარი რედაქტორისთვის ეს ფაქტი მოულოდნელი იყო?


- ყველაზე უარესი ფინალის შემთხვევაშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, პროკურორები თუ ამდენს გაბედავდნენ. ალბათ თითოეული ჩვენგანის პრობლემა და დანაშაულია, რომ მსგავსი ადამიანები ახორციელებენ კანონების დაცვას. ზეწოლა ყოველთვის იყო და მომავალშიც იქნება ჩვენი გაზეთის მისამართით. ვიცით, რაზე და რატომ მივდივართ და იმიტომაც ვბედავთ გავაკრიტიკოთ ხელისუფლება, რომ ჩვენს უკან უკანონო არაფერია.


- ვალერი გრიგალაშვილი აცხადებს, რომ „ჯორჯიან თაიმსმა“ მას 12 ათასი ეგზემპლარის გამოწერა მოსთხოვა და უარი რომ მიიღო, გადაეკიდა...


- სისულელეა. ერთი წელიც არ არის, რაც მთავარი რედაქტორი ვარ და მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. მითხრეს მისი პოზიციის შესახებ და არგუმენტები რომ მოვისმინე, გამეცინა. იმ დროს, რომელზეც გრიგალაშვილი საუბრობს, რედაქტორი არ ვიყავი და არც არასდროს გვქონია მასთან რაიმე სახის მოლაპარაკება.


- აპირებთ თუ არა საერთაშორისო ორგანიზაციები ჩააყენოთ საქმის კურსში?


- რა თქმა უნდა და უკვე ჩავაყენეთ კიდეც. ინფორმირებულია გაეროს, ეუთოს, იუესაიდის, დიპლომატიური სამსახურების, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საელჩოების ოფისები და მხარდაჭერაც იქნება. შეშფოთებულია საზოგადოების პროგრესული ნაწილიც. რეკავენ უცხოელები, სხვადასხვა ქვეყნებში გადახვეწილი ქართველები და გულისტკივილს გამოხატავენ მომხდარის გამო. ყველა ღონეს ვიხმართ, რომ შედეგი მივიღოთ და ეს შედეგი იყოს სამართლიანი.


- როგორ განვითრდება მოვლენები?


- არ ვიცი. თუ ხელისუფლებას აქვს გადაწყვეტილი პრობლემები შეგვიქმნას, პრობლემები იქნება და შესაძლოა დაგვხურონ კიდეც, მაგრამ აწყობს კი, საქართველოს მთავრობას ასეთი ფინალი? რა, „ჯორჯიან თაიმსის“ გარდა შესამოწმებელი სხვა ვერავინ აღმოაჩინეს?


- გრიგალაშვილმა განაცხადა, რომ „ჯორჯიან თაიმსი“ ცილისწამების გამო პასუხს აგებს კანონის წინაშე...


 

- კანონებს რომ არ ეძინოს საქართველოში, მის წინაშე პასუხი თავად პროკურორებმა და ხელისუფლების ნაწილმაუნდა აგოს. თუმცა რა, ჩვენთან კანონებს წაღმა-უკუღმა ატრიალებენ და პიროვნებები ირგებენ. ახლა მათი დროა, თუ ისინი იტყვიან, რომ ყვავი წითელია, ე.ი. წითელი ყოფილა.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge