Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

16:24 08.02.2018
რა შანსები აქვს ქართულ ღვინოს ჩინეთის ბაზარზე

საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტის მრჩეველი ნიკოლოზ მჭედლიშვილი,  რომლის კარიერა ქართულთან ერთად, რამდენიმე მულტინაციონალურ კომპანიას აერთიანებს, ცოტა ხნის წინ, ჩინეთში იმყოფებოდა, სადაც, ქართული ღვინის პოპულარიზაცია/გაყიდვებში იყო ჩართული და მსოფლიოს უდიდესი ბაზრის სპეციფიკასაც გაეცნო.

 

ექსპერტი „ჯორჯიან თაიმსთან“ აცხადებს, რომ საქართველოს ჩინეთის ბაზარზე უდიდესი შესაძლებლობა აქვს:

 

ჩემთვის ჩინეთში  ხუთი თვის განმავლობაში ყოფნა ძალიან საინტერესო იყო.  გარდა ამისა,  მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ქართული  ღვინო ნელ-ნელა ძალი ან პოპულარული ხდება ჩინელებისთვის, უფრო და უფრო იზრდება გაყიდვები. შარშან 40% იყო. ახლა, პრაქტიკულად უკრაინა და ჩინეთი იყოფენ მეორე ადგილს ქართული ღვინის გაყიდვებში, რაც შეეხება  პირველ ადგილს, მას რუსეთი იკავებს.

 

ქართული ღვინის გაყიდვები ჩინეთში ჯერ-ჯერობით, დაახლოებით 1% -ია. პირველ ადგილზე არის ფრანგული ღვინო 47%- ით,  მერე მოდის ავსტრალიური, ახალ  ზელანდიური, ესპანური და ა.შ  მაგრამ 1% ისეთი პატარა ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, ჩემი აზრით, არის ძალიან კარგი მიღწევა. უკვე კარგია, რომ ცნობადობა  ნელ-ნელა იზრდება. რაც მთავარია, ღვინო ძალიან მოსწონთ”. - აცხადებს იგი.

 

მისი თქმით, ჩინეთში ღვინო ახალი სასმელია:

 

„რთულია, ვთქვათ რომელი ქართული ღვინო უფრო პოპულარულია ჩინეთში, იმიტომ, რომ ის დიდი ქვეყანაა და მოსახლეობაც შესაბამისად ბევრია. თითო პროვინციაში 40-50 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და გემოვნებაც განსხვავებულია. აქედან გამომდინარე, ჩრდილოეთში შეიძლება უფრო მოსაწონდეთ ნახევრად მშრალი ღვინოები, ხოლო ცოტა უფრო თბილ პროვინციებში, - ნახევრად ტკბილი. თუმცა, საბოლოოდ ყველაფერი მაინც უფრო გემოვნებაზეა დამოკიდებული. მაგრამ 80-90 % იყიდება წითელი ღვინო.

 

ჩინელებს უყვართ ალკოჰოლი, თუმცა მათთვის არა მხოლოდ ქართული, არამედ, ზოგადად, ღვინო ახალი სასმელია.  ამ ქვეყანაში ძალიან პოპულარულია ადგილობრივი ბრინჯის არაყი და ღვინოც ნელ-ნელა პოპულარული ხდება“.

 

რაც შეეხება ღვინის გაყიდვებს, ექსპერტმა ამ თვალსაზრისით ახალი ტენდენცია გაგვაცნო:

 

„ჩინეთში საინტერესო ტენდენციაა ის, რომ ღვინო ძირითადად ელექტრონულად, ინტერნეტით იყიდება. დღეს რომ ნახოთ, მარკეტინგული კვლევებით,  ღვინო ალკოჰოლური სასმელების გაყიდვებს შორის პირველია.  ახალგაზრდა ადამიანები უპირატესობას სწორედ ინტერნეტ გაყიდვებს ანიჭებს. ამიტომ, ძალიან კარგი იქნება თუ ქართული კომპანიებიც ინტერნეტ გაყიდვებზე გადავლენ.  მაგალითად, ავსტრალია და ახალი ზელანდია რომ ავიღოთ, მათ უფრო მეტი ინტერნეტ მაღაზია აქვთ, ვიდრე - ტრადიციული.

 

დასაწყისისთვის, ვფიქრობ, ქართულმა კომპანიებმა პირველ რიგში, უნდა იპოვონ ფართო ქსელის მქონე კარგი პარტნიორი/დისტრიბუტორი.  მეორე არის ინტერნეტი. მათ აქვთ საკუთარი სოციალური მედია  WeChat Pay ან Alipay, რის მეშვეობითაც ისინი ახორციელებენ ინტერნეტ შეძენებს“.

 

ნიკოლოზ მჭედლიშვილის განცხადებით საქართველოს მთავრობა აქტიურად უწყობს ხელს ჩინეთში ღვინის პოპულარიზაციას რაც იქ გამართულ გამოფენაზეც გამოჩნდა:

 

„მე ჩინეთში ვიმყოფებოდი ევროპული კომპანიის „ პროვაიმის“ გამოფენაზე, სადაც წარმოდგენილი იყო  ქართული ღვინის ძალიან კარგი სტენდი,  „ღვინის სააგენტოსა“ და საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით. პავილიონში მისულ დამთვალიერებელს შეეძლო იქ მისვლა, დათვალიერება და ღვინის დაგემოვნება.  

 

ჩინეთში ცნობილია ერთ-ერთი გამორჩეული ღვინის მაგისტრი - დებრა, რომელიც რამდენჯერმე საქართველოშიც იმყოფებოდა  და მისი აზრი ღვინის სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ მის ლექციას დავესწარი ჩინეთში ყოფნისას, რომელიც ქართულ ღვინოს ეძღვნებოდა.  ყველაფერი ეს ქართული ღვინის ცნობადობის და პოპულრიზაციის გაზრდას უწყობს ხელს“- განაცხადა მან.

 

/სალომე სამხარაძე/

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge