Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

17:18 06.02.2018
ლიტერატურული კონკურსი "საბა" - 2018 დაიწყო

დღეს, თიბისი ბანკმა ლიტერატურული კონკურსი „საბას" დაწყება გამოაცხადა. 


ღონისძიება თიბისი გალერეაში გაიმართა.

 

ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსი „საბა" თიბისი ბანკმა 2003 წელს დააფუძნა. წელს „საბას" კონკურსი მეთექვსმეტედ ჩატარდება.     

 

2018 წელი პრემია „საბასთვის" განსაკუთრებული იქნება - წლევანდელი დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გერმანიაში, ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის ქართული პროგრამის ფარგლებში გაიმართება.

 

როგორც ცნობილია, 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგება. მთელი წლის განმავლობაში, გერმანიის სხვადასხვა ქალაქში, ასობით ღონისძიება იგეგმება, რომელიც ქართული ლიტერატურის და კულტურის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. პროგრამის მთავარი ნაწილი 9-14 ოქტომბერს,წიგნის საერთაშორისო ბაზრობის დღეებზე, ქ. ფრანკფურტში დაგეგმილი ლიტერატურულ-კულტურული ღონისძიებებია.

 

ქართული პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და გამორჩეული ღონისძიება სწორედ პრემია „საბას" დაჯილდოების ცერემონია იქნება, რომელიც 2018 წლის 12 ოქტომბერს, ქ. ფრანკფურტის მერიის ისტორიულ დარბაზში Kaisersaal ჩატარდება.

 

ცერემონიას, ქართველ ავტორებთან, გამომცემლობებთან, საქართველოს ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად, საპატიო უცხოელი სტუმრებიც დაესწრებიან - ცნობილი მწერლები, უცხოური გამომცემლობები, გერმანიის ოფიციალური პირები, საერთაშორისო მედია... დაჯილდოების ცერემონიისთვის თვალის მიდევნება ქართველ საზოგადოებას პირდაპირი სატელევიზიო და ონლაინ ეთერით შეეძლება.

 

დაჯილდოების ცერემონის ფრანკფურტში გადატანასთან დაკავშირებით, „საბას" წლევანდელ საკონკურსო პირობებში მცირე ცვლილებებია, რომელიც უშუალოდ ფრანკფურტის პროექტს უკავშირდება.

 

ამ დეტალებზე „ჯორჯიან თაიმსთან“ პრემია „საბას“ ორგანიზატორმა მაია ძირკველიშვილმა ისაუბრა:

 

„ფრანკფურტის პროექტიდან გამომდინარე, მხოლოდ ერთი წლით, „საბას“ კონკურსში გარკვეული ცვლილებები შევა. კერძოდ, მას დაემატა რამდენიმე ნომინაცია, რომელიც უცხოელების დაჯილდოებას გულისხმობს. ეს არის ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი კრიტიკა, ასევე, ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი გამომცელობა. გარდა ამისა, „საბას“ განსაკუთრებული ნომინაცია იყო ლიტერატურის განვითარებაში  შეტანილი წვლილი  და წელს ამ ნომინაციაში დაჯილდოვდება ის გამოჩენილი ლიტერატორი, რომელსაც ქართულ-გერმანული ლიტერატურის განვითარებაში მიუძღვის წვლილი.

 

ასევე, ცვლილება შეეხო არსებულ ნომინაციებს. კერძოდ, ორი ნომინაცია წლის საუკეთესო პიესა და წლის საუკეთესო კრიტიკა წელს არ გაიცემა, თუმცა ის წიგნები, პიესები და ლიტერატურული კრიტიკა, რომელიც უნდა წარმოდგენილიყო „საბას“ კონკურსზე,  გადავა მომავალ წელს და  როდესაც დაუბრუნდება „საბა“ ჩვეულ ფორმატს, მოხდება მათი განხილვა.

 

რაც შეეხება ელექტრონულ წიგნებს, ცალკე ნომინაცია აღარ გაიცემა, თუმცა, ყველა ელექტრონული წიგნი მოხდება კონკურსზე იმ ჟანრის შესაბამის ნომინაციაში,  რა ჟანრსაც განეკუთვნება ესა თუ ის ელექტრონული წიგნი“- განაცხადა მან.

 

სწორედ ფრანკფურტში გამოვლინდებიან  2017 წლის საუკეთესო ავტორები და წიგნები, რომელთა წარდგენა კონკურსზე დღეიდან იწყება. საკონკურსო წიგნების რეგისტრაციისთვის კონკურსანტებმა უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადი ვებგვერდზე saba.com.ge. განაცხადების მიღება 20 თებერვლამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც „საბას" ჟიური წიგნების განხილვას შეუდგება და გასული წლის ლიტერატურულ მოსავალს შეაფასებს.

 

საკონკურსო წიგნების სია თებერვლის ბოლოს „საბას" ვებგვერდზე saba.com.ge გამოქვეყნდება, სადაც კონკურსის მსვლელობის პარალელურად, განთავსდება საკონკურსო წიგნების ელექტრონული ვერსიები და საზოგადოებას საშუალება ექნებ გაეცნოს მათ.

 

ღონისძიებას ასევე ესწრებოდა „საბას“ დამფუძნებელი რატი ამაღლობელი, რომელმაც „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბრისას 2018 წლის „საბას“ დაჯილდოების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

 

„მნიშვნელობა „საბას“ ფრანკფურტში წასვლისა არის განუზომელი, რადგან მთელი ევროპული ინტელექტუალური საზოგადოების ყურადღება იქნება მიმართული ქართული ლიტერატურისადმი და წიგნებისადმი, რომელიც სხვადასხვა ენაზე იქნება თარგმნილი და „საბას“ დაჯილდოებაც სწორედ ამიტომ გაიმართება იქ, რათა მაქსიმალურად მოვახდინოთ ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია და გაცნობა უცხოელი გამომცემლობებისა და მკითხველებისათვის.

 

ეს არის  მთავარი ღირებულება და ყველა ცვლილებაც  მორგებულია იმ კონტექსტზე, რასაც ჰქვია ფრანკფურტი და იმ პროგრამაზე რაც აქვს საქართველოს ფრანკფურტში ამ დღეების განმავლობაში. ამიტომ მოლოდინი ძალიან დიდია და მე ვფიქრობ განსაკუთრებული „საბა“ გვექნება 2018 წლის ოქტომბერში ფრანკფურტში“.

 

კონკურსის ფინალისტების ვინაობა ივლისში გახდება ცნობილი. 12 ოქტომბერს კი, ფრანკფურტში დაგეგმილ ცერემონიაზე გამოცხადდებიან კონკურსის გამარჯვებულები, რომლებიც დაჯილდოვდებიან თიბისი ბანკისგან „საბას" პრიზითა და ფულადი პრემიებით.

 

წელს საბა ათ ნომინაციაში გაიცემა.

 

კონკურსზე წიგნების წარდგენა უკვე შეუძლიათ ავტორებსა და გამომცემლებს.

 

 

/სალომე სამხარაძე/

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge