Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

15:08 01.02.2018
რუსთავის თეატრი ოთხი პრემიერისათვის ემზადება!

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიული დრამატული თეატრი, საპრემიერო სამზადისშია.

 

როგორც ,,ჯორჯიან თაიმსს" თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს, ამ დროისათვის სპექტაკლებზე 4 რეჟისორი მუშაობს, პირველი მათგანის პრემიერას, მაყურებელი 4 თებერვალს, საღამოს 8 სთ-ზე იხილავს.  ნოდარ დუმბაძის ცნობილი ნაწარმოების ,,თეთრი ბაირაღების“  ახალ სასცენო ინტერპრეტაციას რეჟისორები: ლევან სვანაძე და რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი სოსო ნემსაძე წარმოადგენენ. სპექტაკლში მთავარ როლებს: ვალერი კობერიძე, სოსო ელიზბარაშვილი, ზვიად დოლიძე, სპარტაკ კიკნაძე და სხვები ასრულებენ. როგორ შეიძლება გასამართლდეს ყველაზე საშიში დამნაშავე, ან რა განაჩენი გამოაქვთ   თავად პატიმრებმა ერთმანეთისთვის, სად გადის ზღვარი სიყვარულსა და ვნებას შორის, როგორ ამტკიცებს ახალგაზრდა ადამიანი საკუთარ უდანაშაულობას და რას სწავლობს რომანტიკოსი გმირი თანასაკნელებისგან.  4 თებერვლიდან რუსთავის თეატრის მაყურებელისთვის სცენიდან თეთრი ბაირაღი კვლავაც გადმოიფინება!

 

 

რაც შეეხება, დაგეგმილ კიდევ სამ პრემიერას, მასზე, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი სოსო ნემსაძე და რეჟისორები: გიორგი ქანთარია და გურამ ბრეგაძე მუშაობენ. თებერვლის შუა რიცხვებში სოსო ნემსაძე რუსთაველ მაყურებელს უკრაინელი კლასიკოსის ნიკოლაი გოგოლის ,,შეშლილის წერილებს“ წარუდგენს, მალევე პრემიერას შემოგვთავაზებს რეჟისორი გიორგი ქანთარიაც, რომელიც რუსი დრამატურგისა და პროზაიკოსის პოლიტიკურ ზღაპარს ,,დრაკონს“ გვთავაზობს. დაგეგმილ პრემიერებს დაასრულებს, რეჟისორი გურამ ბრეგაძე, თამაზ ჭილაძის პიესის მიხედვით დაგდმული სპექტაკლით ,,ელისაბედ ელისაბედ“. ამგვარად, რუსთაველ მაყურებელს წინ საინტერესო და მრავალფეროვანი სარეპერტუარო სეზონი ელის. თეატრი ითვალისწინებს მაყურებლის ეკონომიკურ მდგომარეობასაც და სპეციალურ აქციებს სთავაზობს, სტუდენტები 40% პროცენტიანი ფასდაკლებით ისარგებლებენ,  ხოლო ნებისმიერი სხვა მაყურებელისთვის, მათ შორის მოსწავლეებისთვის იმოქმედეს სააბონემენტო სისტემა. აბონემენტით მაყურებელს 5 სხვადასხვა სპექტაკლზე დასწრება შეეძლება. აბონემენტის გამოყენება შეიძლება  ერთჯერადადაც და მისი საშუალებით 5 ადამიანი ისარგებლებს.  აბონემენტის  ღირებულება 16 ლარია და  ის რუსთავის თეატრის სალაროში 17 თებერვლიდან გაიყიდება.  აბონემენტი არ იმოქმედებს საპრემიერო ჩვენებებზე.  

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge