Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:41 15.01.2018
საქართველოს საპატრიარქო სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გაგზავნილი წერილის შინაარსს ასაჯაროვებს

საქართველოს საპატრიარქო სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გაგზავნილი წერილის შინაარსს ასაჯაროვებს. საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილებამ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის სერბეთის პატრიარქ ირინეოსთან შეხვედრის გამო სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილებას წერილით მიმართა.



”მოგესალმებით ქრისტესმიერი სიყვარულით და პირველ რიგში გილოცავთ შობა-ახალ წელს.

ამასთან, გვინდა თქვენი ყურადღება შევაჩეროთ შემდეგ საკითხზე:

საქართველოში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სერბეთის ეკლესიის მეთაურმა, უნეტარესმა ირინეოსმა, თავის რეზიდენციაში მიიღო ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი, რაც ჩვენს საზოგადოებაში მკვეთრად უარყოფითად იქნა აღქმული და ამის თაობაზე კითხვებს ჩვენც გვისვამენ.
შევნიშნავთ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი, ცხინვალის რეგიონი, სამაჩაბლო, – ეს ერთი და იმავე სივრცის აღმნიშვნელი ტერმინებია და აქ 25 წელზე მეტია, რაც საქართველოს სახელმწიფო და საქართველოს ეკლესია, ფაქტიურად, თავის იურისდიქციას ვერ ანხორციელებს, რადგან იგი არის ოკუპირებული. არადა ეს მხარე, უძველესი ქართული მიწაა, რასაც აღიარებს სახელმწიფოთა აბსოლუტური უმრავლესობა და, მათ შორის, თქვენი ქვეყანაც. ამიტომაც, აღნიშნული შეხვედრა, ბუნებრივია, თქვენი მხრიდან გარკვეულ ახსნას ითხოვს.

საქართველოში უყვართ სერბი ხალხი და სერბეთის ეკლესია. ვიმედოვნებთ, ჩვენი ურთიერთობა კვლავაც ძმურ სიყვარულზე, პატივისცემასა და სამართლებრივ პრინციპზე იქნება დაყრდნობილი, მით უმეტეს ორივე ქვეყანას და ეკლესიას რთული პერიოდი გვაქვს გადატანილი და ვიცით დიდი განსაცდელებით გამოწვეული ტკივილის ფასი.

თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ, გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და ყოველ კეთილ საქმეთა შინა წარმატებას.
გთხოვთ, ჩვენი გულისტკივილი და კეთილი სურვილები გადასცეთ უნეტარეს ირინეოსს”, -ნათქვამია წერილში.



როგორც ცნობილია, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ბოსნია და ჰერცოგოვინას ფედერაციაში შემავალ სერბთა რესპუბლიკაში 8-13 იანვრის ჩათვლით იმყოფებოდა. ”ვიზიტის” ფარგლებში ბიბილოვი სერბთა პრეზიდენტ მილორად დოდიკს და სერბეთის პატრიარქ ირინეოსს შეხვდა.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge