Powered by Jasper Roberts - Blog

15:52 11.01.2018
,,იქნება და თავად ჰოლივუდის მიერ წარმოებულმა, სექსისტურმა ანტი-კულტურამაც წარმოშვა ეს კრიზისი?" - დავით ზარდიაშვილი

დავით ზარდიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

,,რასაკვირველია, 100 ფრანგი ქალბატონის, რომელთა შორის კატრინ დენევი პირველი ხელმომწერია, ღია წერილი ფაქტობრივად ერთგვარ სილის გაწვნად უნდა მივიჩნიოთ იმ ჰოლივუდელ აქტივისტებზე, რომლებმაც ე.წ. სექსუალური შევიწროვებისგან ქალების ვითომ დასაცავად ერთი ალიაქოთი და ლამის ისტერიკა მოაწყვეს;


ამ წერილით ნათლად არის ნაჩვენები მთავარი რამ: ადამიანს იცავს (მათ შორის ე.წ. სექსუალური შევიწროვებისგანაც) და უნდა იცავდეს კიდეც, უწინარეს ყოვლისა, არა ძალა და მუშტი, არამედ სწორედაც კულტურა, რომლის განუყოფელი ნაწილიც ყველა ცივილიზებულ საზოგადოებაში არის ქალ-ვაჟის ურთიერთობის კულტურაც;


თუკი ქალებს ამ ე.წ. სექსუალური შევიწროვებისგან თავის დასაცავად სასამართლო, პოლიცია ან ჯარი, მით უმეტეს - ისტერიული სიძულვილი და ზიზღი მამაკაცების მიმართ დასჭირდათ, ეს მხოლოდ და მხოლოდ კულტურის უაღრესად მწვავე კრიზისზე მეტყველებს.


აქ ბარემ ისიც უნდა ვიკითხოთ - სხვა მიზეზთა შორის იქნება და თავად ჰოლივუდის მიერ წარმოებულმა, მასობრივ მოხმარებაზე გათვლილმა სწორედ სექსისტურმა ანტი-კულტურამაც წარმოშვა ეს კრიზისი? 


.....


თითქოს ამასთან პირდაპირ კავშირში არც არის, მაგრამ წინა კვირაში „ვაშინგტონ პოსტმა“ აშშ-ში პოლიციურ მკვლელობებზე თავისი შემაშფოთებელი კვლევა, რომელიც ოფიციალურ სტატისტიკას ეყრდნობა, გამოაქვეყნა - 2017 წელს თითქმის 1000 (!) ადამიანი ჰყავს მოკლული ცეცხლსასროლი იარაღით ამერიკულ პოლიციას...


...თუ გონს არ მოეგებიან, ისტერიკას არ შეწყვეტენ, არ დაწყნარდებიან და ისევ კულტურას არ მოუხმობენ საშველად, შორს აღარ იქნება ის დღე, როცა მაგალითად, თუ რომელიმე "სექსუალურ" (ესეც მათივე მოგონილი ტერმინია, თორემ ასეთ ქალს კულტურაში უამრავი სათანადო ეპითეტი აქვს ) ქალს ქუჩაში თვალს გააყოლებ, პოლიციამ შეიძლება ცეცხლი გაგიხსნას...."

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge