Powered by Jasper Roberts - Blog

15:38 11.01.2018
,,პრეზიდენტი და ჩვენ ყველა ველოდებით ობიექტურ გამოძიებას" - ანა ნაცვლიშვილი

როგორც ადამიანის სიცოცხლის უფლების დაცვის მიმართულებით, ასევე სახელმწიფოს ანტიტერორისტული საქმიანობის მიმართულებით არსებული კითხვები საჭიროებს პასუხებს, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შეფასებისას განუცხადა.



ნაცვლიშვილის თქმით, პრეზიდენტი და საზოგადოება ანტიტერორისტულ სპეცოპერაციაზე ობიექტური გამოძიების პასუხს ელოდება. 


"ამ საკითხთან დაკავშირებით უპირველეს ყოვლისა, ვიტყოდი იმას, რომ უდიდესი ტრაგედიაა როცა 19 წლის ახალგაზრდის სიცოცხლე იკარგება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმეზე ჩატარდეს გამოძიება, რომელიც იქნება ობიექტური და რომელიც საზოგადოებაში არსებულ კითხვებს პასუხს გასცემს.


ორი ძირითადი მიმართულებით არის დაგროვილი ეს კითხვები. ერთი ბუნებრივია, მიემართება იმისკენ, რა ზომები მიიღო სახელმწიფომ, რომ ეს არ დასრულებულიყო ამ შედეგით, რადგან სიცოცხლის უფლება არის ძალიან მაღალი ღირებულება, რომელიც ყველას ავალდებულებს მოქმედებას იმისთვის, რომ ასეთი შედეგები არ დადგეს. ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება, რაზეც საზოგადოება პასუხს ითხოვს, ეს არის სახელმწიფოს მოქმედება ანტიტერორისტული საქმიანობის მიმართულებით და ამ მოქმედების ეფექტურობა. ორივე მიმართულებით, როგორც ადამიანის სიცოცხლის უფლების დაცვის მიმართულებით, ასევე სახელმწიფოს ანტიტერორისტული საქმიანობის მიმართულებით არსებული კითხვები საჭიროებს პასუხებს. პრეზიდენტი და ჩვენ ყველა ველოდებით ობიექტურ გამოძიებას. ზოგადად, ასევე ვიტყოდით იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის კონტექსტი, რომელშიც ქვეყანა იმყოფება, ის რისკები, რომელიც ტერორიზმის სახით არა მხოლოდ საქართველოს, სამწუხაროდ, მთელ მსოფლიოს აქვს. ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად და ეს პრობლემა რომ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური პრობლემაა კიდევ ერთხელ ჩანს მიმდინარე მოვლენებით და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ არასწორ მოქმედებას, რომელ მოქმედებათა წყებაც უკავშირდება უშიშროების საბჭოს საკითხს და ახალ კონსტიტუციაში სრულიად სხვაგვარად დარეგულირებას. პრეზიდენტი და ჩვენ ყველა ველოდებით ობიექტურ გამოძიებას, რომელიც როგორც ვიცით, დაწყებულია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ არსებულ კითხვებს გასცეს პასუხი", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge