Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:08 11.01.2018
"ბევრი მტკიცებულება გვაქვს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს სპეცოპერაციის დროს ხელყუმბარა არ ჰქონია"–მარიამ კუბლაშვილი

მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი მიიჩნევს, რომ საქმეში ხელყუმბარა ხელოვნურად არის ჩადებული. როგორც კუბლაშვილმა ჟურნალისტებს სოფელ დუისში, მაჩალიკაშვილების სახლთან განუცხადა, ყველა მტკიცებულება ადასტურებს, რომ სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილს ხელში ხელყუმბარა არ ჰქონია. 



"ძალიან ბევრი მტკიცებულება გვაქვს, რომ მას სპეცოპერაციის დროს ხელყუმბარა არ ჰქონია. ერთ-ერთი არის სპეცოპერაციამდე რამდენიმე წამით ადრე გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინება. წამიერად არის მომხდარი კარის შენგრევა და სროლა. იგი ვერ მოასწრებდა ფიზიკურად სხვა მოქმედებას. სპეცრაზმელმა სიბნელეში დაინახა ტელეფონიდან წამოსული სინათლე და ამაზე მოახდინა რეაგირება. 

თვითმხილველი არავინ არის. პირველ სართულზე დაკავებული იყო დედა და მამა. სპეცრაზმელები არ ელოდნენ რომ გვერდით ოთახში იყო მისი და. რამდენიმე საათის შემდგომ შეიყვანეს მისი მამა ოთახში და მან ნახა, რომ ყველაფერი სისხლით იყო მოსვრილი, გარდა იმ ხელყუმბარისა, რომელიც ოთახში იყო დადებული. იმისთვის, რომ ჩადენილი დანაშაული გაემართლებინათ, მათ თავისუფლად ჩადეს საქმეში ეს ხელყუმბარა", - განაცხადა კუბლაშვილმა. 



ამასთან, ადვოკატი საქმეზე გამოძიების მუხლის გადაკვალიფიცირებას მოითხოვს. 



"ზუსტად რა ეტაპზეა გამოძიება არ მაქვს პასუხი. მასალებს პირადად არ გავცნობივარ. მოვითხოვეთ უკვე, რომ უშუალოდ თემირლან მაჩალიკაშვილისთვის მიენიჭებინათ დაზარალებულის სტატუსი, თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ მოგვიწევს განცხადების შეცვლა და დედის ან მამის დაზარალებულად ცნობის მოთხოვნა. გამოძიება მიმდინარეობს სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით, თუმცა ჩვენ ვითხოვთ, რომ მოხდეს მისი გადაკვალიფიცირება და გამოძიება გაგრძელდეს 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით. არსებული მტკიცებულებების შეფასებით, პირდაპირ ვლინდება განზრახ დანაშაული",- განაცხადა ადვოკატმა.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge