Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

11:29 10.01.2018
,,საკუთარი თვალით ვნახე, როგორ ცხოვრობდნენ ციხეში გირგვლიანის მკვლელები!" - თამაზ ბაკურიძე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე დღის წინ ისევ მოექცა საზოგადოების ყურადღების ქვეშ. თბილისის საქალაქო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე მას დაუსწრებლად 3 წლით პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურ დევნად აფასებენ სააკაშვილის თანაგუნდელები და თანამოაზრეები. მმართველი გუნდი კი საპირისპიროს ამტკიცებს – სასამართლო ობიექტური იყო თავის გადაწყვეტილებაში. პროკურატურის წარდგენილ ბრალზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ სააკაშვილმა პრეზიდენტისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება გამოიყენა და პატიმრები შეიწყალა. თუმცა, პროკურატურა ამბობს, რომ სააკაშვილმა სწორედ სამსახურებრივი უფლებამოსილება გამოიყენა ბოროტად, ანუ მან კუდ-ის იმჟამინდელ ხელმძღვანელს დათა ახალაიას სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალების უკანონო დაპირება მისცა და შემდეგ უკვე კომისიის გვერდის ავლით შეიწყალა ისინი.


უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე იმ კოლონიაში იხდიდა სასჯელს, სადაც გირგვლიანის მკვლელობისთვის ბრალდებულები. სააკაშვილისთვის გამოტანილ განაჩენს, როგორც უფლებადამცველმა გვითხრა, კარგი ინტერპრეტაცია მოჰყვა ევროპულ პრესაში. არც ერთ ევროპულ მედიასაშუალებას არ უთქვამს, რომ სააკაშვილს დაუსწრებლად 3 წელი კონსტიტუციური უფლებამოსილების გამოყენების და პატიმრების შეიწყალების გამო მიუსაჯეს:


“მრჩება შთაბეჭდილება, რომ ქართული მედია „ნაცმოძრაობის“დაწერილ პრეს-რელიზს ავრცელებს. საზოგადოებას სწორად უნდა განუმარტონ, თუ რისთვის მიესაჯა პატიმრობა სააკაშვილს – არა იმიტომ, რომ მან შეიწყალა, არამედ იმიტომ, რომ ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი მდგომარეობა. მართალია, პრეზიდენტს კონსტიტუციით აქვს უფლება, შეიწყალოს განსასჯელიც და ბრალდებულიც. აღარაფერს ვამბობ მსჯავრდებულებზე. ყოფილი პატიმარი ვარ და კარგად ვიცი ციხის „შიდა სამზარეულო“, როგორ იყო პრივილეგირებული ესა თუ ის პიროვნება. იქნებ ბედის ირონიაა, ან შემთხვევით და გაუაზრებლად მოუვიდათ ის, რომ ავჭალის კოლონიაში, გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული მაღალი თანამდებობის პირები ჩემს გვერდით ოთახში იხდიდნენ სასჯელს. ეს მაშინ გავიგე, როცა პოლიტპატიმართა სიაში შემიყვანეს. ერთ ღამეს მსჯავრდებულები დათვრნენ და ხმამაღლა იძახდნენ ჩემი მისამართით შეურაცხმყოფელ სიტყვებს. ისინი გაღიზიანებულები იყვნენ და ამას არც მალავდნენ – როგორ მოხდა ისე, რომ ბაკურიძეს ჩვენზე ადრე გაათავისუფლებენო?!


გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულები კოლონიაში კომფორტულ გარემოში იყვნენ – ჰქონდათ იზოლირებული სველი წერტილები, სამზარეულო, ინტერნეტი, კომპიუტერი, ტელეფონი… კოლონიის ხელმძღვანელობა მსჯავრდებულთა ნებართვის გარეშე მათთან ვერ შედიოდა. ერთხელაც კოლონიის დირექტორი თავისთან იხმეს და უთხრეს – გვერდით “ბომბი” გვყოლია და სხვაგან გაიყვანეთო. ამას ჩემს გარდა სხვებიც ისმენდნენ. დირექტორმა უპასუხა, თამაზ ბაკურიძე ორ წელზე მეტია აქ არის, ისეთი ადამიანია, არაფერს აშავებს და ვერც უმიზეზოდ გადავიყვან სხვაგანო. მას კოლონიაში პატივს ცემენ, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, წითელი ჯვარი, სახალხო დამცველი – მასთან ხშირად მოდიან და მისი სხვაგან გადაყვანა რთული საქმე იქნებაო. ამ ამბიდან ერთი თვეში მეც დავტოვე კოლონია – გამათავისუფლეს. გირგვლიანის საქმეზე ბრალდებულები კი იქ დავტოვე. იმ დროს, ვადაზე ადრე გათავისუფლების კანონი არსებობდა, თუმცა არ მოქმედებდა. შეწყალების აქტის გამოცემის უფლებაც ჰქონდა პრეზიდენტს, მაგრამ ამ უფლებას იშვიათად თუ იყენებდა სააკაშვილი. დღეს კი თავს იმართლებს, რომ მან სამხედრო პირები შეიწყალა.


ერთ ფაქტს გეტყვით: 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ყოფილმა სპეცრაზმელებმა, რომლებიც სასჯელს კოლონიაში იხდიდნენ, მზადყოფნა და სურვილი გამოთქვეს, რომ საბრძოლველად წავიდოდნენ. 50-მდე ადამიანი ადმინისტრაციის შენობაში გაიყვანეს და უთხრეს, რომ ომში წასვლის სანაცვლოდ გაათავისუფლებდნენ, თუმცა, მათგან მხოლოდ 4 ადამიანი გავიდა კოლონიიდან და ესენი იყვნენ გირგვლიანის საქმის მსჯავრდებულები. სინამდვილეში ისინი ომში სულაც არ წასულან. 15 დღის შემდეგ, როცა კოლონიაში ომში წასვლის დანარჩენმა მსურველებმა აგრესია გამოხატეს, ის ოთხი მსჯავრდებული უკან დააბრუნეს. თუმცა კოლონიაში მათი ყოფნა სასჯელის მოხდას ნამდვილად არ ჰგავდა. არც ჭამა-სმა აკლდათ იქ და არც გართობა. მათი ქცევა ამაზრზენი იყო…


საკითხავია, პრეზიდენტმა სააკაშვილმა არ იცოდა, როგორ პირობებში იხდიდნენ გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულები სასჯელს? სააკაშვილი იმ ოთხ მსჯავრდებულს მერაბიშვილთან და ახალაიასთან ერთად დაპირდა, რომ ძალიან მალე დატოვებდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებას. საკუთარი ყურით მაქვს მოსმენილი, ოთხეული ერთმანეთს რომ ესაუბრებოდა – რატომ არ ასრულებენ დანაპირებს და რატომ არ გვათავისუფლებენო. ისიც ყველამ იცის, გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულებს სოლიდური თანხებიც რომ გადაუხადეს”.


კითხვაზე, „ქართული ოცნება“ რამდენიმე წელია უკვე ხელისუფლებაშია და რატომ დასჭირდა დიდი დრო გირგვლიანის საქმეზე სააკაშვილისთვის განაჩენის გამოტანას, – თამაზ ბაკურიძე გვპასუხობს:


“სააკაშვილს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მისვლის შემდეგ საკმაო დრო ჰქონდა იმისთვის, რომ ყველა სიბინძურე წაეშალა სტრუქტურებში. ყველა „შავი ხვრელი“ ამოქოლეს… ზუსტად ვიცი, თავის დროზე ლევან ვარშალომიძესთან ერთი ბიზნესმენი მივიდა და უთხრა, რაც „შავად“ გაქვთ ნაკეთები – წაშალეთ კომპიუტერებიდანო. თქვენ წარმოიდგინეთ, კომპიუტერები დაწვეს… წინა ხელისუფლებამ მტკიცებულებების განადგურება მოახრხა და ძნელია ბრალის დამტკიცება. სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არსებობს. არაერთ ადამიანს უთქვამს ჩემთვის, პროკურორს, რომელსაც წლებია ვებრძვით, რომელიც არასწორ გადაწყვეტილებებს იღებდა, აწინაურებენ და რა სამართლიანობაზეა ლაპარაკიო? დღესაც კი, ნებიმიერ სტრუქტურაში, მით უფრო პროკურატურაში უამრავი სააკაშვილის დროინდელი კადრია. თუნდაც ჩვენი რეგიონის მაგალითზე გეტყვით, მთავრობის აპარატიდან დაწყებული, სოფლის გამგებლებით დამთავრებული, ყველგან „ნაციონალები“ მუშაობენ. ამიტომაც კიდევ კარგა ხანს არ აღდგება სამართლიანობა”.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge