Powered by Jasper Roberts - Blog

11:19 10.01.2018
ახმედ ჩატაევთან კავშირის ბრალდებით თურქეთში დაკავებულ გოჩა საგინაძეს პატიმრობა მიესაჯა, მის მეუღლეს კი დეპორტაცია ელოდება

ახმედ ჩატაევთან კავშირის ბრალდებით თურქეთის ქალაქ ტრაბზონში დაკავებულ გოჩა საგინაძეს სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო მის მეუღლეს გათავისუფლება და თურქეთიდან დეპორტაცია ელოდება. ამის შესახებ „მილიეტი“ წერს.



გამოცემის ინფორმაციით, გოჩა საგინაძის სახლში ჩატარებული ჩხრეკისას ამოღებულია ფოტომასალა, რომელიც სირიაში ტერორისტულ საქმიანობაში მის მონაწილეობას ადასტურებს.



სუს-ის მიერ დაახლოებით ორი კვირის წინ გავრცელებული ინფორმაციით, 26 დეკემბერს, ტრაბზონის პროვინციაში, ოფის მახლობლად, საქართველოს მოქალაქე გოჩა (ალი) საგინაძე ახმედ ჩატაევის საქმის გამოძიების ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს.


თურქი სამართალდამცველებისთვის გადაცემული ინფორმაცია, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოპოვებული იყო ახმედ ჩატაევის კუთვნილი მობილური ტელეფონიდან, რომელიც თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ბინიდან ამოიღეს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge