Powered by Jasper Roberts - Blog

17:35 09.01.2018
ვინ მიიყვანა ჩატაევი და მისი დაჯგუფების წევრები თურქეთ-საქართველოს საზღვრის მწვანე ზოლთან? - სუსი განცხადებას ავრცელებს

სუს-ის ინფორმაციით, დღეს ომალოში დაკავებულმა ზურაბ იდოიძემ ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად, ახმედ ჩატაევი და მისი დაჯგუფების წევრები თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე მიიყვანა, - ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 



განცხადების თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დღეს ახმეტაში დააკავეს საქართველოს მოქალაქე ზურაბ იდოიძე. სოფელ ომალოში მის კუთვნილ სახლში ჩატარდა ჩხრეკა.



„გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დაკავებული ზურაბ იდოიძე, ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ჩავიდა თურქეთის ქალაქ ხოფაში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად. დაკავებულმა, ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ახმედ ჩატაევი და მისი დაჯგუფების წევრები ხოფაში, მათი დროებითი საცხოვრებელი ბინიდან მანქანით მიიყვანა თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 331-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს,რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს,რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. სასჯელის ზომად 17-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge