Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

21:57 25.12.2017
„მოუხელთებელი“- პრემიერა ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატული თეატრში

რეგიონის თეატრები წლის ბოლოს განხორციელებული პრემიერებისთვის ემზადებიან. მათ შორისაა ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრიც, რომელიც 26 და 27 დეკემბერს, 18:00 საათზე, მაყურებელს ცნობილი ინგლისელი დრამატურგის რეი კუნის ორმოქმედებიან კომედიაზე „მოუხელთებელი“ ელის.  

 

ჭიათურაში თეატრალური ცხოვრება 1894 წლის 11 დეკემბრიდან დაიწყო და მას შემდეგ არ გაჩერებულა. სცენისმოყვარეებით დაწყებული საქმე თანდათან გააგრძელეს პროფესიონალებმა და დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ თეატრი, რომელსაც აკაკი წერეთლის სახელი 1949 წელს მიენიჭა, რეგიონის მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრია. წლების განმავლობაში გამაგრდა და გარემონტდა ისტორიული შენობა (არქიტექტორი ჩხეიძე, პლაფონის მოხატულობის ავტორი რობერტ სტურუა, ხოლო აივანზე აკაკი წერეთლის სკულპტურული გამოსახულების - მოქანდაკე ვალერიან თოფურიძე), დასი შეივსო ახალგაზრდა მსახიობებით, იმატა წლის განმავლობაში განხორციელებული წარმოდგენების რაოდენობამ და მხატვრულმა ხარისხმა. თეატრი აქტიურად მონაწილეობს საქართველოშო ორგანიზებულ სხვადასხვა ტიპის ფესტივალებსა და კონკურსებში. მიღებული აქვს პრემიები და ჯილდოები, როგორც საუკეთესო დადგმებისთვის, ისე ქალისა და მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის და ა.შ. ხშირად თანამშრომლობს მოწვეულ რეჟისორებთან, მსახიობებთან თუ მხატვრებთან, ასპარეზს უთმობს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა თუ კურსდამთავრებულებს.


წლევანდელი რიგით 123-ე თეატრალური სეზონი იმით დაიწყო, რომ სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე, დასის უმრავლესობამ და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, უკვე მეორე ვადით აირჩია რეჟისორი მამუკა ცერცვაძე. დირექტორია ნანა წერეთელი, რომელიც ჭიათურის თეატრში 2000 წლიდან მუშაობს.


„მოუხელთებელი“ სწორედ მამუკა ცერცვაძის დადგმულია. ის არის ასევე წარმოდგენის მუსიკალური გამფორმებელი. რეი კუნის პიესა გადმოაქართულა თამაზ გოდერძიშვილმა (მასთან თანამშრომლობის უკვე რამდენიმეწლიან გამოციდილებას ითვლის ჭიათურის თეატრი). დადგმის მხატვარია ბარბარა ასლამაზაშვილი, ხოლო ტექნიკური რეჟისორი - მარინა პაპუშვილი.


სპექტაკლში მონაწილეობენ მონაწილეობენსოფო ლეთოდიანი, თამარ ჯაჯანაშვილი, გია კენჭოშვილი, ამირან ნასყიდაშვილი, ანზორ ცაბაძე, გიორგი ჩაჩანიძე, თემურ ფირცხალაიშვილი, არჩილ ხვედელიძე.

 

 

წარმოდგენაზე დასასწრები ბილეთის ფასი ხელმისაწვდომია. ის 5 ლარი ღირს. შეიძინეთ და ესტუმრეთ ერთ-ერთ ძველ თეატრს საქართველოში, მისი ახალი კომედიის და 2017 წლის ბოლო პრემიერის სანახავად. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge