Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

12:01 24.12.2017
ქართველი დრამატურგები პოტსდამში

2017 წლის ბოლოს გერმანულ ენაზე გამოიცა კრებული, რომელშიც გერმანულენოვანი აუდიტორია ქართველი, სომეხი, აზერბაიჯანელი და რუსი ავტორების პიესებიდან ამოღებულ ფრაგმენტებს წაიკითხავს. ამით კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება იმ თემებით, რაზეც, თუნდაც, ქართველი თანამედროვე ახალგაზრდა დრამატურგები წერენ.

 

ახალი გამოცემა ფინალური ეტაპი იყო პროექტის, რომელსაც საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, 2015 წლიდან ახორციელებს.  წლევანდელი Next Stage Europe 3-ის ორგანიზებაც თანამედროვე დრამატურგიის განვითარებისთვის ხელის შეწყობასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების ჩართულობას ისახავდა მიზნად. 


 

თავდაპირველად შეირჩა 12 დრამატურგი და ფრაგმანტები მათი პიესებიდან. ისინი ითარგმნა გერმანულად და დაეგზავნა იმათ, რომლებიც მოგვიანებით ოთხივე ქვეყანაში ცალ-ცალკე ჩატარებულ ვორქშოფებს წარუძღვნენ. სამდღიან სამუშაოს ხელმძღვანელობდნენ: მარია სალაცარი, მიშელ დეკარი, ოლგა გრიაზნოვა და იონას ლუშერი, ხოლო მონაწილეობდნენ: საქართველოდან - იოსებ ბაკურაძე, მაკა კუკულავა, ალექსანდრე ლორთქიფანიძე, გურამ მაცხონაშვილი, ლილე შენგელია, ირაკლი ცხადაია, სომხეთიდან - ანა დავთიანი, ანუშ კოჩარიანი, მაიკ გალსტიან ცოლაკი, ანუშ ასლიბეკიანი, დავით ხაჩიიანი, სტელა ლორეციანი, აზერბაიჯანიდან - ჟალე ისმაილი, ორხან ბაჰადირსოუ და რუსეთიდან - სანკტ პეტერბურგი - კარინა ბესოლტი, ნატაშა ბორენკო, ასია ვოლოშინა, მაშა ოგნევა, იულია ტუპიკინა (სანკტ პეტერბურგი), სერაფიმა ორლოვა, ეკატერინა გალიამოვა, კრისტინა კარმალიტა, ეკატერინა გილევანო (ნოვოსიბირსკი). ჩამოთვლილი ავტორებიდან, მათი პიესების მიხედვით, შეირჩა რამდენიმე (მაგალითად, საქართველოდან: მაკა კუკულავა, ლილე შენგელია, გურამ მაცხონაშვილი და ირაკლი ცხადაია), რომელთაც თავიანთი ნამუშევრები პოტსდამის ლიტერატურის ფესტივალზე მიწვეული სტუმრების (დაახლოებით 4 ათასი ადამიანი) თანდასწრებით წარმოადგინეს და განიხილეს კიდეც. პოტსდამის ჰანს ოტო თეატრის გარდა, პროექტის მონაწილეები ბრანდენბურგისა და ბერლინის მოქმედ თეატრებსაც გაეცნენ.


Next Stage Europe-ის განხორციელების იდეა  გერმანიაში უცნობი აღმოსავლეთ ქვეყნების ავტორების კონცეფციებისა და დრამატურგიული ტექსტების გაცნობასა და მრავალმხრივი დისკუსიის წარმართვაში მდგომარეობდა. ეს პროექტი ხელს უწყობს სხვადასხვა ქვეყნის ავტორებს შორის ხანგრძლივი კონტაქტების დამყარებას და გერმანული თეატრების წარმომადგენლების დაინტერესებას.

 

პროექტის პარტნიორები არიან: ჰააკის ბიურო პოტსდამში, რომელიც ასევე პოტსდამის ლიტერატურის ფესტივალის კურატორია (www.litpotsdam.de), ხოლო ორგანიზაციულ მხარეს უზრუნველყოფს კარინ გრაფის ლიტერატურული სააგენტო.  

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge