Powered by Jasper Roberts - Blog

13:53 07.12.2017
გენიალურობასა და უგუნურობას შორის რა შეცდომები დაუშვა ექს-პრეზიდენტმა- „ადამიანი, რომელიც უკრაინას ურევს“

«Medya Günlüğü» (თურქეთი), 07 დეკემბერი, 2017 წელი 

http://www.medyagunlugu.com/Haber-4114-saakasvilinin-maceralari.html

 

 

როცა სახელმწიფოს ყოფილი მეთაური სახლის სახურავზე აძვრება და იქიდან ყვირილს იწყებს - „თუ ჩემს დაჭერას შეეცდებით, გადავხტებიო!“ - ეს, რასაკვირველია, ძალზე იშვიათი შემთხვევაა მსოფლიო პოლიტიკურ ისტორიაში. მაგრამ როცა საქმე ეხება მიხეილ სააკაშვილს, ძალიან გასაკვირიც არაფერია.


მიხეილ სააკაშვილი, რომელიც რამდენიმე წლის წინ საქართველოს მმართველი იყო, ამ დღეებში ჩვენს წინაშე ახალ ამპლუაში წარსდგა: „ადამიანი, რომელიც უკრაინას ურევს“.


2003 წელს საქართველოში მომხდარ სახალხო მღელვარებაში, რომელმაც „ვარდების რევოლუციის“ სახელი მიიღო, მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე დაამხო და არჩევნების შედეგად თვითონ გახდა ქვეყნის მეთაური. ეს იყო ერთ-ერთი პირველი შემთხვევა, როცა პოსტსაბჭოთა სივრცეში, ყოფილი სსრ კავშირის ტერიტორიაზე ხელისუფლებაში ანტირუსული და პროდასავლელი ლიდერი მოვიდა.


როგორც კი დასავლეთში განათლებამიღებულმა ქართველმა პოლიტიკოსმა (მან კარგად იცის ინგლისური, ფრანგული და სხვა ენები) პრეზიდენტის სავარძელი მოირგო, იმწუთშივე რუსეთის ნერვებზე თამაში დაიწყო - გაიძახოდა, რომ ჩემი ქვეყანა ნატოს წევრი უნდა გავხადოო. არადა, საქართველოს ნატოში გაწევრიანება რუსეთს საშინლად არ სურდა - იმ რუსეთს, რომლის ლიდერი 1990-იანი წლების მიწურულს ვლადიმერ პუტინი გახდა და რომელმაც ქვეყნის აღმშენებლობა დაიწყო. რუსეთისათვის, რომელიც ისედაც შეშფოთებული იყო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთით გაფართოებით, კავკასიის დაკარგვა კოშმარულ სცენარზე უფრო უარესი იქნებოდა.


რასაკვირველია, თეორიულად, ყოველ ქვეყანას აქვს სუვერენული უფლება ისეთი გზით წავიდეს, როგორიც მას სურს, მაგრამ... ხომ ყველამ ვიცით, რომ პრაქტიკულად, ეს უფლება, ჩვეულებრივად, ქაღალდზე რჩება ხოლმე. ანუ ცოტა სხვაგვარად რომ ვთქვათ - რაც უფრო ძლიერი ხარ, მით უფრო მეტად შეგიძლია საკუთარი ნებით იმოქმედო.


მაგრამ როცა საქართველო თავისი ოთხმილიონიანი მოსახლეობით თავის გიგანტურ მეზობელს ფეხებში გამოედება და მაზოლებზე დაბიჯებას დაუწყებს, მის წინააღმდეგ „აჯანყების დროშას“ ააფრიალებს, ეს უკვე თვითმკვლელობას ჰგავს და მართლაც ასე მოხდა.


მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც გენიალურობასა და უგუნურობას შორის ზღვარზე ბალანსირებს, იმის ნაცვლად, რომ ფრთხილად და რაციონალურად მოქცეულიყო, „რეალ-პოლიტიკა“ არ დაევიწყებინა, პირიქით გააკეთა - რუსეთთან მუდმივი აყალ-მაყალი და სარმის გამოდება დაიწყო. ვლადიმერ პუტინს, რომელიც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს რუსეთის გავლენის სფეროდ მიიჩნევდა, არ შეეძლო მიხეილ სააკაშვილის გამოხტომები არ შეემჩნია და მათზე რეაგირება არ მოეხდინა.


მიხეილ სააკაშვილის შეცდომა მხოლოდ ის კი არ იყო, რომ იგი ხმის ჩახლეჩამდე გაჰყვიროდა - ნატოში გაწევრიანება მინდაო, არამედ იმაშიც, რომ ყველას დასანახად დაიწყო მცდელობა „ამბოხებული რესპუბლიკების“ - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოს შემადგენლობაში კვლავ დასაბრუნებლად..


აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საბჭოთა პერიოდში საქართველოს სსრ-ის ფარგლებში შედიოდნენ, მაგრამ როცა 1990-იანი წლების ბოლოს საბჭოთა კავშირმა დაშლა დაიწყო, ორივემ, რუსეთის ფარული ხელშეწყობით, ცალმხრივად გამოაცხადეს დამოუკიდებლობა თბილისისაგან. ანუ დე-იურედ კვლავ საქართველოს შემადგენლობაში განიხილებოდნენ, მაგრამ მისგან დე-ფაქტო დამოუკიდებლები გახდნენ. პრინციპში, მიხეილ სააკაშვილი მართალი იყო, როცა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მოისურვა, მაგრამ... მან გათვლებში საბედისწერო შეცდომა დაუშვა.


2008 წლის აგვისტოში საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა, მიხეილ სააკაშვილის მთავარსარდლობით, სეპარატისტულ „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაზე“ შეტევა დაიწყეს, მაგრამ შედეგი კატასტროფული აღმოჩნდა. რუსეთმა კარგად იცოდა, რომ საქართველო ასეთ ნაბიჯს გადადგამდა (შეიძლება ითქვას, რომ მოსკოვმა მიხეილ სააკაშვილის პროვოცირება მოახერხა) და პასუხის გასაცემად მზად იყო. რუსეთის არმიამ არამარტო გააძევა ქართველი სამხედროები სამხრეთ ოსეთიდან, არამედ უფრო მეტი ტერიტორიები დაიკავა და საქართველოს დედაქალაქს 40 კილომეტრში მიუახლოვდა.


და რომ სიტუაციაში ევროკავშირი არ ჩარეულიყო, რუსები, სავარაუდოდ, ქართველ მთვარსარდალ მიხეილ სააკაშვილს ბორკილებს დაადებდნენ, მოსკოვში ჩაიყვანდნენ და საჩვენებელ სასამართლოს მოუწყობდნენ.


შესაძლოა მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილი მიხვდა, რომ რუსეთის მიერ მოწყობილ „ხაფანგში გაება“, მაგრამ თუ მანამდე იმის იმედი ჰქონდა, რომ ამერიკა და ნატო მიშველისო, მაშინ ეს მისი დიდი შეცდომა იყო. ომის ფასი საშინელი აღმოჩნდა: საქართველოს არმია დამარცხდა და თითქმის განადგურდა, ქვეყანას იმიჯი შეელახა და, ალბათ, სამუდამოდ დაკარგა აფხაზეთიც და სამხრეთ ოსეთიც. ექვსდღიანი ომი იმავდროულად იყო რუსეთის შურისძიება დასავლეთზე, კოსოვოს დამოუკიდებლად აღიარების გამო (მოსკოვს არ სურდა, რომ კოსოვო სერბეთს გამოყოფოდა, დასავლეთმა კი კოსოვოს მხარი დაუჭირა და მისი დამოუკიდებლობა აღიარა). ჰოდა, როგორც ნათქვამია - „როცა სპილოები ჩხუბობენ, ბალახი ითელებაო“ - საქართველოსაც ასე მოუვიდა რუსეთ-დასავლეთის ჭიდილში.


იმის მაგივრად, რომ გეგმაზომიერად აესრულებინა ჩანაფიქრი, ფრთხილი პოლიტიკა ეწარმოებინა, ეშმაკობითაც კი მოეგო რუსეთისათვის, მიხეილ სააკაშვილმა პირიქით - იჩქარა, რაც ძალიან ძვირი დაუჯდა: პრეზიდენტმა სწრაფად დაკარგა პოპულარობა, მისი პარტია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა, თვითონ კი 2013 წელს, პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ, ხელისუფლებას დაემშვიდობა.


მიხეილ სააკაშვილი რუსეთისადმი სიძულვილმა უკრაინაში წაიყვანა, სადაც პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ იგი 2015 წელს ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა. მოგვიანებით საქართველოს ექს-პრეზიდენტსა და მის მეგობარს შორის უთანხმოება დაიწყო, მიხეილ სააკაშვილმა თავის „ახალ სამშობლოში“ პოლიტიკური პარტიაც შექმნა. ამ ორიოდე დღის წინათ, როცა მასთან პოლიცია მივიდა დასაკავებლად, ყოფილი პრეზიდენტი შენობის სახურავზე აძვრა... პოლიციამ „ქართველი კარლსონი“ მაინც დააკავა, მაგრამ საბოლოოდ, ექს-გუბერნატორს მხარდამჭერებმა უშველეს და გაათავისუფლეს.


 

როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილის თავგადასავალი გაგრძელდება...

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge