Powered by Jasper Roberts - Blog

16:58 06.12.2017
მიხეილ სააკაშვილი ძებნილთა სიაში შეიყვანეს

„ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერი და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის შს სამინისტროს საიტზე ძებნილთა სიაში შეიყვანეს. შესაბამისი ჩანაწერი ძებნილთა ბაზაში დღეს განთავსდა. 



საიტზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, ის ძებნაში 5 დეკემბერს გამოაცხადეს. 



საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ძებნაში უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლითაა გამოცხადებული, - ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურის პრესმდივანმა ლარისა სარგანმა განაცხადა. 



„სააკაშვილი ძებნაშია გამოცხადებული და ის ეჭვმიტანილია დანაშაულის ჩადენაში, რომელიც გათვალისწინებულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილით, 28-ე მუხლის მეორე ნაწილით და 256-ე მუხლის მეორე ნაწილით“, - განაცხადა გენერალური პროკურატურის პრესმდივანმა. 


შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილი ეჭვმიტანილია შემდეგი მუხლებით: დანაშაულის მცდელობა; პირთა ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაული წინასწარი შეთანხმებით; დანაშაულებრივი ორგანიზაციის მონაწილეებისთვის დახმარების გაწევა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვა.



მიხეილ სააკაშვილის ძებნას ახორციელებს ეროვნული პოლიცია და უკრაინის უსაფრთხოების სამსახური.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge