Powered by Jasper Roberts - Blog

15:47 06.12.2017
,,საქართველოსთან პარტნიორობა ნატო-სთვის ძალზედ მნიშვნელოვანია" - იენს სტოლტენბერგი

საქართველოსთან პარტნიორობა ნატო-სთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან გამართული შეხვედრის შემდგომ განაცხადა. 



როგორც „ჯორჯიან თაიმსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ გამოხატა მისი და ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და ხაზი გაუსვა საქართველოსთან პარტნიორობის მნიშვნელობას. 



„მე გამოვხატე ჩემი და ნატო-საქართველოს პარტნიორობის მიმართ ჩემი და ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა. საქართველოსთან პარტნიორობა ნატო-სთვის და საქართველოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, ჩვენ ვახორციელებთ საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარადაჭერას, მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ასევე მივესალმებით რეფორმებს, რომელზეც საქართველოა ფოკუსირებული. საქართველო დიდ ყურადღებას უთმობს კანონის უზენაესობასა და დემოკრატიული ინსტიტუტების აღმშენებლობას. ჩვენ მივესალმებით აღნიშნულ რეფორმებს და გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას. ასევე მსურს აღვნიშნო, რომ საქართველო ნატო-ს მტკიცე მხარდამჭერია. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო მონაწილეობს ნატო-ს სხვადასხვა მისიებსა და ოპერაციებში და ჩართულია ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებში. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველო 900-მდე სამხედროთი, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორია ავღანეთში. ჩვენ გავაგრძელებთ ერთად მუშაობას და მოუთმენლად ველოდები ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრას ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა. 



თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა იენს სტოლტენბერგს საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის, როგორც ნატო-ში ინტეგრაციის, ასევე სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. 



ჯანელიძის განცხადებით, „საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა, მნიშვნელოვან პროგრესს აღწევს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე", გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოს პროგრესი ალიანსში ინტეგრაციის გზაზე. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს მნიშვნელოვან კონტრიბუციას საერთო ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში, ისევე როგორც შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით. 



მიხეილ ჯანელიძემ ნატო-სა და საქართველოს თანამშრომლობაზე ისაუბრა. 



"ჩვენი თანამშრომლობა მნიშვნელოვან საფუძველს ემყარება, ჩვენ ერთად ვმუშაობთ შავი ზღვისა და რეგიონალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. ამაყები ვართ, რომ წვლილი შეგაქვს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს კონტრიბუციას. მოხარულნი ვართ, რომ დღეს გვექნება შესაძლებლობა, შევხვდეთ ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში და განვიხილოთ მნიშვნელოვანი საკითხები და ასევე ვისაუბროთ ღია კარის პოლიტიკაზე და საქართველოს მისწრაფებებზე“, - განაცხადა ჯანელიძემ.



მიხეილ ჯანელიძის და იენს სტოლტენბერგის შეხვედრა ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ მინისტერიალის ფარგლებში, ასევე მიმდინარეობს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელსაც ალიანსის წვერი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებიან.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge