Powered by Jasper Roberts - Blog

13:32 06.12.2017
დეკანოზმა გიორგი მამალაძემ სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. 



როგორც გიორგი მამალაძემ პროცესზე განაცხადა, ის ქართულ მართლმსაჯულებას უნდობლობას უცხადებს.



ამასთან, მსჯავრდებულმა მის მიმართ ფსიქოლოგიურ ზეწოლაზეც ისაუბრა. 



„აეროპორტიდან გატაცებიდან დღემდე ვიმყოფები სისტემატიური ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ. გატაცების მომენტიდან მთელი საგამოძიებო პროცესის დროს, მიუხედავად წარდგენილი ბრალისა, ჩემი ადვოკატების თანდასწრებით ითხოვდნენ მეღიარებინა პატრიარქის მკვლელობის მომზადება და მასში მიტროპოლიტ დიმიტრისა და იოსებ ოხანაშვილის მონაწილეობა. სანაცვლოდ ფსევდო თანამშრომლობისთვის თავისუფლებას მპირდებოდნენ. აღნიშნულის გამო პროკურატურის წარმომადგენლებსა და ადვოკატებს შორის სიტუაცია არაერთხელ დაიძაბა. სისტემატიური ზეწოლისა და დაშინების მცდელობაა ჩემს ოჯახზე, მოწმეებსა და ადვოკატებზე. რამდენიმე კვირის წინ, თავდასხმა მოხდა ჩემს ძმაზე, მუქარის შეტყობინებები მიიღო ჩემმა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ, მოწმე ირაკლი ფირცხალავამ განაცხადა ზეწოლის შესახებ პენიტენციურ დაწესებულებაში, რათა მას არ მიეცა ჩვენება სასამართლოში ამ საქმესთან დაკავშირებით. ჩვენების მიცემის შემდეგ კი საქმე აღძრეს მის წინააღმდეგ. ასევე დაშინების მცდელობა იყო მისი მეუღლის და შვილის მიმართ. ჩემი ადვოკატები დაიბარეს ტელევიზიით გავრცელებული დახურული სხდომის მასალების გამო პროკურატურაში და სასამართლოში, რეალურად კი აღმოჩნდა, რომ მოსამართლე ბუგიანიშვილმა, სხვა საქმის პროკურორს გადასცა აღნიშნული მასალა, ხოლო პროკურორმა დაულუქავად გადასცა ნომერ მეცხრე პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციას.



გარდა ამისა, მიტროპოლოტმა დიმიტრიმ 5 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პროკურორები სასურველი ჩვენების მისაღებად მასზე ახდენდნენ ზეწოლას. 7 თვის მანძილზე, პროკურორის გადაწყვეტილებით აკრძალული მქონდა ოჯახთან ყველანაირი კომუნიკაცია. პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია ახდენს ჩემს რელიგიურ დისკრიმინაციას. დღემდე არ მეძლევა შესაძლებლობა, შევიმოსო ჩემი რელიგიური შესამოსელით და ასევე უფლებას არ მაძლევს პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ ტაძარში, აღსრულებულ მსახურებაზე დასწრების. სამწუხაროდ, მე დღეს დასჯილი ვარ არა დანაშაულის გამო, არამედ იმისთვის, რომ მისმა უწმინდესობამ ჩემი თანამდებობაზე დანიშვნით, ცალკეულ პირებს შეუზღუდა ეკლესიის ქონებებში უხეში ჩარევა. 



სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, ქვეყნის პირველი მოსამართლე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ ზეწოლის მსხვერპლია. სახალხო დამცველს აკრიტიკებენ რადგან, მან ციანიდის საქმეზე თქვა, რომ მართლმსაჯულება არ აღსრულდა. ჩვენს ქვეყანაში სიმართლის დამტკიცება და თვისუფლების მიპოვება ბერა ივანიშვილის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილ სტატუსზეა დამოკიდებული. ჩვენ გვყვავს მთავარი პროკურორი, რომელიც უკანონოდ და უსამართლოდ დასჯილი ბატონი გვიჩიანის და ასევე მოლაშვილის ბრალმდებელი იყო.



უნდობლობას ვუცხადებ ქართულ მართლმსაჯულებას და პროტესტის ნიშნად ვტოვებ სასამართლო სხდომას“, - განაცხადა დეკანოზმა მამალაძემ.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge