Powered by Jasper Roberts - Blog

17:38 04.12.2017
„კონსტანცას და ანაკლიის პორტებს შეუძლიათ გახდნენ ძირითადი მოთამაშეები შავ ზღვაზე“

კონსტანცას პორტის ადმინისტრაცია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აშენებით, ევროპა-აზიის ახალი დერეფნის განვითარების დიდ პოტენციალს ხედავს.

 

ანაკლიის პორტის პროექტს კონსტანცას პორტის ადმინისტრაცია უკვე გაეცნო და ურთერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაც დაიგეგმა.

 

„ვფიქრობ, შავი ზღვის მომავალი ეკუთვნის კონსტანცას და ქართულ პორტებს, განსაკუთრებით ანაკლიის პორტთან თანამშრომლობას. ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ ძირითადი მოთამაშეები შავი ზღვის სივრცეში. ეს თანამშრომლობა გულისხმობს ყველაზე ეფექტიან, იაფ და სწრაფ კორიდორს ტვირთებისთვის. ანაკლიას შეუძლია იყოს ხიდი აზიასა და კონსტანცას შორის, რომელიც თავის მხრივ იქნება ხიდი ევროპაში“, - მიიჩნევს კონსტანცას პორტის გენერალური მენეჯერი, ნიკოლაი დან ტივლიკი.

 

აღსანიშნავია, რომ კონსტანცას პორტი შავი ზღვის აუზის სანაპიროს ერთ-ერთი უმსხვილესი პორტია, რომელიც შავი ზღვის დასავლეთ სანაპიროზე, რუმინეთში, 4000 ჰექტარზეა განლაგებული და წელიწადში 100 მილიონი ტონა ტვირთის გამტარუნარიანობა აქვს.

 

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენლები „თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმის ფარგლებში რეგიონული დერეფნის კორიდორის კიდევ 2 მსხვილ პორტთან გეგმავენ მემორანდუმის გაფორმებას.

 

ავტორ(ებ)ი : commersant.ge