Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

11:12 29.11.2017
28-29 ნოემბერს, გიორგი კვირიკაშვილის პატრონაჟით თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი ტარდება

2017 წლის 28-29 ნოემბერს, საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის პატრონაჟით ტარდება თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი. 2017 წლის ფორუმი 2015 წლის თბილისის აბრეშუმის ფორუმის გაგრძელებაა და წარმოადგენს მაღალი დონის სამთავრობო და ბიზნესის ბიზნესთან დიალოგის და, ასევე, სახელმწიფოებს, ორგანიზაციებსა და ბიზნესებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრების პლატფორმას. 2017 წლის აბრეშუმის გზის ფორუმზე დასასწრებად თბილისში ჩამოდის 34 ოფიციალური დელეგაცია, 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-მდე დელეგატი.

 

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში 29 ნოემბერს 10.15 საათზე სასტუმრო „ბილტმორ“-ში გაიმართება პანელი: გამოიყენე საინვესტიციო შესაძლებლობები (1-ლი სესია: საქართველოს საინვესტიციო და სავაჭრო შესაძლებლობები), რომელსაც მოდერატორობას გაუწევს ცნობილი მედიაკონსულტანტი იან ბიურელი. პანელში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, საინვესტიციო ჯგუფ  BGEO-ის გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ გელენიძე,  JSC Nenskra Hydro-ის ვიცე აღმასრულებელი დირექტორი ტაიკვონ სეო, Silk Road Group-ის დამფუძნებელი და თავმჯდომარე გიორგი რამიშვილი და The Bitfury Group-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორი ვალერი ვავილოვი.

 

პანელი მოხსენებების შემდეგ დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდება, ამასთან მონაწილეები უპასუხებენ დასმულ შეკითხვებს. პანელზე მოხდება შემდეგი საკითხების განხილვა: საქართველოში ინვესტირებისათვის არსებული მიმზიდველი  ლიბერალური ბიზნესგარემო (ბიზნესის კეტების სიმარტივე, კორუფციის არარსებობა, შეღავათიანი სავაჭრო ხელშეკრულებები, დაბალი გადასახადები და სხვა); საზღვარზე მაღალკვალიფიციური სასაზღვრო კონტროლი საერთაშორისო მოგზაურებისა და პროდუქციისთვის; სახელმწიფოს მხრიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მტკიცე მხარდაჭერა; დივერსიფიცირებული საინვესტიციო გარემო.

 

პანელზე განიხილება და ხაზი გაესმება საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და შესაძლებლობებს, რაც თავის მხრივ გაზრდის ინფორმაციულობას სხვადასხვა სექტორში საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. ამასთან, კერძო სექტორს მიეცემა გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა, გამოვლინდება ინვესტირების პოტენციური მსურველები.

 

 

 

 

 

 

 ზოგადი ინფორმაცია

 

საქართველო, სტრატეგიული მდებარეობის გამო, ეკონომიკური კავშირების ბუნებრივი ცენტრია. მცირე ზომის მიუხედავად, ვაჭრობის ლიბერალიზაციისა და მსოფლიოს წამყვან ბაზრებზე ინტეგრაციის შედეგად საქართველომ მნიშვნელოვნად გაზარდა მოთხოვნა ქვეყანაში წარმოებულ პროდუქციაზე: ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ევროკავშირთან; თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება თურქეთსა და დსთ-ს ქვეყნებთან; თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ევროპის თავისუფალის ვაჭრობის ასოციაციასთან (შვეიცარია, ისლანდია (ამოქმედდა), ნორვეგია (ამოქმედდა) და ლიხტენშტეინი); თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ჩინეთთან (ამოქმედდება 2017 წლის ბოლოს); მიმდინარეობს მოლაპარაკებების მომზადება ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებაზე.

 

ლიბერალური და ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს გამო, საქართველოში მიმზიდველია ბიზნესის წარმოება: ერთიანი საგადასახადო სისტემა და საბაჟო ადმინისტრირება (კორპორაციული დაბეგვრის უახლესი რეფორმა: კომპანიებს მოგების გადასახადის გადახდა მხოლოდ განაწილებული მოგებიდან მოეთხოვებათ); კორუფცია - თავისუფალი და გამჭირვალე ბიზნეს გარემო; კვალიფიციური და შესაბამისად ანაზღაურებადი სამუშაო ძალა; სტაბილური და მზარდი ფინანსური სექტორი.

 

ინვესტირებისთვის ყველაზე ხელსაყრელი სექტორები: სასტუმროები და უძრავი ქონება, ტრანსპორტი და ლოჯისტიკა, ბიზნეს პროცესების  აუტსორსინგი, წარმოება, ენერგეტიკა;

 

საინვესტიციო პროექტები: საქართველოში ლოჯისტიკური ცენტრების განვითარება.

გერმანულმა კომპანიამ Dornier Consulting International-მა ადგილზე შეისწავლა საქართველოში ლოგისტიკური ცენტრების შექმნის მიზანშეწონილობა. კვლევამ ორი ადგილი გამოავლინა ლოგისტიკური ცენტრების მოსაწყობად - ერთი აღმოსავლეთ საქართველოში (კუმისი), ხოლო მეორე დასავლეთ საქართველოში (ქუთაისი).  კვლევამ შეისწავლა ლოგისტიკური ცენტრების ნიშა და ბაზარი, მოთხოვნა, გაკეთდა პროგნოზები, მომზადდა დეტალური ტექნიკური, ეკონომიკური და ფინანსური და, ასევე, გარემოსა და საზოგადოებრივი ზემოქმედების შეფასება.

საქართველოს მთავრობა აპირებს გამოაცხადოს ინტერესთა გამოხატვა ლოგისტიკური ცენტრების განვითარებაზე.

 

საზღვარზე ხორციელდება მაღალკვალიფიციური სასაზღვრო კონტროლი საერთაშორისო მოგზაურებისა და პროდუქციისთვის.

 

საქართველოს მთავრობის რეფორმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია ქვეყნის სივრცითი დაგეგმარება, რომელიც უზრუნველყოფს ერთნაირ ინფრასტრუქტურას საქართველოს ყველა რეგიონისა და სოფლისთვის და, ასევე, მოსახლეობისა და კერძო სტრუქტურებისთვის ძირითადი სერვისების ხელმისაწვდომობას.

 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge