Powered by Jasper Roberts - Blog

11:17 27.11.2017
რუსთავის თეატრში ჯემალ მაზიაშვილზე დაწერილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

რუსთავის თეატრის 50 -ე საიუბილეო სეზონის ფარგლებში 30 ნოემბერს, თეატრის ფოიეში გაიმართება, რუსთავის თეატრის ერთ-ერთი დამაარსებლის, ჯემალ მაზიაშვილის შემოქმედებისა და მოღვაწეობის შესახებ წიგნის „ჯემალ მაზიაშვილი“ წარდგინება, საპრემიერო სპექტაკლის  დასრულების შემდეგ კი  თეატრის წინ  ჯემალ მაზიაშვილის  ვარსკვლავი გაიხსნება.

 

წიგნის -  „ჯემალ მაზიაშვილი“  ავტორი  თეატრმცოდნე ვაჟა ძიგუაა, რომელიც  ეძღვნება ქართული თეატრის ღვაწლმოსილი მოღვაწის, რუსთავის თეატრის ერთ-ერთი დამაარსებლის ჯემალ მაზიაშვილის მიერ ღირსეულად განვლილ გზას. ეს გზა წინააღმდეგობითი დაძლევის, დაბრკოლებებთან გამკლავების, მსახიობის ურთულესი პროფესიისთვის თავშეწირვის, თეატრისადმი ფანატიკური სიყვარულის გამოვლინების სახიერი მაგალითია.

 

წიგნში ქრონოლოგიური პრინციპის დაცვით, თანმიმდევრულადაა მოთხრობილი ჯემალ მაზიაშვილის ბავშვობისა და ყმაწვილკაცობის წლების, თეატრალურ ინსტიტუტში სწავლების დროს მიღწეულ საგულისხმო ძიებების შესახებ, მარჯანიშვილის თეატრის კორიფე-მსახიობების მხარდამხარ, დამოუკიდებელ სასცენო ასპარეზზე პირველი ნაბიჯების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე.

 

წიგნი ვრცლად მიმოიხილავს და აანალიზებს ჯემალ მაზიაშვილის შემოქმედებითი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მონაკვეთს - რუსთავის თეატრში მიღწეულ წარმატებებს არა მხოლოდ სამსახიობო ასპარეზზე, არამედ თხუთმეტწლიანი დირექტორობის პერიოდში.

 

წიგნში ვკითხულობთ:

 

„თეატრების არსებობის ისტორიაში არცთუ ხშირი შემთხვევაა, როდესაც მოქმედი, ჯერ კიდევ საუკეთესო ფორმაში მყოფი მსახიობი დაიყოლიო, დირექტორობის თანამდებობა შეითავსოს. უფრო დიდი იშვიათობაა, როდესაც დასი ერთსულოვანია თეატრს მისმა კოლეგა-მსახიობმა უხელმძღვანელოს. ჯემალ მაზიაშვილის ბიოგრაფია ამითაცაა საინტერესო - 15 წელი უძღვებოდა ადმინისტრაციულ-შემოქმედებით საქმიანობის ქანცგამწყვეტ, უმადურ სფეროს, რაც საკუთარი ჯანმრთელობის შერყევის ფასადაც კი დაუჯდა. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, თუ როდის გაჰყო მან ნებაყოფლობით დირექტორობის თანამდებობის „ყულფში“ თავი, გმირის „წოდების“ მინიჭებასაც არ დავიშურებდი მისთვის.“

 

მონოგრაფიის მნიშვნელობას ზრდის სახელოვნებო სფეროში საზოგადოებისთვის ცნობილ პიროვნებათა შეფასებები ჯემალ მაზიაშვილის მოღვაწეობაზე. მკითველისთვის საყურადღებო უნდა იყოს თვით ჯემალ მაზიაშვილისეული თვალით დანახული კოლეგები, მეგობრები, ახლობლები... და ბოლოს, მისი ოჯახი. აქ თვალნათლივ იკვეთება მსახიობის ავტოპორტრეტი.

 

საგანგებო აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ წიგნის გამოცემა მიესადაგა სახელგანთქმული რუსთავის თეატრის დაარსებიდან 50 წლისთავს, რომლის სცენაზე არაერთი დიდებული მსახიობი თამაშობდა. რუსთავის თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელი ჯემალ მაზიაშვილი გახლავთ და რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, დღემდე ამ თეატრის არცერთ ლეგენდარულ მსახიობზე ცალკე მონორაფია არ გამოქვეყნებულა. წიგნი ბატონ ჯემალ მაზიაშვილზე პირველი მერცხალია ამ თვალსაზრისით და ბუნებრივია, ეს ნაშრომი  ესოდენ მნიშვნელოვან თარიღს ეძღვნება.

 

მონოგრაფია უხვადაა ილუსტრირებული და აქაც ქრონოლოგიური პრინციპია გამოყენებული. წიგნის რედაქტორი დავით მაზიაშვილი გახლავთ, კორექტორი რომან ძიგუა, გარეკანის მხატვრობა ეკუთვნის მხატვარ ბესიკ მაზიაშვილს. წიგნი დასტამბა გამომცემლობამ „24 საათი“ და გამოსცა ჯემალ მაზიაშვილის ოჯახმა.

 

 

ჯემალ მაზიაშვილი

 

ჯემალ  მაზიაშვილი 1938 წელს თბილისში დაიბადა. დაამთავრა პირველი კლასიკური გიმნაზია. თეატრალური ინსტიტუტის დასრულების შემდეგ იყო მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი. 1967 წელს, მარჯანიშვილის თეატრიდან წამოსვლის შემდეგ, ჯემალ მაზიაშვილი რუსთავის თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელია.

 

ჯემალ მაზიაშვილს მარჯანიშვილისა და რუსთავის თეატრის სცენებზე   მრავალი დასამახსოვრებელი როლი აქვს შესრულებული.1991 წლიდან 2005 წლამდე იყო რუსთავის თეატრის დირექტორი და დიდი წარმატებით უძღვებოდა თეატრის ადმინისტრაციულ-შემოქმედებით საქმიანობას.

 

1979 წელს, უნგრეთიდან მოწვეული შემოქმედებითი ჯგუფის მიერ განხორციელებულ სპექტაკლში - „ის ლამაზი, მზიანი დღე“ - ჯემალ მაზიაშვილის მიერ ძულას როლის შესრულება, უნგრეთის პრეზიდიუმის საპატიო სიგელით აღინიშნა.

 

1979 -80 წ.წ. სეზონის მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულების ჯილდო ჯემალ მაზიაშვილს ერთპიროვნულად მიაკუთვნეს - დათიკო მეგრელიშვილის როლის განსახიერებისთვის გ. ბათიაშვილის პიესაში „ვალი“.

 

1980 წელს ჯემალ მაზიაშვილს რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის წოდება მიანიჭეს.

 

1998 წელს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ჯემალ მაზიაშვილს ღირსების ორდენით აჯილდოვებენ. იმავე წელს რუსთავის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის „ოქროს ნიღაბი“ დაფუძნებისა და მაღალ დონეზე ჩატარებისთვის საქართველოს პრეზიდენტის საპატიო სიგელი გადასცეს.

 

2003 წელს ჯემალ მაზიაშვილის რუსთავის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს.

 

 

რუსთავის თეატრის 50 -ე საიუბილეო სეზონის ფარგლებში 30 ნოემბერს, სოსო ნემსაძის მიერ დადგმული სპექტაკლის ,,კვარტეტი“ პრემიერასთან ერთად თეატრის ფოიეში გაიმართება, რუსთავის თეატრის ერთ-ერთი დამაარსებლის,  ჯემალ მაზიაშვილის შემოქმედებისა და მოღვაწეობის შესახებ წიგნის „ჯემალ მაზიაშვილი“ წარდგინება, საპრემიერო სპექტაკლის  დასრულების შემდეგ კი  თეატრის წინ  ჯემალ მაზიაშვილის და თეატრის დამფუძნებელი კიდევ ორი მსახიობის  ირაკლი ბექაიასა და ნათელა მუხულიშვილის ვარსკვლავები გაიხსნება.

 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge