Powered by Jasper Roberts - Blog

13:02 25.11.2017
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დღეს აშშ-ის ნაკრებს დაუპირისპირდება

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დღეს ნოემბრის დასკვნით ტესტ-მატჩს გამართავს. ქართველი მორაგბეები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე აშშ-ის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. 


თამაშის წინა დღეს მეტოქეებმა ვაკის სტადიონზე ტრადიციული კაპიტნის ვარჯიში ჩაატარეს, გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა კი პრესკონფერენცია გამართეს. 



წინა ორი ტესტ-მატჩისგან განსხვავებით, "ბორჯღალოსნების" სასტარტო თხუთმეტეულში ხუთი ცვლილებაა. სათადარიგო შემადგენლობაში სამი ახალი მოთამაშე 23-კაციან განაცხადში ამ შემოდგომაზე პირველად მოხვდნენ.



ასევე აღსანიშნავია, რომ ნაკრებში დღეს მეასე შეხვედრას ჩაატარებს გიორგი ჩხაიძე. აქამდე "ბორჯღალოსნების" 28-წლიან ისტორიაში 100 მატჩიანი ზღვარი ორმა მორაგბემ მერაბ კვირიკაშვილმა და დავით კაჭარავამ გადალახეს. 



საქართველოსა და ამერიკის ნაკრებები აქამდე ერთმანეთს ხუთჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც ორჯერ გამარჯვება "ბორჯღალოსნებმა" მოიპოვეს, სამჯერ კი ამერიკელებმა. 



აშშ-ის ნაკრებთან ქართველი მორაგბეების დაპირისპირება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 18:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს ტელეკომპანია "იმედი" წარმოადგენს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge