Powered by Jasper Roberts - Blog

12:07 24.11.2017
დამხობილი ღმერთები, ძველი დიდების აჩრდილი და არ შემდგარი დღესასწაული! პრემიერა რუსთავის თეატრში!

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიული დრამატული თეატრი პრემიერისთვის ემზადება. თეატრის ახლად დანიშნული სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი სოსო ნემსაძე ოსკარის მფლობელი ცნობილი ბრიტანელი დრამატურგისა და სცენარისტის, რონალდ ჰარვუდის ,,კვარტეტს“, რომლის ქართული ვერსიის ავტორიც თამაზ გოდერძიშვილია,  სწორედ თეატრის დაარსების დღეს, 30 ნოემბერს წარმოადგენს. ამავე დღეს, რუსთავის თეატრის დამფუძნებელი 3 მსახიობის ვარსკვლავავები გაიხსნება.


სიმბოლურია, რომ ამ დღისთვის რეჟისორმა სწორედ  ,,კვარტეტი“ შეარჩია,  პიესის ავტორს რონალდ ჰარვუდს  ეპიგრაფად შემდეგი სიტყვები აქვს წამძღვარებული:  ,,ეს პიესა ოთხი ვარსკვლავი მსახიობისთვისაა დაწერილი, იმათთვის, ვინც თეატრში საუკეთესოა.. სადაც არ უნდა იყოს ეს თეატრი..“


რა ხდება მაშინ, როდესაც დიდებული დღეები ერთ დღესაც წარსულად იქცევა  და მისი გახსენება ცნობილ ხელოვანებს აწ უკვე მოხუცთა თავშესაფარში უწევთ.  ტკბილი მოგონებების საღერღელს ჯუზეპე ვერდის დაბადების დღის სამზადისი უშლით,  როდესაც მათ ოპერა ,,რიგოლეტოდან“ კვარტეტის შესრულებას ავალებენ. სწორედ რეპეტიციების დროს  იხსენებენ ისინი რთულ და ამავე დროს  სასიამოვნო წარსულს. მიეცემა თუ არა ძველ თანავარსკვლავედს მაყურებლის წინაშე ძველ ამპლუაში წარდგომა, ამას უშუალოდ სპექტაკლზე მისული მაყურებელი იხილავს.


სოსო ნემსაძის  სპექტაკლში: ,,კვარტეტი“ რუსთავის თეატრის  ძველი თაობის მსახიობები: ირაკლი ბექაია, გია ტყეშელაშვილი, ბადრი კაკაბაძე, გალინა კიკნაძე, ნათელა მუხულიშვილი და ახალგაზრდა მსახიობი  ლუკა ციხისთავი მონაწილეობენ. სპექტაკლის სცენოგრაფიაზე თავად რეჟისორმა იმუშავა, კოსტუმების მხატვარი თამარ მალაზონიაა, მუსიკალური გაფორმება კი კომპოზიტორ ნატო თოთიბაძეს ეკუთვნის.


რუსთავის თეატრი 1967 წლის 30 ნოემბერს გიგა ლორთქიფანიძის მიერ დადგმული სპეტაკლით - ედმონ როსტანის ,,სირანო დე ბერჟერაკით“ გაიხსნა. მისი დასის წევრები მარჯანიშვილის თეატრიდან კონფლიქტის საფუძველზე წამოსული 26 კაციანი შემადგენლობა იყო.


2017 წელი რუსთავის თეატრისთვის საიუბილეოა, ამიტომ მიმდინარე სეზონს სრულიად ექნება საიუბილეო დატვირთვა. 30 ნოემბერს, საპრემიერო სპექტაკლის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე რუსთავის თეატრის ფოიეში გაიმართება რუსთავის თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელი მსახიობისა და წლების მანძილზე ამავე თეატრის დირექტორის ჯემალ მაზიაშვილის შემოქმედებისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის შესახებ წიგნის პრეზენტაცია. წიგნის ავტორი თეატრმცოდნე ვაჟა ძიგუაა, გარეკანის მხატვარი კი ბესიკ მაზიაშვილია.
 

30 ნოემბრის დღის განრიგი: 18.30 სთ - რუსთავის თეატრის ფოიე- ჯემალ მაზიაშვილის წიგნის პრეზენტაცია. 19.00 სთ, ახალი თეატრალური სივრცე -,, ცისფერი დარბაზი“- პრემიერა სპექტაკლისა ,,კვარტეტი“.


20.40 სთ- რუსთავის თეატრის მსახიობების - ნათელა მუხულიშვილის, ირაკლი ბექაიას და ჯემალ მაზიაშვილის ვარსკვლავების გახსნა თეატრის შესასვლელში.


,,კვარტეტის“ საპრემიერო ჩვენება 30 ნოემბერს, 1 და 3 დეკემბერს, 19.00 სთ-ზე, რუსთავის თეატრის ცისფერ დარბაზში შედგება.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge