Powered by Jasper Roberts - Blog

15:54 20.11.2017
„ზღაპარი სიკეთეზე, ბოროტებაზე, სიყვარულზე, სიძულვილსა და ბედისწერაზე“–ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში პრემიერა გაიმართება

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში უჩვეულო სპექტაკლის პრემიერა 22 ნოემბერს 19 საათზე შედგება.


რეჟისორმა გურამ ბრეგაძემ კარლო გოცისა და ფრიდრიხ შილერის კლასიკური პიესა „პრინცესა ტურანდოტი“ სრულიად ახლებურად გაიაზრა და საკუთარი ინტერპრეტაციით სთავაზობს მოზარდ მაყურებელთა თეატრის მაყურებელს. რეჟისორმა შეინარჩუნა იტალიური კომედია დელ არტეს პრინციპი, თუმცა მისეულ სცენურ ვერსიაში უხვად არის თანამედროვეობისთვის დამახასიათებელი ელემენტები, თუნდაც კარაოკე, რომლის მეშვეობითაც მაყურებელი აქტიურად ერთვება წარმოდგენის მსვლელობაში. უჩვეულო, მუსიკალური, ფერადი დეკორაციითა და კოსტიუმებით აღსავსე სპექტაკლი მოზარდ მაყურებელთა თეატრის მაყურებლისთვის ნამდვილი საჩუქარი გახდება.

 

წარმოდგენის სცენოგრაფია ლომგულ მურუსიძეს ეკუთვნის, კოსტიუმების მხატვარი - ეკატერინე კახაშვილი. სპექტაკლი მუსიკალურად ზურაბ ინგოროყვამ გააფორმა. ქორეოგრაფი - გია მარღანია.


სპექტაკლში მონაწილეობენ: თამარ ტყემალაძე, სერგო შვედკოვი, დავით ხახიძე, ირაკლი გოგოლაძე, მამუკა ბოგვერაძე, ვასილ ამურველაშვილი, ლევან გვაზავა, ბადრი გვაზავა, ნინო ლორთქიფანიძე, სალომე წურწუმია, სოფო ახუაშვილი, რატი გოგუაძე.

 

 

სპექტაკლი განხორციელდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge