Powered by Jasper Roberts - Blog

14:10 15.11.2017
„ჩემი შემოქმედება ფიქრებისა და ემოციების ქაღალდსა და ტილოზე ასახვაა“–ქეთი ბარიხაშვილის გამოფენა „ლურჯი ღილი“

7 ნოემბერს, საფრანგეთში, ქალაქ ფხენში, საზოგადოებრივ - კულტურულ ცენტრში, ქეთი ბარიხაშვილის  - "un button blue", "ლურჯი ღილი" – გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე ხელნაკეთი, დეკორატიული ხელოვნების ნამუშევრებია წარმოდგენილი. 

 

ახალბედა ხელოვანი ეთნიკური ქართველია აზებაიჯანიდან – ისტორიული ჰერეთიდან. განსაკუთრებული ფერთა შეხამება, კრეატიული დეტალები და სიცოცხლის ფერები – მისი შემოქმედება  ფიქრებისა  და  ემოციების ქაღალდზე ან ტილოზე ასახვაა.  ბოთლის თავსაფარი, დეკორატიული ქვა, ყვავილები, ბამბის ძაფი, აკვარელი – ეს იმ მასალის მცირე ჩამონათვალია, რომელსაც მხატვარი ნამუშევარის შესაქმნელად იყენებს. ქანდაკებების, პორტრეტების, ფერწერული ნახატების შექმნას ერთი პატრა დეტალისგან იწყებს და ასე ქმნის განსხვავებულ და საოცარ ნამუშევრებს. გამოფენა საზოგადოებრივ - კულტურულ ცენტრში24 ნოემბრამდე გაგრძელდება.

 

ხელოვანი „ჯორჯიან თაიმსს“ საკუთარი ნამუშევრების შესახებ ესაუბრა.

 

თქვენს შესახებ მოგვიყევით, ვინ არის ქეთი ბარიხაშვილი?  


ვარ ეთნიკური ქართველი აზერბაიჯანიდან. დავიბადე  კახის რაიონში, ქართულ  ოჯახში. მხარეში, სადაც მოწყურებული ვიყავით სამშობლოს სიყვარულს,  ქართულ  სიტყვას,  დედა  ეკლესიას.  სამშობლო, რომელიც  საზღვარს  მიღმაა დარჩენილი,  სულ  რაღაც  200  კილომეტრის  მოშორებით, იმდენად მიუწვდომელი იყო, თითქოს კონტინენტი გვყოფდა. მშობლებს უამრავ პრობლემებთან უწევდათ  გამკვლავება, მაგრამ მიუხედავად სირთულეებისა და ბევრი წინაღობისა,(რაც მრავალი წელია აწუხებთ  აზერბაიჯანში ვცხოვრებ  ქართველებს) ქართულ ტრადიციებზე და  მსოფლმხედველობაზე აღგვზარდეს, როგორც  ეს  ჩვენს  მშობლიურ  მიწაზე წარმოგვედგინა.   

 

2012 წელს  ილიას  სახელმწიფო  უნივერსიტეტი დავამთავრე, კინო-ტელე რეჟისურის სპეციალობით. 2013 წელს ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა  ფაკულტეტზე ჩავაბარე. პირადი  მიზეზების  გამო, სტუდენტის  სტატუსი დროებით  შეჩერებული  მაქვს.  წელიწადი  და  ორი  თვეა საფრანგეთში ვცხოვრობ.   

 

–  როდის დაინტერესდით ამ სფეროთი რა ასაკიდან? როდის აღმოაჩინეთ თქვენი ნიჭი?


ხატვა ბავშვობიდან მიყვარდა, 2005 წელს ხატვის კონკურსში გავიმარჯვე, კონკურსში ყველაზე პატარა მონაწილე ვიყავი. დაჯილდოებაზე თბილისში ვერ ჩავედი, დიპლომი და გამომცემლობა  «ინტელექტის« საჩუქრები სახლში მივიღე. ახლაც  მახსოვს  ის  ემოცია. სიამაყის  გრძნობა  დამეუფლა. 

 

ეროვნულ  გამოცდებზე  შვიდი  ფაკულტეტიდან, ხუთი  სამხატვრო  აკადემიის ფაკულტეტი  მეწერა. შიდა  ტურები  წარმატებით  ჩავაბარე, მაგრამ   ეროვნული  გამოცდების  შედეგად  მოვხვდი  ილიას  უნივერსიტეტში.  მას  მერე ისე ხშირად  აღარ ვხატავდი, დროც ნაკლებად  მქონდა, სხვა აქტივობებით  ვიყავი უფრო დატვირთული.   

 

ამ  ზაფხულს  გარკვეული პერიოდი უფუნქციოდ  დავრჩი.  ბევრი არც მიფიქრია იმაზე, თუ როგორე შემევსო ჩემი თავისუფალი დრო.  ფანქარი და თაბახის ფურცლები ვიყიდე, მინდოდა რაღაც  განსხვავებული  გამეკეთებინა.  პირველი, რისი გაკეთების სურვილიც  გამიჩნდა, იყო  თოჯინა, მაგრამ  საიმისოდ მასალა  არაფერი მქონდა. მერე გადავწყვიტე დინამიკურ ფიგურამდე ეს ჯერ სიბრტყეზე  გამეკეთებინა. გავაკეთე  და ოჯახის წევრებს გავუზიარე. ასე განმეორდა რამდენიმე დღეს. მერე ყოველდღე მეკითხებოდნენ, აბა, დღეს რა გააკეთე. მეც ვცდილობდი ყოველდღე ცოტა განსხვავებული  გამეკეთებინა წინა ნამუშევარზე. ოჯახი ჩემი პირველი გულშემატკივარია.  

 

დეკორატიულ კაბებს  მოჰყვა ქანდაკებები, პორტრეტები, ფერწერული ნახატები. მასალად ვიყენებ ქსოვილს, დეკორატიულ ქვებს, ხეს, პლასმასს, ღილებს, კბილის და ყურის ჩხირებს, საღებავს. ერთ  ნამუშევარში გამოყენებული  მაქვს  ბოთლის  თავსაფრებიც.  

 

 

გამოფენის მთავარი იდეა რა იყო? მიზანი?

– გამოფენა სპონტანურად  დაიგეგმა. არც მიფიქრია ასე  მალე რომ მომეწყო.  ერთ ფრანგ მეგობარს ვაჩვენე ყველა ნამუშევარი, ძალიან  მოეწონა და იდეაც სწორედ მან შემომთავაზა.  

 

გამოფენის სახელი მე და მამამ ერთად შევარჩიეთ. «ღილი » პირდაპირ კავშირში იყო გამოფენასთან, ნამუშევრებში გამოყენებული მაქვს სხვადსხვა ფორმით. ასევე «ღილი» ფორმითაც და სიტყვის  აგებულებებითაც ასოცირდება ღილაკთან, რომელსაც უხვად ვხვდებით ყოველდღიურად, სხვადასხვა  ტექნიკაზე (ტელეფონზე,  კომპიუტერზე,  მანქანაზე და  ა.შ).  ღილაკზე დაჭერით ვრთავთ შუქს,  ტელეფონს, ვრეკავთ  ზარს, ანუ  ეს  არის  საწყისი  ახალი  მოქმედების, ახალი  მცდელობის. ჩემს გამოფენასაც, როგორც  საწყისს  ჩემი  ამ  სფეროში  მუშაობის, სიმბოლურად  დაიწყო   «ლურჯი  ღილით».  რაც  შეეხება  ლურჯი  ფერს, ქრისტიანულ  რელიგიაში  მას  განსაკუთრებული  მნიშვნელობა  აქვს, ეს ფერი ითვლება სულიერების  სიმბოლოდ. 

 

ნამუშევრების შესახებ  რომ მოგვიყვეთ.... მუზა როდის იბადება, როგორ ქმნით და რა მასალას მოიხმართ?


– მუზა შეიძლება გაჩნდეს პატარა ნივთიდან, ფერიდან, რაიმე ისტორიიდან, სადანაც ვიღებ მხოლოდ ერთ დეტალს და  იმაზე  ვქმნი პატარა ნამუშევარს. კარგი ნამუშევრის შექმნისათვის კი მუზა და  განწყობაა საჭირო. ჩემი  შემოქმედება ჩემი  ფიქრების და  ემოციების ქაღალდზე და ტილოზე ასახვაა.  

 

გამოფენის მთავარი მოწოდება (მესიჯი) რა იყო? 


– ამ გამოფენის მიზანი კონკრეტული მოწოდება არ ყოფილა, ეს გამოფენა უფრო სხვადასხვა შინაარსის ნამუშევრებს მოიცავს.  რაც შეეხება შემდეგ გამოფენას, რომლის იდეაც  და სახელიც უკვე  მოფიქრებულ მაქვს, კონკრეტული შინაარსის მატარებელი იქნება.

 

 

– რომ შეგეძლოთ, რას გააკეთებდით საკუთარი ნიჭის განვითარებისთვის?

 

– მომავალში თუ  მექნება საშუალება, მინდა  ამ  სფეროში მივიღო თეორიული  და  პრაქტიკულინარიული განათლება. სამხატვრო  განათლება არ  მაქვს, ფერებით  ხატვა  ახლა დავიწყე.  თავიდან  მეშინოდა, ჩემთვის უცხო იყო ეს ტექნიკა, მაგრამ  რომ  დავიწყე  არ  გამჭირვებია.  ფერები თვითონ  გვკარნახობს  კომბინაციას  და კონტრასტს.  ვმუშაობ საკუთარ  თავზე და  ვფიქრობ შემდეგ  გამოფენაზეც.   

 

 

„ჯორჯიან თაიმსი“ ქეთი ბარიხაშვილს წარმატებებს უსურვებს.

 

/ნინო ოთარაშვილი/


 

 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge