Powered by Jasper Roberts - Blog

16:49 13.11.2017
კევინ სპეისი ჰოლივუდმა გარიყა - როგორია კინოსამყაროს რეაქცია

ორი ოსკარის, ოქროს გლობუსის, BAFTA-სა და სხვა არა ერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი მსახიობის კარიერა დასასრულის ზღვარზეა. სექსუალური შევიწროების ბრალდებით, კევინ სპეისის წინააღმდეგ ღიად მოსაუბრე ადამიანების რიცხვი ნელ-ნელა იზრდება. შეუთანხმებელი შეხება და სექსუალური სახის კომენატრები - ბრალდემბლების ისტორიები ერთმანეთს ძალიან ჰგავს. ჯერჯერობით უცნობია, საქმის სამართლებრივი გაგრძელება, სპეისისპრესაგენტის განცხადებით, მსახიობს სიტუაციის შესაფასებლად და სამკურნალოდ დრო სჭირდება. ამ ეტაპზე სხვა ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის.

 

 

მსახიობს სექსუალურ შევიწროებაში პირველად ბრალი ენტონი რეპმა BuzzFeed-თან ინტერვიუში დასდო. 

 

‘’მას სახლში წვეულება ჰქონდა გამართული. თავის ოთახში ამიყვანა, ლოგინზე დამაგდო და ზემოდან დამაწვა", - ყვება ინტერვიუში ენტონი.

 

ენტონი რეპის თქმით, მაშინ სულ რაღაც 14 წლის იყო, როდესაც კევინმა წვეულებაზე მიიწვია და სასმელი შესთავაზა. კევინ სპეისი კი, 26-ის.

 

კევინ სპეისი აღნიშულ ფაქტს ტვიტერის საშუალებით გამოეხმაურა.


"გულწრფელად ვამბობ, რომ არ მახსოვს ეს ისტორია, რადგან 30 წელზე მეტი ხნის წინ იყო. ეს მთვრალი კაცის ქცევა იყო, თუმცა ამის გამო მაინც ბოდიშს ვუხდი ენტონის იმ საშინელი გრძნობებისთვის, რომელიც მან გამოიარა. ამ ისტორიამ მიბიძგა ცხოვრება შემეცვალა,"- წერს კევინ სპეისი

 

ამავე პოსტში კევინ სპეისიმ ქამინგ აუთი გააკეთა და განაცხადა, რომ გეია.

 

"ცხოვრების განმავლობაში მე მქონია სასიყვარულო და რომანტიული ურთიერთობები ქალებთანაც და კაცებთანაც. ახლა კი, ცხოვრების ამ ეტაპზე ვამბობ, რომ მირჩევნია ვიცხოვრო როგორც გეი კაცმა."

 

 

სპეისის განცხადება საზოგადოების დიდმა ნაწილმა დაგმო. აღიარების ფაქტს გამოეხმაურნენ ჰოლივუდის ცნობილი მსახიობები, უფლებადამცველები, პროფესორები, LGBTQ თემის წარმომადგენლები, ფსიქოლოგები, რომელთაც მსახიობი ღიად დაადანაშაულეს. მათი თქმით, კევინ სპეისიმ ამ ხერხით, უბრალოდ, სიტუაციის რეალური სიმძიმის განეიტრალება და დანაშაულის გადაფარვა სცადა. უფრო მეტიც, ამ აღიარებით საზოგადოებაში ჰომოფობიის გაღვივებასაც შეუწყო ხელი, რადგან ბავშვზე ძალადობა და ის ფაქტი, რომ გეია, ერთმანეთს დაუკავშირა.

 

როუს მაკგოვანი, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა დაადანაშაულა ჰარვი ვაინშტაინი სექსუალურ ძალადობაში, კევინ სპეისის განცხადებას "ტვიტერის" პოსტით გამოეხმაურა.

 

"მშვიდობით სპეის, ახლა შენი დროა, რომ იტირო. ჩვენ უნდა დაგემშვიდობოთ".


აგორებული სკანდალიდან რამდენიმე დღეში ‘’ნეტფლიქსმა“ ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული და პოპულარული სერიალი House of Cards დახურა. მაყურებლები სერიალის მე-6 სეზონის ნახვას 2018 წელს შეძლებენ, თუმცა ამის შემდეგ House of Cards აღარ გაგრძელდება. 

 

 

Netflix-მა სერიალის დახურვა არ იკმარა და ახალი პრომო პოსტერიდან კევინ სპეისის სახე ამოშალა. მე-6 სეზონის პოსტერზე მხოლოდ მსახიობი რობინ რაითია გამოსახული, რომელიც სერიალში ქლერ ანდერვუდის როლს ასრულებს. კევინ სპეისსა და კომპანია Netflix შორის სკანდალი ამით არ დასრულებულა. მსახიობი სექსუალურ შევიწროებაში ახლა მისმა კოლეგებმა და თანამშრომლებმა, სერიალ House of Cards-ის გუნდის წევრებმა დაადანაშაულეს. მიუხედავად იმისა, რომ მათ ვინაობის გამხელა არ ისურვეს, CNN-ს დაუდასტურეს, რომ კევინ სპეისი გადასაღებ მოედანზე უხეშად იქცეოდა და არაკორექტულ გამონათქვამებსაც არ ერიდებოდა. წყაროს ინფორმაციით, მსახიობი ძირითადად ახალგაზრდებით ინტერესდებოდა, რომლებიც კარიერას ახლა იწყებდნენ და შიშისა თუ სპეისის გავლენების გამო ჩუმად ყოფნას ამჯობინებდნენ, მათ შორის ერთ-ერთი სერიალის პროდიუსერის თანაშემწე იყო.



"ის გამუდმებით აკეთებდა კომენტარს ჩემი მისამართით, ხშირად ეს უხამსი და არაკოლეგიალური იყო. ვუთხარი, რომ ამის გამო თავს არაკომფორტულად ვგრძნობდი", - იხსენებს პროდიუსერის თანაშემწე.

 

 

მაყურებელი კევინ სპეისს ვერც რიდლი სკოტის ახალ ფილმში ნახავს, პრემიერიდან ერთი თვით ადრე სურათიდან კევინ სპეისის მიერ შესრულებული მთავარი გმირის ყველა სცენა ამოჭრეს. როლი კი ქრისტოფერ პლამერს გადასცეს. აღსანიშნავია, რომ ფილმი უკვე დასრულებული იყო და მისი პრემიერა 22 დეკემბერს იგეგმებოდა, შესაბამისად ცვლილების გამო კინოსურათის გამოსვლის თარიღი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. გაუქმდა საერთაშორისო სატელევიზიო აკადემიის მიერ დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებაც, სადაც კევინ სპეისისთვის საპატიო ემი უნდა გადაეცათ. შეწყვეტილი კონტრქტებსა და ჩაშლილი სალექციო კურსებს, ბოლო დღეების განმავლობაში ‘’ანგელოზთა ქალაქიდან’’ არა ერთი უარი დაემატა.

 

 

გამოძიების მხრიდან ჯერ დაუდასტურებელი ინფორმაციისა და ბრალდებების გამო, ჰოლივუდის ერთ დროს ყველაზე პოპულარული, გავლენიანი და აღიარებული მსახიობი ნელ-ნელა ქრება კინოსამყაროდან.

ავტორ(ებ)ი : 1tv.ge