Powered by Jasper Roberts - Blog

16:45 08.11.2017
საგამოძიებო სამსახურის უფროსი ლევან გამყრელიძე ლონდონში OECD-ის მე-5 საერთაშორისო ფორუმზე „გადასახადი და დანაშაული“ პრეზენტაციით წარსდგა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი ლევან გამყრელიძე სამუშაო ვიზიტით დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში იმყოფება, სადაც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ, მისი უდიდებულესობის შემოსავლების და საბაჟო სამსახურთან თანამშრომლობით (HM Revenue & Customs),  ორგანიზებულ მე-5 საერთაშორისო ფორუმში ,,გადასახადი და დანაშაული“ (Fifth Forum on Tax and Crime)  მონაწილეობს.

 

საგამოძიებო სამსახურის უფროსი ქალაქ ლონდონში გამართულ საერთაშორისო ფორუმზე პრეზენტაციით  წარსდგა და დამსწრე საზოგადოებას საქართველოში საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით არსებული მიდგომები გააცნო. ლევან გამყრელიძემ საგადასახადო და კორუფციულ დანაშაულთან ბრძოლაში საგამოძიებოს სამსახურის როლის შესახებ ისაუბრა.

 

,,მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა გაგაცნოთ საქართველოში საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულთან ბრძოლის მეთოდები, ამ  კუთხით უკვე მიღწეული შედეგები და არსებული გამოწვევები. ბოლო პერიოდში ჩვენ ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების პოზიტიური ტენდენციებია.  საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაული სახელმწიფოს ეკონომიკურ განვითარებას და სტაბილურობას უქმნის საფრთხეს. შესაბამისად, საგამოძიებო სამსახური მაქსიმალურად გააქტიურდება და განახორციელებს ეფექტიან ღონისძიებებს იმისთვის, რომ აღნიშნული სახის დანაშაული მინიმუმამდე დავიდეს. ამისთვის კი, მნიშვნელოვანია გავიზიაროთ დანაშაულთან ბრძოლის საერთაშორისო გამოცდილება, გავეცნოთ წარმატებულ მეთოდებს და საქართველოში დავნერგოთ ის მიდგომები, რაც მეტად ეფექტიანს გახდის საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულთან ბრძოლას“, - აღნიშნა ლევან გამყრელიძემ.

 

ფორუმის მონაწილეებმა საგადასახადო და ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიან მეთოდებზე იმსჯელეს და სხვადასხვა ქვეყანაში აღნიშნული მიმართულებით მოქმედ სამართალდამცავ ორგანოებს შორის, მონაცემების გაცვლის  კუთხით, თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. 

 

ფორუმზე აღინიშნა, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები შესაძლებლობას იძლევა მოხდეს საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის გამოვლენის კუთხით სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების მიერ განხორციელებულ ღონისძიებათა სტრატეგიული, ორგანიზაციული და ფუნქციონალური ასპექტების ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე განხილვა. ეს ფინანსურ და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის ერთიანი და ეფექტიანი მიდგომების შემუშავებას შეუწყობს ხელს. ამასთან, ფორუმი წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას ანალოგიურ სამსახურებთან კავშირების დამყარების და თანამშრომლობის  ინიცირების, ასევე, უკვე არსებული პროფესიული ურთიერთობების გაღრმავების.

 

ფორუმის ფარგლებში, საგამოძიებო სამსახურის უფროსი ლევან გამყრელიძე  მსოფლიო ბანკის, ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროს კრიმინალური საგამოძიებო სამსახურის (FIOD) და მისი უდიდებულესობის შემოსავლების და საბაჟო სამსახურის (HM Revenue & Customs) წარმომადგენლებს შეხვდა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

 

მე-5 საერთაშორისო ფორუმს ,,გადასახადი და დანაშაული,“ რომელიც ლონდონში 7-8 ნოემბერს ტარდება,  სხვადასხვა ქვეყნის საბაჟო და საგადასახადო, კორუფციის და ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლი სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელი რგოლის წარმომადგენლები, მაღალი რანგის სტუმრები და ექსპერტები ესწრებიან. 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge